რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

პუტინი:აშშ-მ საქართველოს გადაიარაღება 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო

ვლადიმირ პუტინის თქმით, აშშ ”ძალიან დიდ შეცდომას” უშვებს იმით, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება. რუსეთის პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის აზრით, ამით ის თბილისს ”აგრესიული ქმედებებისკენ” უბიძგებს.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აშშ-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები პუტინმა 22 თებერვალს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამოთქვა და აღნიშნა: ”ვიმედოვნებ საღი აზრი ეყოფა ქართულ მხარეს, ის გაკვეთილი, რომელიც მიიღო საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ავანტიურულმა პოლიტიკამ, ფუჭად არ ჩაივლის და ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული ახალი აგრესიული მოქმედებებისთვის.“

შეხვედრაზე პუტინს სთხოვეს კომენტარი მიხეილ სააკაშვილის და ბარაკ ობამას შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის თანამშრომლობას ითვალისწინებს. საპასუხოდ პუტინმა თქვა:”მე მაგიდის ქვეშ არ ვმჯდარვარ და არ ვიცი, იქ რაზე მოილაპარაკეს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ იქ ვინმე ჩვენიანი იყო და მოგვიყვება.” რუსეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-მ საქართველოს გადაიარაღება 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე დაიწო, მეტი დამაჯერებლობისთვის მან ახსენა რუსეთის საგარეო დაზვერვა, ასევე სამხედრო დაზვერვა და დასძინა: ”გემების გადააგილება, ტვირთების  მოძრაობა, ყველაფერი ეს საკმაოდ ადვილად კონტროლირდება კოსმოსური დაკვირვების და სხვა საშუალებებით“.

ამავე შეხვედრაზე პუტინმა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაწყვეტაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა. თქვა, რომ არ აიგივებს ერთმანეთთან საქართველოს ხელისუფლებას და ”მოძმე  ქართველ  ერს”. "ქართველი ხალხი ერთხელაც გააცნობიერებს, რომ რუსეთი მისი მტერი  არაა." -აღნიშნა პუტინმა. მის გამოსვლას გამოეხმაურნენ თბილისში.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სიმბოლური“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხთან მეგობრობაზე და მისდამი სიყვარულზე პუტინმა იმ სამხედრო მეთაურებთან ისაუბრა, რომელთა შენაერთებიც მისივე ბრძანებით სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას.

 „ძნელი წარმოსადგენია ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში. საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომელთაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად. რუსეთის ხელისუფლების, მათ შორის, პირადად პუტინის ქმედებების შედეგად ასეულობით ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და იქცა დევნილად. მათი სახლები, ან მიწასთან არის გასწორებული რუსული სამხედრო ტექნიკით, ან უკანონოდ არის დაკავებული რუსეთის სამხედროებისა და ათასი ჯურის კრიმინალის მიერ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ძალიან უცნაური მეთოდები აქვს ბატონ პუტინს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოსახატად.“ - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 

კომენტარები