ოსკარი 2012

უნიჭო ოსკარი

„რაღაც დონეზე, გულის სიღრმეში, ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, რომ ეს სისულელეა”, – ეს სიტყვები ჯონ სტიუარტმა ოსკარის წაყვანისას თქვა. მას შემდეგ წლები გავიდა და კომიკოსის ნათქვამი სულ უფრო მეტად ემსგავსება სიმართლეს. 

2012 წლის ოსკარის წამყვანი ბილი კრისტალი იყო. მისმა დაბრუნებამ გააჩინა იმედი, რომ ოსკარის ცერემონია ისევ სახალისო, საინტერესო და სასაცილო გახდებოდა. შოუ ვიდეოკლიპით დაიწყო, სადაც ბილი კრისტალი ოსკარის ნომინანტ ფილმებში მოგზაურობდა. შემდეგ მან სიმღერით სცადა ხალხის გართობა. „მე დღეს ოსკარი მეცხრეჯერ მიმყავს, ასე რომ, შეგიძლიათ საომარი ცხენი მიწოდოთ”, – თქვა ბილი კრისტალმა თავის მონოლოგში. მთელი შოუს განმავლობაში, კომიკოსი, მოვალეობის მოხდის მიზნით, ამბობდა წინადადებებს, რომელსაც ალბათ თვითონაც არ უწოდებს ხუმრობას. კრისტალი მართლა ოსკარის საომარი ცხენი იყო, რომელსაც უკვე მობეზრდა ამდენი შოუ და ხალხის გართობა. ცერემონიის ნათელი წერტილი დიქტატორ ალადინის ფორმაში გამოწყობილი კომიკოსი საშა ბარონ კოენი გახლდათ. ის კიმ ჩენ ირის „ფერფლით” გამოცხადდა წითელ ხალიჩაზე და „თავისი მეგობარი” სადამ ჰუსეინის რჩევა გაუმხილა ხალხს. „რაც შეიძლება მალე იპოვეთ ბარი და გაერთეთ”, – ეს სიტყვები შარშან კევინ სპეისიმ თქვა და, როგორც ჩანს, ნიკ ნოლტს ჭკუაში დაუჯდა. მსახიობი ცერემონიის დასაწყისში უკვე შეწითლებული იყო და მთელი შოუს მანძილზე მხიარულ განწყობას ინარჩუნებდა, რაც ალკოჰოლის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. 

ზედიზედ მეორედ, ოსკარი ძალიან პროგნოზირებადი გამოდგა. კომპოზიტორმა ლუდოვიკ ბუსემ ყველა მნიშვნელოვან ფესტივალზე მოიგო ჯილდო „არტისტის” მუსიკისთვის და არც ოსკარი დაუთმო არავის. მიუხედვად იმისა, რომ მისი მეტოქეები ჰოვარდ შორი და ლეგენდარული ჯონ უილიამსი იყვნენ. სრულიად დამსახურებულად, საუკეთესო ანიმაციური ფილმი გორ ვერბინსკის „რანგო” გახდა. სამაგიეროდ, რობერტ რიჩარდსონის („ჰიუგო”) გამარჯვებულად გამოცხადება, ალბათ უსამართლობად უნდა ჩაითვალოს, მაშინ როდესაც ემანუელ ლუბეზკიმ, ტერენს მალიკის ფილმში „სიცოცხლის ხე” ოპერატორული მასტერკლასი ჩაატარა. რიჩარდსონის ოსკარი და „ჰიუგოს” ვიზუალურ ეფექტებში აღებული ოსკარი ორად-ორი მოულოდნელობა იყო. ვიზუალურ ეფექტებში უმთავრეს ფავორიტად „მაიმუნების პლანეტა” ითვლებოდა, თუმცა კინოაკადემიამ რატომღაც არ დააფასა ეს ფილმი. ასღარ ფარჰადის „გაყრა” საუკეთესო უცხოენოვანი სურათი გახდა. ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა ირანული ფილმის შანსებს, თუმცა ნამუშევარი იმდენად შთამბეჭდავია, რომ პოლიტიკური პრობლემები მეათასეხარისხოვანი გახდა. მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქტავია სპენსერი („მოსამსახურე”) და კრისტოფერ პლამერი („დამწყებები”) გამოარჩიეს. ოქტავია სპენსერი ძალიან აღელვებული იყო, ტრადიციულად ცოტა იტირა, ბევრი მადლობა თქვა და ოვაციების თანხლებით დატოვა დარბაზი. „ძვირფასო, შენ ჩემზე მხოლოდ ორი წლით უფროსი ხარ, სად იყავი ამდენ ხანს?” – ასე მიმართა კრისტოფერ პლამერმა კუთვნილ ჯილდოს, რომლის მოპოვებითაც 82 წლის მსახიობი უხუცესი ოსკარის ლაურეატი გახდა.  

