
წინა ფილმებისგან განსხვავებით, „გასეირნება ყარაბაღში 3”-ში მოქმედება აწმყო დროში ვითარდება. მთავარი გმირი გოგლიკო (მიშა მესხი) ციხიდან გამოდის. გოგლიკოს ძალიანაც უნდა მოერგოს დღევანდელი ცხოვრების რიტმს, მაგრამ უჭირს საზოგადოებასთან ადაპტაცია. „ჩემთვის, „გასეირნება ყარაბაღში 3” დამოუკიდებელი ნამუშევარია, რომელიც პოპულარული ფილმების ერთგვარი გაგრძელებაა. იდეა მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე ამ სურათზე დამეწყო მუშაობა. სცენარზე უტა ბერიამ და ირაკლი სოლომონიშვილმა იმუშავეს, მის დაწერაში მე და ლევან კორინთელმაც (პროდიუსერი) შევიტანეთ წვლილი. შევეცადე გადამეღო ფილმი, რომელიც მხოლოდ კომერციაზე არ იქნებოდა გათვლილი. ბოლო ხანებში ძალიან ცუდი ტერმინი დამკვიდრდა საქართველოში – კინო მხოლოდ ლოკალური ბაზრისთვის. თავმოყვარე პროდიუსერი და რეჟისორი ფილმს კონკრეტული მაყურებლის სეგმენტისთვის არ უნდა იღებდეს. თუ მუშაობის პროცესში ფიქრობ, რომ კინოს მხოლოდ თბილისის ორი კინოთეატრისთვის გააკეთებ, ის მხატვრული ფილმი ნამდვილად არ გამოვა. რა თქმა უნდა, უტოპიურია გათვლა, რომ ქართული პროდუქცია მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა. თუმცა, მთავარია, რეჟისორმა ღირებული მხატვრული ფილმი გადაიღო და ვფიქრობ, ეს შევძელი კიდევაც, რაც მთელ ტექნიკურ ჯგუფთან ერთად მსახიობების დამსახურებაცაა, რომლებიც ძალიან კარგად თამაშობენ”, – ამბობს ზაზა ურუშაძე.
თუ „გასეირნება ყარაბაღში” პირველი თანამედროვე ქართული ბლოკბასტერია (ამ სიტყვის ყველაზე მოკრძალებული გაგებით), ზაზა ურუშაძის „სამი სახლი” XXI საუკუნის კარგი ქართული ფილმია. „სამ სახლს” მომღერალი ქალის და ახალგაზრდა ბიჭის სასიყვარულო მელოდრამა მოჰყვა, „დარჩი ჩემთან” კი, რეჟისორის თქმით, მისი ექსპერიმენტი იყო.

ზაზა ურუშაძეს 2012 წელი დატვირთული აქვს. ორ ახალ პროექტზე მუშაობს. მისი თქმით, ომის თემატიკას სპეციალურად არ ირჩევს, უბრალოდ ისე აღმოჩნდა, რომ ორივე ფილმი ომის ფონზე განვითარდება.
„რეჟისორისთვის უდიდესი სიამოვნება ფილმის გადაღებაა და საბედნიეროდ ეს წელი დატვირთული მაქვს. სულ მალე დავიწყებ მუშაობას ჩემს ახალ სურათზე – „მტერი”, რომლის მოქმედებაც რუსეთ-საქართველოს ომის ფონზე განვითარდება. ეს იქნება ნამუშევარი სხვადასხვა ეროვნების პერსონაჟებით და „სტუმარ-მასპინძლის” თემით, სადაც ომი უბრალოდ განვითარებული მოვლენების ფონია. ამის შემდეგ, დეკემბერში „მანდარინებზე” დავიწყებ მუშაობას, მოქმედება ამჯერად აფხაზეთის ომის ფონზე განვითარდება. სპეციალურად ამ ფილმისთვის გურიაში უზარმაზარი დეკორაციები გავაკეთეთ, რომლის მსგავსიც ბოლო წლებში საქართველოში ნამდვილად არავის შეუქმნია”.
ზაზა ურუშაძის ფილმი „მტერი” 2012 წლის შემოდგომაზე გამოვა, „მანდარინები” – 2013 წლის გაზაფხულზე, მანამდე კი, პირველი მარტიდან, მაყურებელს კინოთეატრებში „გასეირნება ყარაბაღში 3”-ის ნახვა შეეძლება.





