სირია

უნივერსალური მართლმსაჯულება სირიის მაგალითზე

სირიის მთავრობის წევრებს ათასობით ადამიანის დახოცვისთვის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევთ. გაეროს ოფიციალური განცხადების თანახმად, თანამდებობის პირების საიდუმლო სიის სათავეში პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადია.

სირიის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გადაწყდეს რომელი მართლმსაჯულების ორგანოს კომპეტენციაში შედის მათი საქმის განხილვა: შიდა სასამართლოების, ICC-ის, სპეციალურად შექმნილი ტრიბუნალის, თუ უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპით – სხვა ქვეყნის სასამართლოს ფუნქციაა.

სირია არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია, ასადის უშიშროების ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არ ვრცელდება. ICC-მ რომ ეს დანაშაულები განიხილოს, მას გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიმართოს საქმის განხილვის მოთხოვნით, რასაც ჩინეთისა და რუსეთის ვეტო აფერხებს.

ასადს და მისი მთავრობის წევრებს ბრალს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის წაუყენებენ. ეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ უმძიმეს დანაშაულს წარმოადგენს. გამოძიებასა და განხილვაზე უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპი ვრცელდება. სახელმწიფოს უფლება აქვს დასაჯოს ამ დანაშაულების ჩამდენი ნებისმიერი პირი, მიუხედავად დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დამნაშავის მოქალაქეობისა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაახლოებით თხუთმეტმა ქვეყანამ განიხილა საქმე უნივერსალური იურისდიქციის გამოყენებით. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1998 წელს, ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის აუგუსტო პინოჩეტის ესპანეთში დაკავება იყო. მას წამების, მკვლელობებისა და რეპრესიებისთვის წაუყენეს ბრალდება. ეს პირველი შემთხვევაა საერთაშორისო სამართლის ისტორიაში, როდესაც ევროპულმა სასამართლომ სხვა ქვეყნის მეთაურის გასამართლება საკუთარ თავზე აიღო. შეიქმნა უნივერსალური მართლმსაჯულების პრინციპის გამოყენების პრეცედენტი.

უნივერსალური იურისდიქციის შესახებ XIX საუკუნის დასასრულიდან დღემდე დისკუსია მიმდინარეობს. კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოები, დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად, თავს იკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ მართლმსაჯულების განხორციელებისგან. უმეტეს შემთხვევაში, ეს პრინციპი მესამე სამყაროს ქვეყნების მიმართ გამოიყენება.

უნივერსალური მართლმსაჯულების მოწინააღმდეგეების აზრით, ამ მიდგომით ქვეყნების სუვერენიტეტი ილახება – ვინაიდან, სხვა სახელმწიფოს არ აქვს უფლება განახორციელოს მართლმსაჯულება იმ საქმეზე, რომელიც მასთან დაკავშირებული არ არის. ამით ის მეორე ქვეყნის სასამართლოს კომპეტენციაში ერევა. ოპონენტების მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტის მიხედვით, უნივერსალური იურისდიქცია ქვეყნებს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოების განხორციელების საშუალებას აძლევს. მაგალითად, აშშ-ის საკამათო პოლიტიკისა და ქმედებების საპასუხოდ, გერმანიაში ამერიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის

წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ერაყში, აბუ გრეიბის ციხეში ომის დანაშაულების ჩადენაში სდებდნენ ბრალს.

ეს პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელებასა და დაუსჯელობასთან ბრძოლას ემსახურება. თუმცა პრაქტიკაში, მისი გამოყენება საერთაშორისო სამართლის სფეროს სცდება და პოლიტიკური გავლენების ქვეშ ექცევა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია კანადა, რომელიც ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების აქტებს პირველი შეუერთდა. ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ამ დანაშაულებზე უნივერსალური მართლმსაჯულებაა დადგენილი. თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ორი შემთხვევა გამოიძიეს – მაშინ როცა ოფიციალური პირების ინფორმაციით, კანადაში ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი 30 პირი ცხოვრობს.

