გრემი 2012

'გრემის' 54-ე დაჯილდოების ცერემონია

კვირას, 12 თებერვალს, ლოს ანჯელესში „გრემის“ 54-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საღამოს ტრიუმფატორი ადელი გახდა, 23 წლის მომღერალმა საღამოზე 6 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.

წლის საუკეთესო ალბომი, წლის სიმღერა, ჩანაწერი, საუკეთესო პოპ შესრულება, პოპ ვოკალური ალბომი და საუკეთესო ვიდეო - სწორედ ამ ნომინაციებში გაიმარჯვა ინგლისელმა შემსრულებელმა.

გასულ წელს ადელს ხმის იოგებზე ოპერაციის გადატანა მოუხდა, რის გამოც მომღერალი მუსიკას დროებით ჩამოშორდა. სარეაბილიტაციო პერიოდმა შედეგიანად ჩაიარა და „გრემის“ 54-ე დაჯილდოების ცერემონიაზე მომღერალმა „Rolling In The Deep“ შეასრულა, რასაც აუდიტორიის ფეხზე წამოდგომა და ხანგრძლივი ტაში მოჰყვა.

ოპერაციის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მომღერალი ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა.

ხუთი „გრემის“ მფლობელი გახდა როკ-ბენდი Foo Fighters, სწორედ ამ ჯგუფმა მოიპოვა გამარჯვება ნომინაციებში საუკეთესო როკ სიმღერა და საუკეთესო როკ-ალბომი.

ქენიე ვესტის ალბომი „My Beautiful Dark Twisted Fantasy”, საუკეთესო რეპ-ალბომად დასახელდა, Lady Antebellum-მა კი წლის ქანთრი ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ტეილორ სვიფტმა საღამოზე ორი „გრემი“ დაიმსახურა, მომღერალმა საუკეთესო ქანთრი სიმღერის და ქანთრის სოლო შემსრულებლის ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება.

„გრემის“ 54-ე დაჯილდოების ცერემონიას მსახიობი და მომღერალი LL COOL Jay უძღვებოდა, შოუ სამ საათ ნახევარი გაგრძელდა და მისი მსვლელობის მანძილზე არა ერთხელ გაიხსენეს და მიაგეს პატივი უიტნი ჰიუსტონს, რომელიც ცერემონიამდე, ერთი დღით ადრე გარდაიცვალა.

LL COOL Jay-მ დაჯილდოების ცერემონია ჰიუსტონზე საუბრით და ლოცვით დაიწყო, მან დამსწრე საზოგადოებას თხოვნით მიმართა ელოცათ მათი ოჯახის წევრის, შესანიშნავი მომღერლის, უიტნი ჰიუსტონისთვის.

ჯენიფერ ჰათსონმა, უიტნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა შეასრულა, რომელიც სიტყვებით „We Will Always Love You, Whitney“ დაასრულა.

დაჯილდოების 54-ე ცერემონიაზე პოლ მაკარტნი, Coldplay, რიანა, ნიკი მირაჟი, კრის ბრაუნი, Deadmau5, ქეითი პერი, ტეილოს სვიფტი, ბრუნო მარსი, Foo Fighters და სხვა ცნობილი შემსრულებლები წარდგნენ მსმენელისა და მაყურებლის წინაშე, ერთ-ერთი ყველაზე

გამორჩეული კი Beach Boys-ის სცენაზე გამოჩენა იყო, მათ Maroon 5 და Foster the People-თან ერთად საკუთარი ჰიტები შეასრულეს.

Maroon 5-მა Beach Boys-ის „Super Girl” შეასრულა, Foster the People-მა „Wouldn’t It Be Nice” ააჟღერა, „Good Vibrations” კი სწორედ Beach Boys-ის შესრულებით გაჟღერდა.

აღსანიშნავია, რომ Beach Boys-მა 50 წლის იუბილე აღნიშნა.

გრემის 54-ე დაჯილდოების ცერემონიაზე 78 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

 

 

 

 

კომენტარები