საყვარელი ქალაქის გზამკვლევი ალექსანდრე ფლორენსკისგან

გაბრიაძის თეატრის სალაროსთან ორკაციანი რიგია; მარჯანიშვილის მოედანზე უწესრიგოდ მოძრაობენ სამარშრუტო ტაქსები და მანქანები; სინაგოგისკენ შაბათის ლოცვისთვის საგანგებოდ გამოწყობილი შლაპიანი თბილისელი ებრაელები მიიჩქარიან; ქვაფენილზე ძაღლები მისეირნობენ და მზეს ეფიცხებიან კატები – ეს პეტერბურგელი მხატვრის, ალექსანდრ ფლორენსკის თბილისია, რომელმაც ამ უჩვეულო კადრებს ერთად მოუყარა თავი. ქალაქის თემაზე შექმნილი ოცდაცამეტი ნახატი ქართული ასოების მიხედვით გადაანაწილა და ილუსტრაციების კრებული თბილისურ ანბანად აქცია.

„თბილისური ანბანი” სპეციფიკური ტექნიკითა და იუმორით შესრულებული გზამკვლევია, სადაც თითოეულ ასოს თითო ილუსტრაცია ეთმობა. მაგალითად, ა – ავლაბარია, მეტეხის პლატოთი, სამების ახალი კათედრალისა და ეჩმიაძინის სომხური ტაძრის ხედით. ფ – ფუნიკულიორია: ნახატზე მთაწმინდა, სატელევიზიო ანძა და მამა დავითის ტაძარი მოჩანს. თითოეულ ძეგლს აგების თარიღი და დამატებითი ინფორმაციაც აქვს მიწერილი: მაგალითად, გზამკვლევში ამოიკითხავთ, რომ თავისუფლების მოედანს, სხვადასხვა დროს, ბერიას, ლენინის და ერევნის მოედანი ერქვა; რომ გველეშაპის მძლეველი წმინდა გიორგი ლენინის ძეგლის ადგილასაა აღმართული და კიდევ უფრო ადრე, ამ ადგილზე ქარვასლა იდგა.

ალექსანდრ ფლორენსკისთვის თბილისი მეორე მშობლიური ქალაქია. საქართველოსთან მას წინაპრების ისტორია აკავშირებს: „ჩემმა დიდმა ბაბუამ, ასევე ალექსანდრ ფლორენსკიმ მთელი ცხოვრება თბილისში გაატარა და აქვე გარდაიცვალა, კუკიაზეა დასაფლავებული. ის კარგი ინჟინერი იყო, საქართველოში გზებსა და ხიდებს აშენებდა, მისი აგებულია ბათუმი-ახალციხის გზა. ბაბუაჩემი – ანდრეი ფლორენსკი და მისი უფროსი ძმა, გამოჩენილი ფილოსოფოსი პაველ ფლორენსკიც თბილისში არიან დაბადებულები. აქ დაამთავრეს გიმნაზია, მხოლოდ დიდი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ დატოვა ოჯახმა საქართველო და საცხოვრებლად რუსეთში გადაბარგდა. თუმცა, თბილისში დღეს მე დავიდე ბინა, სწორედ იქ, სადაც ადრე ჩვენი ოჯახი ცხოვრობდა – ჯავახიშვილის, ყოფილი ნიკოლოზის ქუჩაზე”.

პირველად საქართველო 22 წლისამ ნახა. შემდეგ, 90-იან წლებში პეტერბურგში ქართველ მხატვარს, კოტე ჯინჭარაძეს დაუმეგობრდა და მეორედ მასთან ერთად ეწვია ქვეყანას: „საქართველოში ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, 1982 წელს მოვხვდი. თითქმის ყველა კუთხე შემოვიარე, სვანეთშიც კი ვიყავი. ამის შემდეგ 25 წელი აღარ ჩამოვსულვარ, მხოლოდ 2007 წელს დავბრუნდი”. კოტეზე ალექსანდრ ფლორენსკი ხშირად საუბრობს და მისთვის „თბილისურ ანბანშიც” გამონახა ადგილი – ასო „დ” – დიდუბე, ესაა წერეთლის გამზირის ილუსტრაცია, სადაც დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე ამოვიკითხავთ წარწერას: „ქალაქის რაიონი, სადაც კოტე ჯინჭარაძე ცხოვრობს”. 