უნივერსალური იურისდიქციის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ მისი გამოყენებით შესაძლებელია სხვა სახელმწიფოში განხორციელდეს მართლმსაჯულება და დაისაჯონ დამნაშავეები. მათი აზრით, ქვეყნებში, სადაც დანაშაული ჩაიდინეს, სასამართლო სისტემა ომის, კონფლიქტებისა თუ რესურსების უკმარისობის გამო, ვერ ფუნქციონირებს.

Amnesty International-ი მხარს უჭერს უნივერსალური იურისდიქციის განხორციელებას. ორგანიზაციის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ზოგიერთი დანაშაული იმდენად სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქვეყნების მოვალეობაა, დაუსჯელი არ დატოვონ სასტიკი დამნაშავეები.

კიდევ ერთ ინსტრუმენტი, რომელიც უნივერსალური იურისდიქციის პრინციპის მსგავსად, სხვა ქვეყნის სასამართლოს კომპეტენციის შეთავსებას გულისხმობს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა. მიუხედავად იმისა, რომ ICC დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს, მის საქმიანობაში ჩარევა გაეროს უშიშროების საბჭოს მდივანს მაინც შეუძლია. მას უფლება აქვს ერთი წლით შეაჩეროს სამართალწარმოება და განსახილველად გადასცეს საქმე, რაც მისი საქმიანობის პოლიტიზებას განაპირობებს. მაგალითად, ლიბიაში, რომელიც სირიის მსგავსად არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა, მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე ICC-მ მუამარ კადაფის, მისი ვაჟის და დაზვერვის სამსახურის მეთაურის აბდულა ალ-სენუსის დაპატიმრების ბრძანება გასცა. სამივე მათგანს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის წაუყენეს ბრალდება. ICC-ისა და უშიშროების საბჭოს ამ ნაბიჯს, შედეგად, კადაფისა და მისი თანამოაზრეების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების შეწყვეტა არ

მოჰყოლია. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დევნილ კადაფის, ხელი შეუშალა სტრატეგიული გამოსავლის პოვნაში. ქვეყანაში სისხლისღვრა ინტენსიურად გაგრძელდა. სწორედ ლიბიის შემთხვევას დაუკავშირა ჰილარი კლინტონმა თავის გამოსვლაში სირიის საქმის ICC-სთვის გადაცემის შეფერხება. მისი თქმით, მხოლოდ ჩინეთისა და რუსეთის ფაქტორი არ წარმოადგენს ბარიერს. ლიბიის გამოცდილებამ ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებს დაანახა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება შექმნილ ვითარებას ვერ მოაგვარებს.

ქვეყნების მეთაურების გასამართლება, როგორც წესი, ათობით წელი გრძელდება და განმხილველ სახელმწიფოს მილიონობით დოლარი უჯდება. ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ნება რომ არ არის საკმარისი, ამას ჩადის პრეზიდენტის, ჰაბრეს საქმეც ადასტურებს, რომელიც სენეგალში აფარებს თავს. Human Rights Watch-ი 1999 წლიდან მოითხოვს მის გასამართლებას. სენეგალის შიდა სასამართლოების უმოქმედობის გამო, ბელგიამ ჰაბრეს ექსტრადიციის მოთხოვნით 2009 წელს ICJ-ის მიმართა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბელგიასა და სენეგალს შორის ყოფილი პრეზიდენტის გასამართლების შესახებ დავა დღემდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ICJ ჰაბრეს ექსტრადიციის საკითხს 2012 წლის მარტში გადაწყვეტს.

რამდენი ხანი გაგრძელდება, ან რომელი ორგანო განიხილავს სირიის მთავრობის წევრების საქმეს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა პოლიტიკური სცენარის მიხედვით, თუ ასადი ან მისი მთავრობის წევრები, სირიიდან გაიქცევიან და, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს შეაფარებენ თავს, უნივერსალური იურისდიქციით, ინგლისური სასამართლო გამოუტანს განაჩენს. მეორე ვერსიით, თუ გაეროს უშიშროების საბჭომ მიმართა ICC-ის, მათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განსჯის.

კომენტარები