114 ჯილდო, 116 ნომინაცია – ეს მერილ სტრიპის კინოკარიერაა ციფრებში, რომელიც წელს მესამე „ძია ოსკარის” ჯილდოთი გამდიდრდა. „რკინის ლედის” თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ცუდი ფილმი, უბრალოდ, სტრიპი – როგორც ყოველთვის – განუმეორებელია და მისი ოსკარი დამსახურებული. „როდესაც გამარჯვებულად გამომაცხადეს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნახევარი ამერიკის ხმა გავიგე: „ოოჰ, კარგი რა. ისევ ეს? აუფ... მაგრამ იცით რა... სულერთია”, – გაიხუმრა სცენაზე ასულმა სტრიპმა და თავისი ერთი ხუმრობით უფრო მეტი ადამიანი გააცინა, ვიდრე ბილი კრისტალმა მთელი შოუს მანძილზე. 

საუკეთესო მსახიობი, როგორც მოსალოდნელი იყო, ჟან დუჟარდინი („არტისტი”) გახდა. ყველაზე გულდასაწყვეტი დუჟარდინის ოსკარი კი არ არის, არამედ ის, რომ ფრანგი მსახიობი ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა და ამერიკაშიც უმთავრესი ფავორიტი იყო. ეს მაშინ, როდესაც წელს მაიკლ შენონმა („თავშესაფარი”), მაიკლ ფასბენდერმა („სირცხვილი”), რაიან გოსლინგმა („დრაივი”) თავიანთი სუპერპერფორმანსებით ნომინაციის მოპოვებაც კი ვერ შეძლეს. მთელი მსოფლიო შეიშალა მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმზე. „არტისტი”, შავ-თეთრი, მუნჯური სურათი და მართლა კარგი ნამუშევარია, მაგრამ ამდენ ჯილდოს და ყურადღებას ნამდვილად არ იმსახურებს. „არტისტი” საუკეთესო ფილმი გახდა, ჰაზანავიჩუსი – საუკეთესო რეჟისორი. კინოაკადემიის წევრებმა შარშანდელივით არაამერიკულ ფილმს მიანიჭეს უპირატესობა. მათ კვლავაც მარტივი, რეტროსურათი გამოარჩიეს, რომელზეც საზოგადოების აზრი ერთიანად პოზიტიურია და რეიტინგზე დადებითად აისახება. უბრალოდ, ოსკარი იმიტომ ითვლება კინოდაჯილდოებების მეფედ, რომ გამორჩეული უნდა იყოს, მასის აზრზე მაღლა უნდა იდგეს და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს არ უნდა ერიდებოდეს. ოსკარი არ უნდა ბერდებოდეს, ის „საომარი ცხენი” უნდა იყოს, რომელიც „არტისტულიც” იქნება, რომელსაც „შთამომავლობა” თუნდაც „შუაღამისას პარიზში” „ჰიუგოსთან” ერთად სიამოვნებით ნახავს და „საშინლად სასაცილო და წარმოუდგენლად საინტერესო” იქნება. 

კომენტარები