ქართული საზოგადოება

საქართველოს სოციალური კაპიტალით ღარიბი საზოგადოება

საქართველოში, საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ხშირად სახელმწიფოს შეჰყურებენ. ინიციატივის აღების ნაცვლად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენა „მამა სახელმწიფოზე”, რომლისგანაც „ზრუნვას” მოელიან. ინდივიდუალური თუ საერთო მიზნების მისაღწევად, შედარებით მოზრდილი ჯგუფები, იშვიათად ახერხებენ ორგანიზებას. მსოფლიო ღირებულებათა კვლევის მონაცემებით, სხვადასხვა ასოციაციებსა თუ ფორმალიზებულ სამოქალაქო აქტივობებში, საქართველოს მოქალაქეების 5%-ზე ნაკლები მონაწილეობს. ამ მხრივ, საქართველო გარდამავალი ქვეყნების უმრავლესობასაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. არადა, ამგვარ ნებაყოფლობით და სპონტანურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ინდივიდები დროებით, ან გრძელვადიანად ერთიანდებიან მიზნების მისაღწევად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების მისაღწევად და შესანარჩუნებლად, ასევე გრძელვადიანი ეკონომიკური წარმატების უზრუნველსაყოფად.

ბუნებრივია, ამ ყველაფერს თავისი საფუძვლები აქვს – თანამშრომლობა რომ შედგეს, საჭიროა საზოგადოების წევრები ერთმანეთს ენდობოდნენ. ეს საკმარისი სოციალური კაპიტალის არსებობას გულისხმობს. სწორედ სოციალური კაპიტალის სახელით მოიხსენიებენ იმ არაფორმალურ ნორმებს, ღირებულებებს, ნდობასა თუ ჩვევებს, რაც საზოგადოებას კრავს და თანამშრომლობის უნარს უვითარებს. ეს საქართველოს მსგავსი გარდამავალი დემოკრატიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იქ, სადაც საზოგადოების წევრები ნებაყოფლობით თანამშრომლობენ მიზნების მისაღწევად, როგორც წესი, განათლებისა და ჯანდაცვის უკეთესი სისტემები, ნაკლები სიღარიბე და დანაშაულია. ასევე მინიმალურია რეგულაციები და ბიუროკრატია – მმართველობა კი ლიმიტირებული და ეფექტიანი.

ხშირად, საქართველოსა და მსგავს ქვეყნებზე საუბრისას, სოციალური კაპიტალის მნიშვნელობას ავიწროებენ და სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერის საჭიროებაზე აკეთებენ აქცენტს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. თუმცა, სოციალური კაპიტალი მეტია, ვიდრე ხელისუფლების მაკონტროლებელი და დამაბალანსებელი სამოქალაქო საზოგადოება. სოციალური კაპიტალი ამ უკანასკნელის არსებობისა და გასაძლიერებლადაა საჭირო. შესაძლოა, რამდენიმე ათეული ადამიანის ინიციატივა, ითანამშრომლონ ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, სულაც არ ჩაითვალოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივობად. თუმცა, ამ თანამშრომლობამ გააძლიეროს ნდობა, კავშირი და ურთიერთპატივისცემა. ეს ძლიერ დასაყრდენს მისცემს იმავე სამოქალაქო საზოგადოებას მიზნების მისაღწევად, ან პირიქით – მისი სისუსტე ეფექტიანად ფუნქციონირებაში შეუშლის ხელს.

ნდობა ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღწევადაც მნიშვნელოვანია. ფრენსის ფუკუიამა წიგნში „ნდობა: საზოგადოებრივი ღირსება და კეთილდღეობის შექმნა” ორი ტიპის საზოგადოებას განასხვავებს – იქ, სადაც ურთიერთნდობის რადიუსი მაღალი ან დაბალია. ნდობის დაბალი რადიუსის მქონე ქვეყნების მაგალითად ჩინეთსა და იტალიას ასახელებს. იქ კონფუციანიზმი, თუ ძლიერი ოჯახურ-კლანური კავშირები ხელს უშლის შედარებით დიდი, კერძო ეკონომიკური ორგანიზაციების შექმნას და „უცხო” ადამიანების ნდობას. თავის მხრივ, კლანურობა, კორუფციისა და საზოგადოების წევრებს შორის დაძაბულობის წყაროცაა.

