სოციალური პროექტები

ნეტარ იყვნენ მოწყალენი

მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. (მათე 25; 37-40)

ამ ზამთარს საქართველოში ყინვამ ორი უსახლკარო ადამიანი იმსხვერპლა. ქუჩებში ხშირად შევხვდებით ბავშვებსა და მოხუცებს, რომელთაც საკვების მოძიება ნაგვის ურნებში უწევთ. ბოლო პერიოდში, დედების მიერ ნაგავში გადაყრილი ახლადდაბადებული ჩვილების ბედმა, კიდევ ერთხელ შეგვაწუხა. ქვეყანას ნახევარი მილიონი დევნილი ჰყავს. მოსახლეობის ერთი მესამედი სოციალურად დაუცველია და მკურნალობის სახსრები არ აქვს.

როგორც წესი, ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია, ყველაფერი ერთ დამნაშავეს – ხელისუფლებას დაბრალდეს. თუმცა ეს სინდისის დამშვიდება უფროა, ვიდრე პრობლემათა გადაჭრისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. ქვეყანაში საქველმოქმედო ორგანიზაციების წევრობა, კავკასიის ბარომეტრის 2007 წლის კვლევის მიხედვით, ნულოვან ნიშნულს უახლოვდება. გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ხელისუფლება უფრო ემპათიური, თუ სამოქალაქო სექტორი ამ მხრივ საერთოდ არ აქტიურობს.

აქტიური სამოქალაქო სექტორი, განსაკუთრებით კი რელიგიურ საფუძველზე შექმნილი საქველმოქმედო ორგანიზაციები, დასავლეთში სახელმწიფოზე უკეთ ახერხებენ სოციალური პროგრამების განხორციელებას. რელიგიურ ორგანიზაციებს უპირატესობა აქვთ საერო კოლეგებთან შედარებითაც. როგორც წესი, რწმენაზე დაფუძნებული ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანების დახმარების უფრო დიდი მოტივაცია აქვთ. 90-იანი წლებიდან ამერიკის მთავრობამ, საერო ორგანიზაციებთან ერთად, „რწმენაზე დაფუძნებული ინიციატივების” დაფინანსებაც დაიწყო. რელიგიურ ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ სოციალური პროგრამებისთვის სახელმწიფო გრანტი აეღოთ. ეს ნაბიჯი ამ მხრივ კონკურენციის განვითარებისკენაც იყო მიმართული. რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო სოციალურ პროექტებში მონაწილეობა, პრეზიდენტ ბუშის დროს კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო ობამას მმართველობის პერიოდში შენარჩუნდა.

ტაბულა საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების სოციალური პროექტებით დაინტერესდა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 30% საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც სწირავს ფულს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას ყოველწლიურად ორ ათეულზე მეტი მილიონი ერიცხება. ეკლესია შესაბამისი ნივთებით ვაჭრობაზე მოგების გადასახადიდანაც თავისუფლდება. ქართული მსხვილი კომპანიების უმრავლესობას კი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის დონორთა ჩამონათვალში იხილავთ.

ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის გასარკვევად, საპატრიარქოსთან დაკავშირება და აღნიშნულ თემაზე ოფიციალური კომენტარის მიღება, მრავალი მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა. სასულიერო პირებსა და საინფორმაციო ცენტრებზე დაყრდნობით გამოირკვა, რომ საპატრიარქოს აქვს ბავშვთა სახლები – ბათუმში, ზესტაფონში, წავკისსა და ნინოწმინდაში. ასევე ერთი უპოვართა თავშესაფარი თბილისში და ერთიც – წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი. თუმცა უკანასკნელი საქველმოქმედო საქმიანობად ვერ ჩაითვლება. საპატრიარქოს სამშობიარო სახლის დირექტორის (სამკურნალო დარგში), აკაკი ბაქრაძის თქმით – „ჩვენს სამშობიაროს არ აქვს განსაკუთრებული შეღავათები სოციალურად დაუცველი პირებისთვის, ისეთი შეღავათები გვაქვს, როგორც ყველა სხვა სამშობიაროს”. თუმცა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ განსხვავება სხვა სამშობიაროებთან შედარებით მაინც არის – „თუ პაციენტმა ფული ვერ გადაგვიხადა, ჩვენ არ ვუჩივლებთ, არადა, სხვები ჩივიან”.

