რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმირ პუტინის გამონათქვამებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა   ვლადიმირ პუტინის განცხადებებს, რომლებიც მან რუსეთის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთა. შეხვედრის მსვლელობისას პუტინმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსების შემთხვევაში რუსეთს  მოუწევს რაკეტები დაუმიზნოს საქართველოს. „ თითქოს რუსეთს არ ჰქონდეს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20% და იქ განლაგებული დამრტყმელი ძალა - სარაკეტო კომპლექსები "ისკანდერი" და "ტოჩკა-უ" რეაქტიული ცეცხლის დანადგარი "სმერჩი", საქართველოზე არ იყოს დამიზნებული. ისევე, როგორც საქართველოს წინააღმდეგ არის კონცენტრირებული ოკუპირებულ რეგიონებში რამდენიმე ასეული ერთეული უახლესი ჯავშანტექნიკა, სხვა რუსული უახლესი შეიარაღება. ამასთან, პუტინი აცხადებს, რომ დიალოგი მხოლოდ საქართველოს ოპოზიციურ ძალებთანაა შესაძლებელი, რითაც ფაქტიურად უარს აცხადებს საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორის დიალოგზე," -აღნიშნულია საქართველოს საგარეო  სამინისტროს განცხადებაში.

 საქართველოს  საგარეო უწყება   იხსენებს,  რომ 2011 წლის 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დაუფარავად აღიარა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ნამდვილი მიზანი - საქართველოს ნატოში გაწევრიანების აღკვეთა და   დასძენს, რომ" ამ აღიარების" შემდეგ აზრი აღარ აქვს ამ ომთან დაკავშირებით პუტინის არგუმენტაციებს. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ  ხელისუფლებას ჩამოაშორა მოლაპარაკებისთვის განწყობილი  ძალები და  ედუარდ კოკოითის სახით რეჟიმის სათავეში “  აშკარა  კრიმინალი“ მიიყვანა, წამყვან თანამდებობაზე კი  სპეცსამსახურების ჩინოვნიკები დანიშნა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს  ეხმაურება  ბორის აკუნინის მიმართ პუტინის გამონათქვამსაც .

  „რამდენადაც ჩემთვის ცნობილის ის ეთნიკურად ქართველია  და მესმის, რომ მისთვის მიუღებელი იქნებოდა რუსეთის ქმედებები ცნობილი კრიზისის დროს კავკასიაში.“- აღნიშნა პუტინმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. საქართველოს   საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ბორის აკუნინის მიმართ პუტინის ეს  გამონათქვამი მისთვის საკუთარი ეროვნების ცინიკურ შეხსენებას შეიცავდა.  "რუს მწერალს ცინიკურად შეახსენეს, რომ იგი ქართველია  და მისი მოქალაქეობრივი პოზიცია თითქოს ამით არის განპირობებული. თუ პუტინისეული ლოგიკით ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ მოსკოვისა და რუსეთის სხვა ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული ასიათასობით რუსეთის მოქალაქეც ქართველი უნდა იყოს." -აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები