რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

მოსკოვი არ აპირებს სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით პოლიტიკის შეცვლას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ საქართველოს პასუხს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით მათსავე წინადადებაზე. ”საქართველოში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობად რუსეთისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ გადაწყვეტილების უკან წაღება მოითხოვეს. ამდენად, თბილისი არ აპირებს გადახედოს 2008 წლის გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. არადა, ეს რეალურად შეუწყობდა ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგებას.”- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მარია ზახაროვამ და დასძინა: ”ჩვენს წინადადებებზე საქართველოს მხარის რეაქციამ დაადასტურა, რომ თბილისიდან გაჟღერებული განცხადებები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით დაინტერესებაზე მხოლოდ პროპაგანდისტული ხრიკია.”

საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მზადყოფნა მოსკოვში მას შემდეგ გამოთქვეს, რაც ოფიციალურმა თბილისმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. მაშინ, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსკოვი გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს, თუკი საქართველო უზრუნველყოფს მის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების სამართლებრივ დაცვას. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის” თანახმად, სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე  ნებისმიერი რუსეთის მოქალაქე, რომელიც ბოლო წლებში რუსეთის ტერიტორიიდან იყო შესული აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში. მოსკოვში კანონის ამ მოთხოვნის გადახედვა მოითხოვეს და გამოვიდნენ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით.  თბილისში განაცხადეს, რომ რუსეთსა  და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა აღდგება მაშინ, როცა რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

 

კომენტარები