რაც შეეხება საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდებს – ილია მეორეს მისივე სახელობის ფონდის მიზნების ჩამოთვლისას, არ უხსენებია სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება – „ფონდი იზრუნებს არა მარტო სულიერების განმტკიცებისთვის, არამედ კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარებისთვის, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისათვის”. ფონდი მუსიკალურ ფესტივალებს ატარებს, იკვლევს პარლამენტარიზმს მსოფლიოში, ეძებს ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარების გზებს. ამას გარდა, პროტესტანტ ქრისტიანთა ორგანიზაცია World Vision-ის დახმარებით ახორციელებს პროექტს, რის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს უწყობს – მაგალითად, ფილოლოგ ნანა კალანდაძესთან და პოეტ მიხეილ ტყებუჩავასთან, რომელსაც Youtube-ის მომხმარებლები „მებაღედ” იცნობენ.

ფონდი ანტინარკოტიკულ პროგრამასაც ახორციელებს. ჩატარდა საზოგადოების ნარკოდამოკიდებულების კვლევა. ეკლესიათა ახლოს ანტინარკოტიკული ცენტრები შეიქმნა, სადაც ტრენინგები ტარდება. დაარსდა მარტყოფისა და ფერისცვალების მონასტრების ნარკომანთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრები. როგორც ფონდის მთავარმა მენეჯერმა, ლაშა ჟვანიამ, საინფორმაციო-რელიგიურ ინტერნეტგამოცემა ამბიონს განუცხადა, „ფონდი ახორციელებს პროექტს “ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული”, რომლის ფარგლებშიც ფონდის ოფისში თვეში ორჯერ ბავშვთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართება, რომელშიც თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლების უმცროსკლასელები მონაწილეობენ. შემოსული თანხით სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს ეხმარებიან”. ამაზე მასშტაბურ საქველმოქმედო მიმართულებას მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად, ფონდის საიტზე ვერ იპოვით.

საქველმოქმედო ფონდი ლაზარე საპატრიარქომ 1994 წელს დააარსა და ის მრავალ ჰუმანიტარულ პროექტში იღებდა მონაწილეობას. მათ შორის, 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ მოსახლეობას პროდუქტებსა და პირველადი დანიშნულების ნივთებს გადასცემდა. ამ და სხვა პროექტების განსახორციელებლად, საპატრიარქოს ისეთი კონფესიების მიერ შექმნილი ორგანიზაციები აფინანსებდნენ, რომელთაც ამბიონიდან მართლმადიდებელი ეკლესია ხშირად მწვალებლებს უწოდებდა. მაგალითად: გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომიტეტი (UMCOR), შვეიცარიის პროტესტანტული ეკლესიების დახმარების ორგანიზაცია (HEKS EPER), კათოლიკური ორგანიზაცია Caritas Australia და ა.შ.

საქართველოს საპატრიარქოს დახურულობის გამო, შეუძლებელია ითქვას, არსებობს თუ არა იმგვარი საქველმოქმედო პროექტები, რომლებიც მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების ბაზაზე მიმდინარეობს. თუმცა სტატისტიკური მონაცემებით, მრევლის ჩართულობა, ეკლესიის დიდი პოპულარულობის მიუხედავად, ძალიან დაბალია. ერთჯერად საქველმოქმედო ღონისძიებებში, სასულიერო პირებს ღარიბებისთვის ტანსაცმლისა და საჭმლის შესაგროვებლად, მოსახლეობის მხოლოდ 4.4% ეხმარებოდა (G-PAC). მართლმადიდებელი ეკლესია მისი გავლენისა და შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს მიმართავს ქველმოქმედებაზე. უკანასკნელი წლების მანძილზე ის უფრო ეკლესია-მონასტრების მშენებლობაზე ხარჯავდა ფულს, ვიდრე სოციალურ პროგრამებზე.

