რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

მარგელოვი: რუსეთი აფრიკის ქვეყნების მოსყიდვას არ ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფრიკის სახელმწიფოებში მიხაილ მარგელოვმა უარყო საქართველოს პრეზიდენტის ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი აფრიკის ქვეყნების მთავრობებს დიდ თანხებს პირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის სანაცვლოდ.

 მარგელოვის განცხადებით, რუსეთს არც უცდია რომელიმე ქვეყნისათვის ფულის შეთავაზება.

 „რუსეთი აფრიკაში ბრუნდება, როგორც აფრიკული ქვეყნების პარტნიორი სახელმწიფო. ჩვენ სულაც არ ვაპირებთ ხელები გადავუგრიხოთ ჩვენს პარტნიორებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა სპეცწარმოადგენელმა „ეხო მოსკვი“-ს ეთერში. „პროექტები, რომლებსაც განვიხილავთ, ურთიერთმომგებიანია“, - აღნიშნა მარგელოვმა. მისი თქმით, თუ აფრიკის ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას ეს მათივე ინიციატივით მოხდება.

 დღეისთვის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუსა და ტუვალუს. თითოეულმა ქვეყანამ ამის სანაცვლოდ მოსკოვისგან სხვადასხვა ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო.

 

კომენტარები