ბაია წიქორიძე

"ბაია" და "ახალი გალერეა" – მხატვრობის სრული სპექტრის მოლოდინში

დღეს შენი გალერეა კომერციულად ყველაზე წარმატებულად ითვლება. რამდენიმე თვეა, რაც მეორე, ახლახან გახსნილ “ახალ გალერეასაც” თანახელმძღვანელობ. რას მიიჩნევ “ბაია გალერეის” ან, თუნდაც, ე.წ. “ბაიას” ბრენდის წარმატების საიდუმლოდ?

რთული კითხვაა, ალბათ იმას, რომ ეს გალერეა უკვე ოცი წელია არსებობს, 1992 წელს გავხსენით, თავიდან “ორიენტი” ერქვა. როდესაც რაღაც ამდენ ხანს არსებობს, ესეც უკვე თავისებურად მოქმედებს. გარკვეული გამოცდილება მქონდა უკვე, მხატვრის სახლიდან და კიდევ ის, რომ ეს საქმიანობა უშუალოდ ჩემს პროფესიასთან იყო დაკავშირებული. თბილისში ბევრი გალერისტია, ვინც ხელოვნებათმცოდნე არ არის. მე არ დამჭირდა ჩემი საქმიანობისთვის თეორიული ბაზისის სასწრაფოდ ძებნა.

საიდან იწყება შენთვის გალერისტობის ეს სურვილი, ალბათ მხატვრის სახლის გარემოდან და იმდროინდელი გამოცდილებიდან?

დიახ, სწორედ იქ გამიჩნდა ეს სურვილი, მაგრამ მაშინ ასეთი პროფესია არ არსებობდა და კერძო გალერეის გახსნა წარმოუდგენელი იყო. 1984 წელს დავიწყე მხატვრის სახლში მუშაობა, 1991 წელს ეს შენობა მთლიანად დაიწვა. ერთი ნახევრად კერძო და ნახევრად სახელმწიფო გალერეა იყო მხოლოდ – “არდიექსი”. მერე გაჩნდა გალერეა “ტაციტა”, რომელსაც თავისი საკუთარი ფართი არ გააჩნდა და სხვადასხვა სივრცეში აწყობდა გამოფენებს. იყო კიდევ “თეთრი გალერეა”. მათ 1991 წლამდე შეწყვიტეს არსებობა. ჩემი კი პირველი კერძო გალერეაა, რომელიც 1992 წლიდან დღემდე არსებობს. მერე მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გავხსენით “ორიენტი” შარდენის ქუჩაზე. 2000 წელს ამ გალერეის დამფუძნებლების შემადგენლობა შეიცვალა, მარტო მე დავრჩი მფლობელად და, შესაბამისად, სახელიც შეეცვალა, “ბაია გალერეა” დაერქვა. ძალიან საინტერესოა, როცა ჯგუფი მუშაობს ერთად. მაგრამ ასევე საინტერესო აღმოჩნდა ერთი ადამიანის მუშაობა გალერეაში. ასე უფრო მკაფიოდ ჩანს მისი დამოკიდებულება ხელოვნებასთან, მუშაობის ესთეტიკური მიმართულება. წარმატებისთვის კიდევ ერთი პლუსი ის იყო, რომ მე ძალიან ბევრ მხატვარს ვიცნობდი და მათთან ახლო საქმიანი ურთიერთობა მქონდა.

შენ ამბობ, რომ გალერეის შექმნა შენთვის ხელოვნების ნიმუშის კეთების მსგავსია?

კი, შემოქმედებითი პროცესია – მისი მიმართულება, მხატვრის სტილის მსგავსად, საბოლოოდ შენს სახეს ქმნის. ასევე მინდა აღვნიშნო მხატვრის სახლის დირექტორის თემო გოცაძის დამსახურება ჩემი იქ მუშაობის დროს. ის ძალიან მომთხოვნი ხელმძღვანელი იყო და მასთან ბევრი რამე ვისწავლე. 1980-იან წლებში მან ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა: შექმნა შემოქმედებითი სახელოსნოები, თანამედროვე ქართველ მხატვართა კოლექცია, გამომცემლობა, სადაც იბეჭდებოდა პირველი საგამოფენო კატალოგები, ეწყობოდა თაობათა გამოფენები. როდესაც მხატვრის სახლი აღარ იყო, სტიქიურად მოგვიხდა გალერეა “ორიენტის” დაარსება. ორი წლის განმავლობაში, ომისშემდგომ თბილისში ეს იყო ერთადერთი გალერეა. ახლა რომ ვიხსენებ, მიკვირს, თითქოს ვიღაც სხვამ გააკეთა ეს ყველაფერი. არ ვიცი საიდან გვქონდა ეს უცნაური მიზანდასახულობა.

დაახლოებით ორი წლის წინ კიდევ ერთი გალერეა გახსენი – “ტელესკოპი”, რატომ აღარ გაგრძელდა მისი მუშაობა?

