რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

თბილისი რუსეთის დიპლომატიაზე ოკეანეთში

თბილისში იმედს გამოთქვამენ, რომ წყნარი ოკეანის   სახელმწიფო ფიჯის ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აღიარებს.

„ჩვენ დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ფიჯის ხელისუფლება დარჩება ერთგული საერთაშორისო პრინციპების , რომელსაც აღიარებს გაეროს წევრი ყველა ქვეყანა და გაუძლებს ამ ცდუნებას თუ ზეწოლას და დარჩება ერთგული, როგორც ჩვენს მიმართ კეთილი პარტნიორობისა, ასევე იმ ვალდებულებების წინაშე, რომელიც მათ აქვთ აღებული“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ დღეს საგარეო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ეს განცხადება ფიჯიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის წინ გააკეთა, რომელიც აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში მისი ტურნეს ფარგლებში მიმდინარე კვირაში იგეგმება. ლავროვი 31 იანვარს ავსტრალიას ეწვევა.

ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა "რუსეთის მიერ წარმოებულ ერთგვარ უცნაურ საგარეო პოლიტიკას", რომლის ფარგლებშიც მოსკოვი, ძირითადად, ეკონომიკურად დაბალგანვითარებული ქვეყნების მიმართ „სხვადასხვა არაკანონიერი გზით", მათ შორის "პირდაპირი მოსყიდვით თუ სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლით ან შეთავაზებით“, ცდილობს მიაღწიოს „ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხს“.

ავსტრალიური გამოცემა Sydney Morning Herald–ი 25 იანვარს იტყობინებოდა, რომ ფიჯიში ვიზიტამდე ლავროვი თავის ავსტრალიელ კოლეგას, კევინ რადს შეხვდება, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, სთხოვს მას, რომ რუსეთმა გამჭირვალობა შეინარჩუნოს წყნარი ოკეანის სივრცეში არსებულ ურთიერთობებში. მიიჩნევენ, რომ ლავროვის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი შესაძლოა გახდეს ფიჯის დარწმუნება - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, იტყობინება Sydney Morning Herald–ი.

როგორც Radio Australia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ახალზელანდიელმა ექსპერტმა საგარეო პოლიტიკის საკითებში სტივენ ჰოდლიმ განაცხადა, მართლაც არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი წყნარი ოკეანის მცირე ქვეყნების მოსყიდვას აწარმოებს. მისი თქმით, ამის შესახებ ლავროვს მისი ვიზიტის დროს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი კევინ რადი და მისი ახალზელანდიელი კოლეგა მარეი მაკკალი „დაელაპარაკებიან“.

„ეს გამჭვირვალობის საკითხია და ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, რას აკეთებენ რუსები, რა მოცულობისაა მათი დახმარება და გვსურს ამ დახმარების კოორდინაცია, თუ ის კანონიერია“, - განაცხადა ექსპერტმა.

თუმცა, მისი თქმით, ახალ ზელანდიას რუსეთთან მკაცრი საუბარი გაუჭირდება, ვინაიდან ეს ქვეყანა ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის გაფორმებითაც ძალიან არის დაინტერესებული.

რაც შეეხება ფიჯის, ჰოდლი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც ავსტრალია და ახალი ზელანდია ამ ქვეყანას სანქციებით დაემუქრნენ „დემოკრატიისგან უკან დახევისთვის“, ფიჯის მთავრობა ახალ პარტნიორებს ეძებს, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთის სახით. შესაბამისად, ლავროვს ოკეანეთის სახელმწიფოში კარგად დახვდებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 20 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი "რამდენიმე ასეული მილიონის" დაპირებით ცდილობს, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება აფრიკული ქვეყნების მთავრობებისგანაც მოიპოვოს.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფრიკაში, მიხეილ მარგელოვმა, რომელიც აფრიკის რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ნიგერიას, მალის, მავრიტანიას და მაროკოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა, განაცხადა, რომ რუსეთს არასდროს შეუთავაზებია ფული თავისი აფრიკელი პარტნიორებისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სანაცვლოდ.

სულ ბოლოს სოხუმი და ცხინვალი ტუვალუმ აღიარა 2011 წლის სექტემბერში. მანამდე სოხუმი და ცხინვალი აღიარეს წყნარი ოკეანის ჯუჯა სახელმწიფოებმა ნაურუმ და ვანუატუმ, თუმცა ამ უკანასკნელმა ქვეყანაში მთავრობის ცვლილების შემდეგ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2009 წელს ცნო ლათინური ამერიკის ორმა სახელმწიფომ - ნიკარაგუამ და ვენესუელამ. თითოეულმა სახელმწიფომ რუსეთისგან სხვადასხვა ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო.

 

კომენტარები