აღმოსავლურ და დასავლურ ეკლესიებს შორის არსებული განსხვავება, შეიძლება რამდენიმეგვარად ავხსნათ. მართლმადიდებელი ეკლესია ტრადიციულად უფრო მისტიკაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე ამქვეყნიური პრობლემების გადაჭრაზე. მაგალითად, სომხური

სამოციქულო ეკლესიის საქველმოქმედო აქტიურობას საქართველოში, ძირითადად, შიდაკონფესიური ან ერთჯერადი ხასიათი აქვს. დასავლური ეკლესიები ყოველთვის უფრო მეტად იყვნენ მიმართულები განათლებასა და სოციალურ საკითხებზე, ვიდრე აღმოსავლელები. ამასთან, მონოლითურ, დომინანტ ეკლესიებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სოციალური მსახურების დაბალი მოტივაცია აქვთ. მათ პრივილეგირებული მდგომარეობის გამო არ უწევთ აქტიური მისიონერობის განხორციელება. მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც მისი მრევლია. პრივილეგირებული ეკლესიები, ნაკლები მობილობის გამო, კონკურენტუნარიანი არ არიან. ისინი ადვილად მარცხდებიან პატარა და აქტიურ რელიგიურ ჯგუფებთან. ლათინურ ამერიკაში კათოლიკე ეკლესია მნიშვნელოვნად მცირდება პროტესტანტების ზრდის ხარჯზე. საქართველოს საპატრიარქო, ამგვარი საფრთხის თავიდან ასარიდებლად, კონფესიათა დემონიზებისა და შეჩვენების გზას მიმართავს.

დასავლეთში საეკლესიო სოციალური პროგრამების განხორციელებას, საუკუნოვანმა რელიგიათშორისმა პლურალიზმმა შეუწყო ხელი. The Social Capital Community Benchmark Survey (SCCBS)-ის მიერ 2000 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ამერიკაში აქტიური მორწმუნეების მიერ ქველმოქმედებაში დახარჯული თანხა, არარელიგიურების მიერ გაცემულ შეწირულობაზე 1568$-ით მეტია. საშუალოდ, მორწმუნეები წელიწადში 2210$-ს ხარჯავენ ქველმოქმედებაზე, რაც კვლევის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლის 6% იყო. ღარიბი მოსახლეობა საკუთარი შემოსავლის უფრო დიდ პროცენტს გასცემს, ვიდრე მდიდარი.

ეკლესიებში არსებული მობილობისა და ქველმოქმედების მაგალითად, შეიძლება ამერიკელი მორმონების მაგალითი მოვიტანოთ. ყველა მორმონს ევალება, თვეში ორჯერ უარი თქვას საკვებზე და საკუთარი ეკლესიის საქველმოქმედო ფონდს ფული შესწიროს. ამგვარი სისტემა ეკლესიას დამოუკიდებლობას ანიჭებს და ქველმოქმედებას უფრო ეფექტურს ხდის. იუტას შტატის მორმონთა 3600 საკრებულოდან, წლიურად 200 მილიონი დოლარი გროვდება – დაახლოებით იმდენი, რამდენსაც შტატის ხელისუფლება ჯანდაცვაზე ხარჯავს.

