რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისს პირობა წაუყენა, რომლის შესრულების შემთხვევაში მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. როგორც სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას განაცხადა, ამისთვის საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე უკანონო შესვლისათვის სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.
„როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ექნებათ, მას დაავიწყდა ეთქვა, რომ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მოქმედებს, რომლის თანახმად ყველა, ვინც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია ნამყოფი, სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება, მათ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ“, - განაცხადა ლავროვმა. მისი თქმით, ამ სასჯელს საქართველოში ამჟამად რუსეთის ორი მოქალაქე იხდის.
მისი თქმით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ორმხრივი უვიზო მიმოსვლისთვის, თუმცა მანამდე ეს კანონი უნდა გაუქმდეს. „წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად მიდიან და რა ემუქრებათ“, - აღნიშნა ლავროვმა და დასძინა, რომ მოსკოვის წინადადება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე პასუხი გახდა.




