კონტროლის პალატა

ქართუ ბანკი 822 040 ლარით დააჯარიმეს

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, "კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის გამო", "ქართუ ბანკი" უკანონო შემოწირულობების ათმაგი ოდენობით - 822 040 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ”ქართუ ბანკის” თანამშრომლებისთვის დიდი ოდენობით პრემიის ჩარიცხვას, ამ თანხის საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებაში” გადარიცხვის მიზნით. როგორც ცნობილია, ფაქტების შესახებ თავად ”ქართუ ბანკის” თანამშრომლებისგან: ქუდაძისგან და ხუხუნეიშვილისგან გახდა ცნობილი. მათ უარი თქვეს საკუთარ ანგარიშებზე დარიცხული თანხის ”ქართული ოცნების” ანგარიშზე გადარიცხვაზე, რაც ჯამში 82 304 ლარს შეადგენდა.  კონტროლის პალატამ ”ქართუ ბანკი” სწორედ აღნიშნული თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილებას ” ქართუ ბანკის” პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ”უსამართლო და აბსურდული” უწოდა.” ჩვენ გვეკრძალება გადარიცხვა – არც გადაგვირიცხავს. თუ გაცემული პრემიები გადაირიცხებოდა, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა რამეზე საუბარი. გვაჯარიმებენ იმ თანხების გამო, რომლებზეც ქალბატონ მოგელაძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლება მომავალში გადარიცხულიყო,"- უთხრა  ჯავახიშვილმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს". 

 

კომენტარები