გრემი 2012

გრემის პრემიით დაჯილდოების 54 -ე ცერემონია

12 თებერვალს ლოს-ანჯელესში გრემის პრემიით  დაჯილდოების 54-ე ცერემონია გაიმართება,  მასზე მუსიკალური სამყაროს გასული წლის საუკეთესო შემსრულებლებსა და ნამუშევრებს დაასახელებენ.

ღონისძიების პროდიუსერების განცხადებით, ინგლისელი მომღერალი ადელი, რომელსაც ხმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დროებით შეწყვეტილი ჰქონდა სიმღერა, ცერემონიას დაესწრება და  მაყურებლის წინაშე ცოცხალი შესრულებით წარსდგება. 23 წლის მომღერლისათვის ეს პირველი შესრულება იქნება, მას შემდეგ რაც ნოემბერში ხმის იოგებზე ოპერაცია გაიკეთა. ადელმა,  რომელმაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ამერიკაში ტური შეწყვიტა, განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ასეთი დონის ღონისძიებაში  მონაწილეობა. მომღერალი, რომელსაც  გრემის ორი ჯილდო უკვე მიღებული აქვს, ამჯერად ექვს ნომინაციაშია წარდგენილი. მათ შორისაა „ წლის ჩანაწერი“,  „წლის სიმღერა“ და „საუკეთესო მუსიკალური კლიპი“ სიმღერისათვის  "Rolling In The Deep", „წლის ალბომი“ და „საუკეთესო პოპ-ალბომი“ „21“-  სათვის და „საუკეთესო სოლო შესრულება“ სიმღერისათვის "Someone Like You."

გარდა ადელისა, მსმნელის წინაშე, 12 თებერვალს , გამოსამშვიდობებელი ტურის ფარგლებში, ამერიკელი მომღერალი,  ქანთრის შემსრულებელი  გლენ კემპბელი წარსდგება. სცენის დატოვება 75 წლის მომღერალმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას ალცჰაიმერის  დიაგნოზი დაუსვეს.

მუსიკალურ ნომრებს   წარადგენენ ჯეისონ ოლდინი კელი კლარქსონთან ერთად, როკ-ჯგუფი Foo Fighters, ბრუნო მარსი, პოლ მაკარტნი, ნიკი მინაჟი და ტეილორ სვიფტი, ჯგუფი Coldplay რიანასთან დუეტს იმღერებს. აღსანიშნავია, რომ ამ შემსრულებლების უმრავლესობა წარდგენილია სხვადასხვა ნომინაციებში.  ბრუნო მარსი ერთდროულად სამი გრემის პრეტენდენტია - საუკეთესო ალბომისათვის, წლის სიმღერისათვის და წლის ჩანაწერისათვის. საუკეთესო ალბომის კატეგორიაში   მოხვდნენ აგრეთვე,  რიანა და Foo Fighters,  ხოლო ნიკი მინაჟი „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ ნომინაციაშია წარდგენილი.

დაჯილდოების ცერემონიას 12 თებერვალს ამერიკელი რეპერი ჯეიმს ტოდ სმიტი გაუძღვება. 

კომენტარები