რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

რუსეთის საგარეო უწყება ნეიტრალური დოკუმენტების წინააღმდეგ

 ”საქართველოს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები სინამდვილეში სულაც არ არის ნეიტრალური.” - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტი და  დასძენს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში ქვეყნის კოდის გრაფაში საქართველოს კოდია მითითებული, ხოლო დოკუმენტის გამცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 ”ის , რომ დოკუმენტებზე არ ჩანს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო მხოლოდ სატყუარაა. ეს ყველაფერი მცდელობაა შეცდომაში შეიყვანონ ისინი, ვისთვისაც დოკუმენტები დაამზადეს - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა . ”- დაასკვნის რუსეთის საგარეო უწყება თავის კომენტარში. ამ საკითხთან დაკავშირები მოსკოვში საქართველოს ხელისუფლებას თაღლითობაც კი დასწამეს და აღნიშნეს, რომ აფხაზებსა და ოსებს შორის დაბალია თბილისში დამზადებულ ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებზე მოთხოვნილება .

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებზე ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა შარშან გადაწყვიტა. ამ გზით საქართველოს ხელისუფლებამ სცადა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის შეექმნა დანარჩენ საქართველოსა და ამასთან ერთად სხვა სახელმწიფოებში გადაადგილების საშუალება. დეპუტატი შოთა მალაშხია ამბობს, რომ ახლა ბოლომდეა მისაყვანი სამუშაო საერთაშორისო დონეზე იმის დასადგენად , რომელი სახელმწიფო მიიღებს ადამიანებს ასეთი ტიპის დოკუმენტაციით და რომელი არა.

იდეის თანახმად ”ნეიტრალურმა პასპორტებმა” აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს უნდა შეუცვალოს მათზე უკანონოდ გაცემული რუსეთის პასპორტები და მათ მისცეთ შანსი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად დასაქმების, სამეწარმეო საქმიანობის წარმოების, უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების და ა.შ.

 ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა არის ნაწილი თბილისის მიერ შემუშავებული სტრატეგისა - ” ჩართულობა თანამშრომლობის გზით.”

 მართალია, რუსული პასპორტები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს რუსეთში გადააგილების საშუალებას უქმნით, რუსეთის მედიაშიც კი აღნიშნავენ, რომ დასავლეთის ქვეყნების საკონსულოები ”რუსეთის მოქალაქეებს” აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ვიზებზე უარს , განმარტებების გარეშე, ეუბნებიან.

 

კომენტარები