საქართველოში ამ კონფესიათა წარმომადგენლები, მეტ-ნაკლებად ჩამორჩებიან მათ თანამორწმუნეებს. ამას შეიძლება ისიც განაპირობებს, რომ ჯგუფების დიდი ნაწილის საქველმოქმედო საქმიანობას დონორი ორგანიზაცია აფინანსებს.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში, საქველმოქმედო საქმიანობას ძირითადად დიაკონისელთა წმინდა ნინოს სახელობის ქალთა ორდენი ახორციელებს. ის მთელი საქართველოს მასშტაბით მოღვაწეობს და დაახლოებით ოთხასამდე მოხუცს უვლის. ბაპტისტურ ეკლესიას თბილისში ბეთელის ცენტრი აქვს, სადაც წლებია, მოხუცები ცხოვრობენ. მათი უმრავლესობა არაბაპტისტია. მოხუცებს ბაპტისტი მედიკოსები და მოხალისეები კვირაში რამდენჯერმე აკითხავენ. ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ბაპტისტების საქველმოქმედო ჩართულობას „ძალიან აქტიურად” ახასიათებს. თუმცა ფინანსურ საკითხებზე საუბრისას, ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ბაპტისტური ეკლესია ძირითადად უცხოელი დონორების შემოწირულობით ფინანსდება. დონორისადმი ანგარიშვალდებულება ხშირად საქველმოქმედო საქმიანობას აფერხებს – საკმარისი ფინანსური დამოუკიდებლობით ჯგუფი ვერ სარგებლობს. „მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში დახმარება აღმოგვიჩენია ეკლესიაში სხვადასხვა ტრაგედიით მოსული ადამიანისთვის, ადგილობრივი რესურსით ამ თანხის წარმართვას უკეთ შევძლებდით”. ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, მრევლს უჭირს სისტემატურად გაიღოს ფული, რომელიც ეკლესიის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის (ორმოცდაათიანური) საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის, ლელა ხონელიძის თქმით, მათი საქველმოქმედო საქმიანობის ძირითადი ნაწილი ადგილობრივ შემოწირულობაზე მოდის. მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი, ყოველთვიურად, ეკლესიის სოციალური მსახურებისთვის არის გამოყოფილი. „ქველმოქმედება ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელშიც მრევლის დიდი ნაწილი არის ჩართული. საქართველოში 120-მდე ეკლესია გვაქვს. ამ ეკლესიათა უმეტესი ნაწილის გარშემო შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები. ისინი ადგილობრივ მარტოხელა მოხუცებს უვლიან. მაგალითად, თბილისის ტერიტორიაზე 25-კაციანი მოხალისეთა ჯგუფი ათეულობით ოჯახში სისტემატურად დადის. ეკლესიას 9 წელია აქვს მოხუცთა თავშესაფარი. ბოლო ათი წლის განმავლობაში ისინი დაახლოებით 350 კაცს, თვეში ერთხელ, საკვები პროდუქტებით ეხმარებიან.

საქართველოში კათოლიკე ეკლესია სოციალურ მსახურებას ძირითადად ორი ორგანიზაციის – საერთაშორისო კათოლიკურ საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასისა და კამილიელთა ორდენის მეშვეობით ეწევა. კამილიელთა ორდენის მისია, ავადმყოფთა მოვლა და მკურნალობაა. თბილისში პოლიკლინიკა ამ ორდენის წარმომადგენლებმა 1998 წელს დააარსეს. სამი წელია აქ სოციალურად დაუცველ ადამიანებს უფასოდ ემსახურებიან. კლინიკაში მედიკოსებთან ერთად სამი კათოლიკე მონაზონი მუშაობს, რომელიც ათეულობით პაციენტს თბილისის გარეუბნებში სახლში აკითხავს და უვლის.

დედა კორინა საქართველოში 12 წლის წინ ჩამოვიდა. მას შემდეგ, ლოგინად ჩავარდნილ მოხუცებსა და ავადმყოფებს ეხმარება. ის წმინდა კამილოს მსახურ დედათა კონგრეგაციის წარმომადგენელია. კამილიელთა ორდენის ყველა მონაზვნის მსგავსად, მანაც აიღო

სამედიცინო სერტიფიკატი. თავდაპირველად აფრიკაში წასვლა სურდა, მაგრამ იერარქიამ საქართველოში გაანაწილა. ისიც, როგორც „ქრისტეს ჯარისკაცი”, თბილისის გარეუბანში დასახლდა. დედა კორინა ამბობს, რომ ინდოქტრინაციის დაბრალება მისთვის შეურაცხმყოფელია. „30 ადამიანიდან, რომლებსაც ვუვლი, მხოლოდ ერთია კათოლიკე, დანარჩენები – მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. როცა ვხვდები, რომ ადამიანი სიკვდილის პირას არის მისული, მის ახლობელს ვურჩევ, სახლში მოძღვარი მიიყვანონ, მომაკვდავმა აღსარება ჩააბაროს და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან”.

