კონტროლის პალატა

გამოვლენილია პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა

პარტიების ფინანსური   მონიტორინგის პროცესში  პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა გამოვლინდა, კერძოდ:„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილიც შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა.

კონტროლის პალატის ინფორმაციით, მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან“ 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12.000 ლარი, შესაბამისად, თვეში ხელფასის სახით -1000 ლარი, 2012 წლის 6 თებერვალს კი ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელისაგან“ პრემიის სახით 40.000 ლარი მიიღო, საიდანაც 20.000 ლარი შემოწირულობის სახით , ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა. გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით  განმარტება გააკეთა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ, მან თქვა, რომ  სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას.

კონტროლის პალატაში ვარაუდობენ, რომ მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება და აფრთხილებენ ფიზიკურ პირებს არ გახდნენ ასეთ სქემებში ჩართულები. ”ქართული ოცნების"  პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ საპასუხოდ   განაცხადა, რომ კანონმდებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას, შესწიროს თანხა თუ სხვა ნებისმიერი ქონება მისთვის სასურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციას და დასძინა: "ამ ქმედების განხორციელებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, "ქართული ოცნება", როგორც შემოწირულობის მიმღები პირი მონიტორინგის სუბიექტად იქნება გამოცხადებული თუ არა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება, "ქართული ოცნების" მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადების შესახებ, უკანონოა და ამასთან დაკავშირებით  ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა,   სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება."

 საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა ასევე   ურჩია  ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს მონიტორინგის სამსახურის მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა - 95 848 - ლარი . პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის  განცხადებით, კონტროლის პალატას აქვს ვარაუდი, რომ აღნიშნული თანხა ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთი შემომწირველისგან მიიღო, თუმცა რამდენიმე პირის გამოყენებით.

”საქართველოს კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობის და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობას ვაძლევთ წინადადებას, კანონის სულისკვეთების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95.848 ლარის ოდენობით ,გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.”- აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ.

 

კომენტარები