ეს იყო მეგობრული შეთანხმება შენობის მფლობელთან, როდესაც ერთი წლით დამითმო ეს სივრცე. მინდოდა გამეკეთებინა დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების გალერეა, ეს ახალი, განსხვავებული მიმართულება იყო. სინამდვილეში ეს ჩემი შვილის, ლიკა ლორთქიფანიძის იდეით დაიწყო, მაგრამ მერე მას მოუწია გამგზავრება და ჩემთვის ცოტა რთული აღმოჩნდა პარალელურად ორ გალერეაში მუშაობა. ამიტომ დროებით გავაჩერეთ ეს პროექტი. ლიკა თვითონ გააგრძელებს ამ საქმიანობას მერე. მოგვიანებით კი “ახალი გალერეისგან” მივიღე წინადადება.

რა პოზიციაზე დაიწყე “ახალ გალერეაში” მუშაობა?

როგორც თანადამფუძნებელმა, სოფო ჩიქოვანთან და რუსუდან ჩერგოლეიშვილთან ერთად. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს შემოთავაზება, რადგან მუშაობის ახალი პერსპექტივა დავინახე. უკვე ექვსი თვეა, რაც “ახალი გალერეა” არსებობს, 1 ივლისს გაიხსნა. აქ ყველა გამოფენისთვის მზადდება კატალოგი, თვითონ საგამოფენო სივრცეც გაცილებით დიდია, ვიდრე “ბაია გალერეაში”.

რადგან “ახალი გალერეის” საგამოფენო სივრცე მეტ თავისუფლებას იძლევა, ხომ არ ფიქრობთ ისეთივე ჯგუფური ან თემატური გამოფენების მოწყობას, როგორითაც გამოირჩეოდა მხატვრის სახლი?

ერთი ასეთი ტიპის გამოფენა უკვე გვქონდა. “ქართული მხატვრობა – კერძო კოლექციებიდან. XX საუკუნე” – ასე ერქვა. 10-12 წელი იქნება, რაც კერძო კოლექციებს ვსწავლობ – აქაც და უცხოეთშიც. უკვე გამოვიდა რადენიმე კატალოგი და წიგნი: “ფანტასტიური ქალაქი”, “საწყისი სივრცე”, “ელენე ახვლედიანი – სურათები კერძო კოლექციებიდან”, “ნიკა ყაზბეგი”. 2011 წლის ბოლოს კი გამოიცა წიგნი, სახელად “კოლექცია”.

მოწვეული ან სტუმარი კურატორების პროექტები თუ გაქვთ გათვალისწინებული თქვენს მომავალ საგამოფენო პოლიტიკაში?

კი, ნამდვილად გვაინტერესებს და შეიძლება აღმოვუჩინოთ კიდეც მხარდაჭერა, მაგრამ ეს პროექტები ძალიან საინტერესო უნდა იყოს. როგორც ცნობილია, კერძო გალერეას კომერციული მოლოდინი აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი სხვა კომერციული პროექტების ხარჯზე შეიძლება გავაკეთოთ გამოფენები, რომლებიც მაშინვე არ მოიტანს ფინანსურ მოგებას. საჭიროა, რომ როგორმე მოხერხდეს არაკომერციული სფეროს წამოწევა, როგორიცაა ვიდეოარტი, პერფორმანსი, ობიექტი. აქ ძალიან რთულია თანამედროვე მხატვრობაზე მუშაობა, შეიძლება, სტუმარმა კურატორმა თვითონ მოიძიოს და მოიტანოს დაფინანსება.

ხშირად ესა თუ ის მხატვარი ხმამაღლა ამბობს, რომ მისი ნახატები 10-15 ათას ლარად იყიდება, მეორე მხრივ კი, მუდმივად ბაზრის არქონაზეა ლაპარაკი, რით აიხსნება ეს წინააღმდეგობა?

ერთჯერადი ფაქტებით დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი სტატისტიკის დადგენა. არც მხატვრის, არც გალერისტის ან კოლექციონერის ზეპირი ინფორმაციის გათვალისწინება არ შეიძლება – აქ მათი პირადი ინტერესი იქნება მაინც ჩართული. ხშირად ლოზუნგივით ისმის, რომ ხელოვნება ინვესტირების საუკეთესო ფორმაა, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენი ბაზარი არანაირ სისტემას არ ქმნის, ნამუშევრებს რეალური საბაზრო კურსი არ გააჩნია და საბაზრო პროცესები გამჭვირვალე არაა. ჩვენ თუ გვინდა ხელოვნების ბაზარი განვითარდეს, უნდა შედგეს ქართველი მხატვრების ფასების ზუსტი ინდექსაცია და ამ მონაცემთა დინამიკა ბოლოს ოცი წლის მანძილზე. “ბაია გალერეას” უკვე გააჩნია ეს ინფორმაცია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დავიწყებთ ამ პროექტზე მუშაობას.

კიდევ რა პრიორიტეტები გექნებათ “ახალ გალერეაში”?

სამწუხაროა, რომ ახალგაზრდა თაობის სახე არ არის გამოკვეთილი, ცალკეული მხატვრების შემოქმედებას ვიცნობთ, მაგრამ თაობა არ ჩანს, როგორც ეს 80-იან წლებში ან “მეათე სართულის” მოღვაწეობის დროს იყო. არ ჩანს დროის პარამეტრები, რომელიც პროცესს გვიჩვენებს. ვფიქრობთ, იქნებ მოვახერხოთ ამ პროცესის სტიმულირება. გვინდა დავიწყოთ საგანმანათლებლო პროგრამა დამწყები კოლექციონერებისთვის და ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე “ქართული მხატვრობა და არტობიექტი”.

 

კომენტარები