ანტიჩინურ პროპაგანდისტთა აკადემიური ფრთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლ კრუგმანი, Financial Times-ის მსოფლიოს 100 მოაზროვნის სიაში შევიდა. კრუგმანი ამტკიცებს, რომ ჩინეთი კონკურენტუნარიანობას უმეტესწილად იმის ხარჯზე ინარჩუნებს, რომ იქაური იუანის კურსი მიბმულია ამერიკულ დოლარზე. ეკონომისტის აზრით, დოლარის ინფლაციის პერიოდში, ამერიკის საექსპორტო მაჩვენებლის გაზრდისა და ჩინური იმპორტის შემცირების ნაცვლად, ამ უკანასკნელის პროდუქცია კიდევ უფრო იაფდება. ეს, რა თქმა უნდა, ტექნიკურად სწორი შენიშვნაა, თუმცა, შერჩევითად, ჩინური საქონლის 25%-ით დაბეგვრას მაინც არ ამართლებს. არ ვიცი ფლობს თუ არა მისტერ კრუგმანი iPod-ს ან Nike-ის ფეხსაცმელს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე პროდუქტის ფასი ჩინეთში აუთსორსინგის შესაძლებლობის გარეშე, საკმაოდ გაიზრდებოდა. მტკიცებულება, რომ მხოლოდ ჩინეთი ნახულობს მოგებას ამ გარიგებით, უხეში შეცდომაა: iPod-ის გაყიდვებიდან შემოსული მოგების, სულ ცოტა, 55% ამერიკაში ბრუნდება და თვის ბოლოს Apple-ის პროგრამულ დეველოპერებს, დიზაინერებს და მარკეტოლოგებს ერიცხება სახელფასო ანგარიშზე. რომ არა ჩინეთის ქარხნები, ამ უკანასკნელთა რიცხვიც და სახელფასო მაჩვენებელიც საგრძნობლად შემცირდებოდა. ანაც iPod-ი იმდენად ძვირი ეღირებოდა, რომ მის შეძენას მხოლოდ ერთეულები თუ შეძლებდნენ.
იმის ნაცვლად, რომ ამერიკამ ჩინეთში წარმოებულ პროდუქციაზე ტარიფები დააწესოს და თავისუფალი ვაჭრობა აღკვეთოს, ურჩევნია კონკურენტუნარიანობა სხვა რესურსების ხარჯზე გაზარდოს და ბაზრის უხილავ ხელს ენდოს. მომხმარებელი საუკეთესოდ გადაწყვეტს არსებული პროდუქტი სად, როდის, როგორ და რა ფასად შეიძინოს.
მეორე მხრივ, ამერიკას შეეძლება, საკუთარი კონკურენტული უპირატესობა სხვა მხრივ განავითაროს. იაფი მუშახელის ხარჯზე დაზოგილ რესურსებს ეს ქვეყანა, როგორც წესი, ინოვაციური ტექნიკის დანერგვაში აბანდებს. ეს ზრდის წარმოებას და დიფერენცირებულ ბაზარს ქმნის. დასაქმების შესაძლებლობა კი იზრდება.
თვალსაჩინოებისთვის ავიღოთ Nike, რომლის ქარხანა ამერიკაში აშენდა და წარმოება დაიწყო. შემდეგ ჩინეთმა უცხოური კომპანიების ქარხნებისათვის საზღვრები გახსნა და მათ ხელსაყრელი პირობები შესთავაზა. Nike-მაც დაშალა ქარხანა და იქ გადავიდა. დაახლოებით 10 ათასი ადამიანი სამუშაოს გარეშე დარჩა. უკმაყოფილო ხალხმა ბიზნესმენს პატრიოტიზმი დაუწუნა და საპროტესტო ტალღა ააგორა.
განვიხილოთ ამ პრობლემისადმი ორგვარი მიდგომა: მთავრობის ჩარევით, კერძოდ, უმუშევრებისთვის სოციალური დახმარების დარიგებით და მის გარეშე.
