ISAF

ჯონ ალენი: ქართველ სამხედროებს აქვთ შესანიშნავი რეპუტაცია

საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მეთაური და ავღანეთში აშშ-ს ძალების მეთაური , გენერალი ჯონ ალენი თბილისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ISAF –ის ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შემდეგ, გენერალი ჯონ ალენი ეროვნულ სასწავლო ცენტრში ”კრწანისი” 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს და ქართველ ინსტრუქტორებს შეხვდა.

”თქვენ ხართ კარგად მომზადებული სამხედროები, რომლებსაც კარგად ხელმძღვანელობენ, ხალხი პატივს გცემთ და მტერს ეშინია თქვენი. ქართველ სამხედროებს აქვთ შესანიშნავი რეპუტაცია. თქვენ ავღანეთში მსახურება მნიშვნელოვან პერიოდში მოგიწევთ. ნახავთ თუ როგორ აიღებენ პასუხისმგებლობას ავღანეთის ნაციონალური ძალები საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და თქვენ მათ ამაში დაეხმარებით. გავა წლები და იამაყებთ, რომ თქვენი წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში... ავღანეთი არასოდეს დაივიწყებს რა გააკეთა მისთვის საქართველომ. საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს დაივიწყებს რა გააკეთა საქართველომ. ნატო არასოდეს დაივიწყებს რა გააკეთა საქართველომ. ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით საქართველოს წვლილისთვის ავღანეთში.” - ამ სიტყვებით მიმართა  გენერალმა  ალენმა  ქართველ ჯარისკაცებს.

 23-ე ბატალიონი ავღანეთში ნატო–ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად გადის მზადებას. ქართველი სამხედროები ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ჰელმანდის პროვინციაში შეასულებენ მისიას და იქ მყოფ 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებენ. ოპერაციების წარმოებისათვის 23-ე ბატალიონმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარა.

 

კომენტარები