„თბილისურ ანბანში” ისეთ ავტორისეულ ფურცლებს წააწყდებით, რასაც სტანდარტულ ტურისტულ გზამკვლევებში, მაგალითად, Lonely Planet-ის გაიდ-ბუქში ვერასდროს ნახავთ: ელიავას ბაზრობა, ცხრა ძმის ქუჩა ნაძალადევის რაიონში, იგივე ნახალოვკაში, მიმდინარე მშენებლობები, დადიანისა და ლერმონტოვის ქუჩების გადაკვეთაზე, სარდაფში გახსნილი დუქანი „რაჭა”, მეგობარი მხატვრების სახელოსნო იერუსალიმის მოედანის ერთ-ერთ სხვენზე და ბეთლემის კლდისუბნის ღია აივანზე ჩამომსხდარი თავად მხატვარი და გალერეა ოატის მფლობელი ქალბატონი რუსიკო. „სიუჟეტების ეს არჩევანი, სწორედაც რომ ჩემს თბილისს ასახავს. მე ხომ ჩუღურეთში მაქვს სახლი, იქ, სადაც ოდესღაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, კათოლიკურ და რუსულ ეკლესიებს შორის. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი მეგობარი – კოტე ჯინჭარაძე ცხოვრობს, გარდა ამისა, როდესაც ჩემს თბილისურ ბინაში რემონტს ვაკეთებდი, ელიავაზე ხშირად მიწევდა სიარული. დუქნებს რაც შეეხება, რესტორნებზე გაცილებით მეტად მომწონს. თანაც, თბილისში ყოველწლიურად დიდ დროს ვატარებ და ამ ქალაქში სულაც არ ვარ ტურისტი. თბილისში ყველაფერი მომწონს, მტკვარზე გადებული შუშის ხიდის გარდა. ვფიქრობ, რომ ტურისტების მოხიბვლა თბილისს მისი განუმეორებლობით შეუძლია, იმით, რომ არცერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს – სოლოლაკი, მთაწმინდა, ვერა, ავლაბარი და ჩუღურეთი ყველა ტურისტულად მიმზიდველი უბანია და ასეც იქნება, თუ პირვანდელ სახეს შეუნარჩუნებენ და მათ მოდერნიზირებას არ შეეცდებიან, სხვა ქალაქებს არ დაამსგავსებენ”. 

თბილისურამდე, მხატვარმა რუსი ებრაელი პოეტის – მიხაილ კოროლის ინიციატივითა და დახმარებით – „იერუსალიმის ანბანი” შექმნა და საყვარელი ქალაქების ხატვის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს. თუმცა, მოულოდნელი შემოთავაზებებიც გამოუჩნდა: „დაჟინებით მთხოვენ „ფსკოვის ანბანის” შექმნას, გამომცემელი უკვე ნაპოვნია. ასევე შემომთავაზეს „პერმული ანბანის” გაკეთება. პირადად მე რაც შემეხება, „ქართული ანბანის” დახატვა მსურს – აბა, ტყუილად ხომ არ შემოვიარე მთელი საქართველო, ყოველწლიურად ვმოგზაურობ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ქართველზე მეტი მექნება ნანახი. ასე რომ, „ქართული ანბანი” თბილისურის ლოგიკური გაგრძელება იქნება”.

„თბილისურ ანბანს” გამომცემლობა დიოგენე, სავარაუდოდ, მარტის თვეში გამოსცემს. თუმცა, მხატვრის ალბომმა უკვე მოახერხა ონლაინდამთვალიერებლების გულის მოგება: “მიუხედავად იმისა, რომ მოკრძალებული ადამიანი ვარ, მოდი, მაინც გეტყვით, რომ ჩემი „თბილისური ანბანის” Facebook-ზე ნახვის შემდეგ, ზუსტად ვიცი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ჩემმა რამდენიმე მეგობარმა, ამ ქალაქში ჩამოსვლა მოისურვა. მართალი გითხრათ, ეს ძალიან მახარებს”. 

კომენტარები