ვიზიტი

ალასანია აშშ-საქართველოს პრეზიდენტების მოახლოებული შეხვედრის შესახებ

თავისუფალი-დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს 30 იანვარს თეთრ სახლში აშშ-ს და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას . ის ელის, რომ ობამა სააკაშვილს  ურჩევს ”მიბაძოს ჯორჯ ვაშინგტონს და არა პუტინს”, რომელიც პრეზიდენტობის შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის რანგში დარჩა. ეს მოსაზრება ალასანიამ ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში გამოთქვა. მისი სიტყვებით: „საერთაშორისო თანამეგობრობა, ამერიკელების ჩათვლით, ნათლად ეუბნება სააკაშვილს: ჩვენ გვერდში ვუდგავართ არა სააკაშვილს, არა ალასანიას ან ივანიშვილს, არამედ ქართული ინსტიტუტების მშენებლობას. ამ კუთხით შემდეგ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის”.

ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს განმარტებები გააკეთა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს და აშშ-ს პრეზიდენტები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავებას მთელ რიგ სფეროებში , რომ მსჯელობა წარიმართება  თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიის გაძლიერების და სხვა საკითხების ირგვლივ. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრის გარდა, შეხვედრები იგეგმება  აშშ-ს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან .

 

კომენტარები