ნდობის ფართო რადიუსი ქვეყნებს (მაგალითად, იაპონიას), სხვა სარგებელთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობების უფრო იოლად დაწყებისა და ნაკლებ ფასად მართვა-მოწესრიგების საშუალებას აძლევს. ქვეყნის მმართველებს კერძო სივრცეში ჩარევის ცდუნება მინიმუმამდე უმცირდებათ. ის საზოგადოებები, სადაც ნდობის რადიუსი დაბალია, სახელმწიფო ინტერვენციის იმედად რჩებიან, რაც მათ კეთილდღეობას ვნებს და თავისუფლებას ზღუდავს. ფუკუიამა ამერიკის შეერთებულ შტატებს ცალკე გამოყოფს. ამ სახელმწიფოში ინდივიდუალიზმის განსაკუთრებით მაღალი ხარისხი ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისკენ სწრაფვასთანაა შერწყმული. ამან ქვეყნის სამაგალითო წარმატება განაპირობა.

ამერიკის შეერთებული შტატების უნიკალურობას, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, ალექსის დე ტოკვილი წიგნში – „დემოკრატია ამერიკაში” – აღწერდა. ის გატაცებით წერდა ინდივიდუალისტი ამერიკელების „ასოცირების ხელოვნებაზე”. ავტორი გულისხმობდა ენერგიული და თავდაჯერებული ინდივიდუალების ინიციატივით შექმნილ კერძო ასოციაციებს. მათ მეტი შედეგი მოჰქონდათ, ვიდრე უბრალოდ ის კონკრეტული ეკონომიკური, პოლიტიკური, თუ სხვა სარგებელი, რისთვისაც შექმნეს. ტოკვილის აზრით, ასოციაციებში ადამიანები სწავლობენ დემოკრატიულ ღირებულებებსა და თანამშრომლობას, გამოიმუშავებენ ნდობასა და თანაგრძნობას.

რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით საქართველოში? სოციალურ კაპიტალზე ქვეყანაში ცოტას მსჯელობენ. ერთადერთი მასშტაბური კვლევა არსებობს, რომელიც CRRC-იმ გასული წლის ბოლოს ჩაატარა. საქართველო უფრო ფუკუიამას გამოყოფილ ნდობის დაბალი რადიუსის მქონე ქვეყნებს მიეკუთვნება. აქ ძლიერია ჯგუფის შიგნით (ოჯახი, სამეგობრო) ნდობა, თანამშრომლობა და თანაგრძნობა, ასევე – სტუმართმოყვარეობის ტრადიცია. თუმცა, ჯგუფის მიღმა კავშირები სუსტდება. თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ფორმალიზება იშვიათად შეინიშნება.

საქართველოში დახმარება უმეტესობას მიუღია, ან თავად დახმარებია მეგობრებს, მეზობლებს. CRRC-ის 2009 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი თვლის, რომ ოჯახური და სამეგობრო კავშირები, მაგალითად დასაქმებისას, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება და უნარები. ამავდროულად, უჭირთ ვიწრო ჯგუფებს (სამეგობრო, საახლობლო) შორის ხიდების გადება და საერთო პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა. ნდობა საზოგადოების წევრების მიმართ დაბალია. მსოფლიო ღირებულებათა კვლევის 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 18% თვლის, რომ ადამიანების უმეტესობა სანდოა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლური დემოკრატიების უმრავლესობას. ძლიერია იმის განცდა, რომ თანამშრომლობით „მაინც არაფერი შეიცვლება”. მსოფლიო ღირებულებათა კვლევის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებს სჯერა, რომ საკუთარ ბედს თავად განაგებს. იგივე მაჩვენებელი, მაგალითად, მოლდოვაში 66%-ია, უკრაინასა და რუმინეთში – 58-60%. კავკასიის ბარომეტრის 2007 წლის მონაცემებით კი, საქართველოს მოსახლეობის 15% ფატალისტურადაა განწყობილი და თვლის, რომ საკუთარ მდგომარეობას საერთოდ ვერ აკონტროლებს.

