
იანვრის ბოლო კვირას ამერიკის კინოაკადემიამ რჩეულების სია გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნომინაციები სხვა ფესტივალების ლაურეატებს და აკადემიის ყველა დროის ფავორიტ რეჟისორებსა თუ მსახიობებს დაურიგდა. ანუ მათ, ვისი კოდაკის დარბაზში გამოჩენაც სატელევიზიო რეიტინგს ერთი-ორად გაზრდის.
მარტინ სკორსეზეს ნამუშევარმა „ჰიუგო” წელს ყველაზე მეტი – 11 ნომინაცია მოიპოვა. მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმს „არტისტი” ერთით ნაკლები ჯილდოს მოპოვების შანსი აქვს. კინოაკადემიამ ახალი წესები მიიღო, ოსკარის მოპოვების შანსი იმ ფილმებს ექნება, რომელსაც კინოაკადემიის წევრების, სულ მცირე, 5% პირველ ადგილზე დაასახელებს. ამიერიდან აუცილებელი არ არის საუკეთესო სურათის წოდებისთვის ხუთმა ან ათმა ნამუშევარმა იბრძოლოს. წელს ამ ნომინაციაში 9 ფილმია წარმოდგენილი. 2007 წელს ძმებმა კოენებმა „თქვეს”, აქ მოხუცებისთვის ადგილი არ არისო, მაგრამ 9 ფილმიდან 4 სწორედ ბებერი ვეშაპების გადაღებულია – იმ ხალხის, ვინც უკვე ათწლეულებია, ჰოლივუდში ამინდს ქმნის. სტივენ სპილბერგის „საბრძოლო ცხენი”, მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო”, ვუდი ალენის „შუაღამე პარიზში” და ტერენს მალიკის „სიცოცხლის ხე”, ახალგაზრდა რეჟისორების მიშელ ჰაზანავიჩუსის („არტისტი”), ალექსანდრ პეინის („შთამომავლები”), ბენეტ მილერის (Moneyball), ტეიტ ტეილორის („მოსამსახურე”) ნამუშევრებს დაუპირისპირდებიან. და კიდევ, სტივენ დოლდრის ფილმს „საშინლად ხმამაღლა და საოცრად ახლოს”, რომლის ნომინირება ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც შარშან ოქროს გლობუსზე „ტურისტის” არაერთი ნომინაცია. შარშან თუ „სოციალური ქსელი” და „მეფის სიტყვა” ორი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, წელს, 4 ფილმს, „არტისტი”, „ჰიუგო”, „სიცოცხლის ხე” და „შთამომავლები”, გამარჯვების ერთნაირი შანსი აქვს. „შთამომავლებმა” ოქროს გლობუსი მოიგო და ამიტომ გასაკვირი არ იქნება მისი გამარჯვება. თუმცა კინოაკადემიაში წმინდა ამერიკულ ინდი ფილმებს დიდად არ სწყალობენ. „ჰიუგოს” გამარჯვების შანსს მარტინ სკორსეზეს სახელი ზრდის, მაგრამ ნამუშევარი საბავშვო ფენტეზის ჟანრისაა და ეს ჯილდოს მოპოვებას სათუოს ხდის. „არტისტი” შავ-თეთრი, მუნჯი ფილმია. ნამუშევარი მიგვანიშნებს, რომ 2011 წელსაც შესაძლებელია კარგი, კლასიკური ფილმის გადაღება. კინოაკადემიაში უყვართ ნოსტალგიური ფილმები და მალიკის ფილმთან ერთად „არტისტს” ჯილდოს მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

სხვა ნომინაციებში სავარაუდო ლაურეატების გამოცნობა გაცილებით იოლი საქმეა. მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მამაკაცებში კრისტოფერ პლამერი („დამწყებები”) სავარაუდოდ არავის დაუთმობს გამარჯვებას და სრულიად დამსახურებულადაც, ქალებში კი საუკეთესო ალბათ ოქტავია სპენსერი („მოსამსახურე”) გახდება. ორივე მსახიობმა არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოქროს გლობუსი. ძნელად სავარაუდოა კინოაკადემიაში სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. საუკეთესო ანიმაციური ფილმი „რანგო” გახდება, ოპერატორული ნამუშევრისთვის განკუთვნილ ოსკარს ორი ლეგენდიდან – იანუშ კამინსკი და ემანუელ ლუბეზკი, ერთ-ერთი მოიპოვებს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი ყველა ლოგიკით ირანული „გაყრა” უნდა გახდეს, მაგრამ ამ ნომინაციას ყოველთვის მოულოდნელი ლაურეატები ჰყავს.
ოსკარს ძალიან სუსტი ნომინანტები ჰყავს. 2011 წელი კინოში გამორჩეული არ იყო. თითზე ჩამოსათვლელი საინტერესო ფილმებიდან, ზოგიერთი საერთოდ ნომინაციის გარეშე დატოვეს. ეს, პირველ რიგში, ნიკოლას ვინდიგ რეფნის „დრაივს” ეხება, 2011 წლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხატვრულ ნამუშევარს. წლევანდელ ოსკარს ბილი კრისტალის დაბრუნება თუ გადაარჩენს, წამყვანის, რომლის სახელსაც ოსკარის ცერემონიის ისტორიაში საუკეთესო შოუები უკავშირდება.