საქართველოს კარიტასი ქვეყანაში 16 წელია მოღვაწეობს. მისი დახმარებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, ამბულატორიული პაციენტები პირველადი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სპეციალურ პაკეტს იღებენ. მასში ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების კონსულტაცია, დიაგნოსტიკა, ლაბორატორიული ტესტები და სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის ძირითადი მედიკამენტებით უზრუნველყოფა შედის. კათოლიკური ორგანიზაცია ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს სახლშიც უვლის. მანვე დააფუძნა სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ ადამიანებს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს სთავაზობს.

კარიტასს ორი ბავშვთა თავშესაფარი აქვს. „ჩვენი სახლი” სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მოზარდებს ემსახურება. ხოლო მეორე, მცირე საოჯახო ტიპის სახლი, იმავე შენობის ეზოში მდგარ შენობაშია განთავსებული. ამ პროექტის ფარგლებში კარიტასი იმ მზრუნველობასმოკლებულ ბავშვებს უვლის, რომელთაც ბიოლოგიური მშობლები არ ჰყავთ. პროექტის მიზანი პატარებისთვის ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნაა. იმავე ტერიტორიაზე, კარიტასს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები აქვს. იქ 6-დან 18 წლამდე მოზარდებს უვლიან, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ან დევნილთა ოჯახებიდან არიან. მათ ფსიქოლოგიური ტრავმების გადალახვასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ჩართულობას სთავაზობენ. ამ ორგანიზაციის „ინდოქტრინაციაზე” საუბარიც ზედმეტია. რამდენიმე წლის წინ, კათოლიკურმა საქველმოქმედო ფონდმა ამ ახალგაზრდული კომპლექსის გვერდით მართლმადიდებლური ეკლესია ააშენა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ადგილობრივი მოზარდები ღვთისმსახურებას არ მოწყვეტილიყვნენ. კარიტასს აქვს შორმანძილზე გაშვილებისა და გადაუდებელი დახმარების პროექტები.

მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკე ეკლესიის საქველმოქმედო მისია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რელიგიური მსახურებაა, მრევლის შემოწირულობაზე ეკლესიის ფუნქციონირების ძალიან მცირე ნაწილი მოდის.

ხსნის არმიაში ქართველ ახალგაზრდებს, გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცებულებს ეხმარებიან. ამ ქრისტიანულ კონფესიას კვების პროგრამა – სიცოცხლის პური – გააჩნია. პირველადი მოხმარების მშრალი საკვები პროდუქტები 450 ბენეფიციარს ურიგდება: მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და გაჭირვებული სოციალური ფენის წარმომადგენლებს. ხსნის არმიის ხელმძღვანელები და მოხალისეები თბილისის ქუჩებში უსახლკაროებს ეძებენ და ცხელი სადილით უმასპინძლდებიან. ხსნის არმია სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის სასკოლო ინვენტარს და ტანისამოსსაც ყიდულობს. მოხალისეები მარტოხელა, გაჭირვებულ ან ინვალიდ მოხუცებულებს ეხმარებიან. ორგანიზაციას აქვს პროექტი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის შემწეობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, გასულ წელს ისინი ლაგოდეხის წყალდიდობითა და მიწისძვრით დაზარალებულებს დაეხმარნენ. ხსნის არმია საავადმყოფოებში, თავშესაფრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში სამედიცინო ჰუმანიტარულ ტვირთებს არიგებს.

 

კომენტარები