სოციალური კაპიტალის მკვლევარი რობერტ პუტნამი მის მნიშვნელოვან საზომად კლუბების, გასართობი, რეკრეაციული, თუ სხვა მსგავსი სახის ორგანიზაციების წევრობას მიიჩნევს. სოციალური კაპიტალი იქ უფრო წარმოიშობა, სადაც შედარებით უცნობი ადამიანები დროს ერთად ატარებენ. როგორც კავკასიის ბარომეტრის 2007 წლის კვლევამ გვიჩვენა – საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.7% დაესწრო წინა 6 თვეში შეკრებას რამე კლუბსა თუ ასოციაციაში. სპორტული, რეკრეაციული, ხელოვნების, საგანმანათლებლო, თუ სხვა კლუბებში ჩართულობა საქართველოში 2%-ს არ აღემატება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება დემოკრატიულ ქვეყნებს. ადამიანები დროს ახლობლებთან ატარებენ და მას იშვიათად სცდებიან – ახლო მეგობრების წრეც საქართველოში განსაკუთრებით ფართოა. შესაბამისად, იმ რადიუსის სოციალური კაპიტალი ვერ გამომუშავდება, რომელიც სხვადასხვა მცირე ჯგუფებს ინტერესების გარშემო გააერთიანებს. საქართველოში, დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით, თვალსაჩინოდ დაბალია პროფკავშირების წევრობის დონეც. თანაგრძნობაც საახლობლო წრეებს იშვიათად სცდება – მაგალითად, საქველმოქმედო, თუ ჰუმანიტარული ორგანიზაციების წევრობა ნულოვან ნიშნულთანაა მისული.

ბუნებრივია, ნდობის დაბალი რადიუსი, ერთგვარი კლანურობა და თანამშრომლობის ჩვევების სისუსტე, პრობლემებს ქმნის. ამის ყველაზე მარტივი და პოპულარული მაგალითი საცხოვრებელი ბინებია. ხშირად მოწესრიგებული ბინების რკინის კარების მიღმა მოუწესრიგებელი სადარბაზოები, შესაკეთებელი სახურავებია. პრობლემების მოგვარებას კი სამეზობლოები რთულად ახერხებენ. როგორც კვლევამ აჩვენა, ეს მაინცდამაინც ფინანსურ პრობლემებთან არ არის დაკავშირებული. ცხადია, სოციალური კავშირების სისუსტეს გაცილებით სერიოზული შედეგები აქვს, ვიდრე მსგავსი ყოფითი პრობლემებია. ის ქვეყნის განვითარებას აფერხებს. მაგალითად საშუალო სკოლების თვითმმართველობა გამოდგება – კერძოდ, სამეურვეო საბჭოები, რომელთა შექმნაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სისტემის დეცენტრალიზაციისა და გაუმჯობესებისაკენ გზაზე. თუმცა, წევრების – მშობლების, პასიურობის გამო, ჯერჯერობით საბჭოები დიდწილად არაეფექტიანია, რაც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას აფერხებს.

განათლების სისტემა არაა ერთადერთი სფერო, სადაც სახელმწიფომ რევოლუციის შემდგომ დეცენტრალიზაციისაკენ გადადგა ნაბიჯები. მნიშვნელოვნად ლიბერალიზდა, მაგალითად, ეკონომიკაც. ამჟამად საქართველო მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. დასავლეთზე ორიენტირებული საბაზრო დემოკრატიის შექმნა, მოქალაქეებისგან ძალისხმევასა და ჩართულობას მოითხოვს. ბუნებრივია, ამ პროცესში თანამშრომლობაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ავიღოთ სოფლის მეურნეობა. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ამ სფეროშია დასაქმებული. თუმცა, წლიური დოვლათის მხოლოდ 10%-ს ქმნის. მცირე ფერმერები, რომლებიც თანამშრომლობის შემთხვევაში საკუთარ პროდუქტიულობას საგრძნობლად გაზრდიდნენ, ამას ვერ, ან არ აკეთებენ. CRRC-ის სოციალური კაპიტალის კვლევის მიხედვით, საერთაშორისო დონორებმა მსგავსი თანამშრომლობის ხელშეწყობა, უმეტესწილად, უშედეგოდ სცადეს. თანამშრომლობის ვერაწყობა, სახელმწიფოს, გარკვეულწილად, ჩარევისაკენ უბიძგებს.

