რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

მედვედევმა და ანქვაბმა ფსოუს გამშვები პუნქტი დაათვალიერეს

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, სერგეი ლავროვის თანხლებით,  საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე მშენებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მოინახულა . რუსეთის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე   აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს შეხვდნენ.  მედვედევი საჭეს მიუჯდა  და  ახალი საავტომობილო ხიდი ანქვაბთან ერთად გაიარა.

„სწრაფად ააშენეს, ყველაფერი ცივილიზებულადაა და შეესაბამება  მოთხოვნებს, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში“, - განაცხადა მედვედევმა ობიექტის დათვალიერების შემდეგ.   

ფსოუს გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია რუსულმა მხარემ 2005 წელს დაიწყო. ახალი საავტომობილო ხიდი ხვალ ტესტურ რეჟიმში ამოქმედდება ,  მოძრაობა მასზე მომავალი თვიდან გაიხსნება. რუსული  მხარე ძველი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაციასაც გეგმავს, რომელიც სარეზერვო ფუნქციებს შეასრულებს.

რუსული წყაროების ცნობით, ფსოუს გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობა 12-ჯერ გაიზარდა და მას დღე-ღამეში ათას ხუთასი სატრანსპორტო საშუალების გატარება შეეძლება.

შეგახსენებთ, WTO-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ თბილისა და მოსკოვს შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ფსოუს, როკისა და ლარსის გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მონიტორინგს შვეიცარიის მიერ დაქირავებული კომპანია განახორციელებს.

 

კომენტარები