რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე და საპასუხოდ თავადაც გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს მოქალაქებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედოს, ოღონდ თუ საქართველოს მხარე  შესაბამისი სამართლებრივი ბაზით უზრუნველყოფს  საქართველოში რუსეთიდან შემოსული ამ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას. ამასთან, რუსეთის მხარემ საქართველოს შესთავაზა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც, „ველით ამ წინადადებებზე თბილისის რეაქციას,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში, რომელიც ამავე უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე  გამოქვეყნდა.

რა იგულისხმება ლუკაშევიჩის მიერ წამოყენებულ მოთხოვნაში - საქართველომ  შექმნას  მყარი სამართლებრივი ბაზა საქართველოში რუსეთიდან ჩასულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად? რუსული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე, რომელიც შევა საქართველოს ტერიტორიაზე და ამავდროულად ნამყოფია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დაექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ „ საქართველოს კანონის თანახმად.

„როცა სააკაშვილი „გულმხურვალედ“ იწვევს რუსებს საქართველოში და მათ „ მაქსიმალურად ხელსაყრელი  პირობების „ დახვედრებას პირდება, ცხადია, იცის, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის ძალითაც საქართველოში ჩამსვლელი რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომატურად სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება. ეს ეხება ყველას, ვინც უკანასკნელ წლებში ერთხელ მაინც იმყოფებოდა აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში, ეს შეეხება ნებისმიერ რუსეთის  მოქალაქეს, რომელიც ისვენებდა სოჭში და რამდენიმე საათით აფხაზეთში, რიწის ტბის სანახავად გაისეირნა,“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებაში.

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი 4

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებელია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ბ) ცხინვალის რეგიონში ( ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) გორის მუნიციპალიტეტის მიმათულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

კანონის ამ ნორმით, საქართველო რუსეთის მოქალაქეებს სთავაზობს ისარგებლონ ახლა უკვე უვიზო რეჟიმით და საქართველოში შემოვიდნენ ლეგალური გზით. 

 რაც შეეხება რუსეთის წინადადებას აღადგინოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები, ლუკაშევიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოს მხარე არ განიხილავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხს, სანამ ამ ქვეყანას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

“ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის არალეგალურ ნაბიჯებზე იყო პასუხი... რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და მოახდენს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ამ პროცესის უკანასკნელი საფეხურია“, -აღნიშნა კალანდაძემ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივა პრეზიდენტმა 28 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას წამოაყენა.  შესაბამისი ბრძანებულება მომდევნო დღესვე გამოქვეყნდა. პარლამენტში  გამოსვლისას კი  სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მჭიდრო კავშირს ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ, ამავე დროს, დაინტერესტებული ვართ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით. ვიცით, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ რუსეთი არის და ყოველთვის იქნება საქართველოს მეზობელი, რაც განაპირობებს ჩვენს წადილს დავამყაროთ მასთან მშვიდობა. ოღონდ, ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას.“

დასასრულს დავუბრუნდეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი დაინტერესებულია განმტკიცდეს კავშირი რუსეთისა და საქართველოს ხალხებს შორის. „ რუსეთი ყოველთვის მომხრე იყო ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების შენარჩუნების, ასევე ადამიანებს შორის კონტაქტების გამარტივების, საქართველოს ხელისუფლების სამხედრო ავანტიურამ 2008 წელს და საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ დააზარალა ეს კავშირები. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ აიღო კუსრი საზოგადოებაში რუსეთისგან მტრის ხატის შექმნისკენ, ქართული სკოლებიდან განდევნა რუსული ენა, მოახდინა ისტორიის გადაწერა, თითქოს საქართველო საუკუნეები განიცდიდა რუსულ ოკუპაციას.“- აღნიშნავს ალექსანდრ ლუკაშევიჩი. 

 

კომენტარები