სოციალური დახმარების გარეშე, Nike-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურს კარგავს, უფრო მოტივირებული ხდება, საკუთარი კონკურენტუნარიანობა გაზარდოს. ბაზარზე მის მსგავსად კიდევ 9,999 ადამიანია დარჩენილი და ყველა იმავე პროფილით ეძებს სამსახურს. ამ შემთხვევაში, Nike-ის ყოფილი თანამშრომელი საკუთარ კვალიფიკაციაზე ზრუნვას აქტიურად შეუდგება. შედეგად, სამუშაო ბაზარზე დარჩება მეტად კვალიფიციური კადრი, რომელიც მუდმივად ცვლად საბაზრო პირობებს უფრო ზუსტად მოერგება.
აქ, როგორც წესი, ჩნდება კითხვა: რა ქნას ადამიანმა, რომელიც ოჯახში ერთადერთი შემომტანია, კარგავს სამსახურს და არ აქვს სახსრები იმისთვის, რომ კვალიფიკაცია აიმაღლოს? თავისუფალი ბაზარი ასეთ შემთხვევებშიც თვითმკურნალია. აუცილებლად შეიქმნება დამსაქმებელთა ბიუროები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, თვითონ დიდი კომერციული ფირმებიც დაიწყებენ ხელსაყრელი პირობებით მსურველების გადამზადებას.
ორივე სცენარი რეალობასთან უხეში მიახლოებაა, რადგან ბაზარი კომპლექსური მექანიზმია და უმეტეს შემთხვევაში ზუსტი გათვლების გაკეთება შეუძლებელია. თუმცა ცხადია, პირველ შემთხვევაში გვრჩება არაკვალიფიციური კადრი და გადასახადის გადამხდელთა არასწორად მიმართული რესურსები. მეორე შემთხვევაში – უფრო კვალიფიციური კადრი და რესურსები, რომელიც ამ კადრების პროფესიულ ზრდას მოხმარდება. ეს, თავისთავად, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც.
გარდა ამისა, ის ქვეყანა, სადაც აუთსორსინგი ხორციელდება, იაფფასიანი წარმოების ხარჯზე დროთა განმავლობაში სტრუქტურულ განვითარებას განიცდის. გაუმჯობესებულ პირობებში წარმოების ხარჯებიც თანდათან გაიზრდება. შეიძლება ინდუსტრიული სახელმწიფოების დონეს მალევე ვერ გაუტოლდეს, მაგრამ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ამერიკაა, მიმზიდველობა დაკარგოს. ამ
მაგალითად, ერთ-ერთმა ამერიკელმა ავეჯის მწარმოებელმა ქარხანა ჩინეთში გადაიტანა, მაგრამ დღესდღეობით წარმოების ამერიკაში დაბრუნებას გეგმავს. ეს განაპირობა ჩინეთში საათობრივი ანაზღაურების 50 ცენტიდან (2000 წელს) 3,5 დოლარამდე (2010 წელს) გაზრდამ, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურმა ბარიერებმა და ბაზარზე ამერიკული პროდუქციის მოთხოვნის მატებამ.
როგორც ეს მაგალითები აჩვენებს, ცნება – სხვისი სამუშაო ადგილები – არ არსებობს. ეს სამუშაო იმდენად არის ჩინეთის, რამდენადაც – ამერიკის. მხოლოდ ის ფაქტი, რომ კომპანიას ამერიკული ფესვები აქვს, არ უნდა გახდეს ამ წარმოების იქვე დატოვების აუცილებელი პირობა.
დიდი შეცდომა, რომელსაც კრუგმანის მსგავსად მოაზროვნე ეკონომისტები გათვლებში უშვებენ, არის იმის წარმოდგენა, თითქოს ცენტრალურ ბიუროს უკეთ ძალუძს მოქალაქეთა ალტერნატივების განსაზღვრა, ვიდრე თავად ამ მოქალაქეებს და მათ პოტენციურ დამსაქმებლებს. ყოველთვის უკეთესია ეკონომიკის განვითარება ორგანული იყოს და არა სხვადასხვა ტარიფებით შეზღუდული ანუ ისეთი, როგორსაც დოქტორი კრუგმანი ითხოვს. ბაზარი ყოველთვის მოახდენს რესურსების ეფექტიან გადანაწილებას ისე, რომ ხალხი საბოლოოდ მოგებული დარჩება.