საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო მიესალმება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასკვნას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ დასკვნითი დოკუმენტის მიღებას მიესალმება, მის  განცხადებაში აღნიშნულია, რომ  გუშინ მიღებული   დოკუმენტი კარგად მეტყველებს უკანასკნელ დროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ ინტენსიფიკაციაზე.  საგარეო უწყება განმარტავს  , რომ  დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირი მიესალმება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან - საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან - ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ადასტურებს მზადყოფნას რეგიონში კეთილდღეობის, კანონის უზენაესობის, ეფექტური მმართველობის, რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობისადმი და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში აქტიური ჩართვისადმი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, ასევე ქვეყნის ძალისხმევას მდგრადი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისათვის.  საქართველოს საგარეო  უწყება მიესალმება კონფლიქტების თემაზე გაკეთებულ განცხადებას.  დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისდამი და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

http://www.tabula.ge/article-20073.html

კომენტარები