თანამშრომლობის ჩვევების სისუსტე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეც მოქმედებს. სიძლიერით არც სამოქალაქო საზოგადოება – მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოირჩევიან. ქვეყანაში 10 ათასამდე დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა მათი მეასედიც კი არ ფუნციონირებს. მოქმედი ორგანიზაციების გავლენა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე მინიმალურია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სოციალური საყრდენის შეზღუდულობაა. CIVICUS Civil Society Index 2010-ის მიხედვით, განსაკუთრებით სუსტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში მოხალისეთა მონაწილეობაა. მათ მესამედს მოხალისეები საერთოდ არ ჰყავს. ბოლო ტენდენციები მოხალისეთა კიდევ უფრო კლებას გვიჩვენებს. იკლებს მთლიანად მოქალაქეთა ჩართულობაც – როგორც ფორმალიზებული, ასევე არაფორმალიზებული. ორგანიზაციებიც წევრობაზე არ არიან ორიენტირებული და საწევრო შემოსავლები მინიმალურია. ისინი, ძირითადად, დონორებზე არიან დამოკიდებული და მათსავე ინტერესებს წარმოადგენენ – საერთო ცოტა აქვთ მოქალაქეთა ყოველდღიურ საჭიროებებთან და წუხილებთან. შესაბამისად, ვერ მოქმედებენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები და შუამავლები. სამოქალაქო საზოგადოებაზე არაერთ კვლევაში აღინიშნა, რომ ამ ორგანიზაციებს პოლიტიკურ აქტორებთან არ შეუძლიათ საუბარი დიდი სოციალური ჯგუფების სახელით. გარდა ამისა, CIVICUS Civil Society Index-ის მიხედვით, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციები ვიწრო ნიშებს იკავებენ და ერთმანეთშიც იშვიათად თანამშრომლობენ.

აღსანიშნავია, რომ სოციალური კაპიტალი მხოლოდ „კარგი” სახით არ არსებობს. ზოგიერთი ჯგუფი შიდა მთლიანობას სხვებისადმი მტრულად განწყობისა და ხანდახან ზიანის მიყენების ხარჯზეც აღწევს. ამის მაგალითია აშშ-ში კუ-კლუქს-კლანი, მაფიოზური დაჯგუფებები სხვადასხვა ქვეყანაში. დღესდღეობით საქართველოში ამგვარი „არასამოქალაქო” სამოქალაქო ორგანიზაციის მაგალითად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გამოდგება. ამ არცთუ მრავალრიცხოვანი, თუმცა ეფექტიანი ჯგუფის წევრებს გაზიარებული იდეები და ურთიერთნდობა აერთიანებს, რაც გარშემომყოფების მიმართ სიძულვილის გამოხატვასა და ძალადობაშიც არაერთხელ გადაზრდილა. ის მოხალისეობრივ წევრობაზეა დაფუძნებული, რაც ქართული სამოქალაქო სექტორისთვის ესოდენ იშვიათია. საინტერესოა, რა განაპირობებს ამას მაშინ, როდესაც სხვა ორგანიზაციები რთულად ახერხებენ წევრობაზე დაფუძნებასა და ეფექტიანად თვითორგანიზებას?! მიზეზი, შესაძლოა, სწორედ ისაა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების უდიდეს ნაწილს არ აქვთ მყარი კულტურული საყრდენი. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობაც დაბალია – მხოლოდ 18% (საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის 2011 წლის მონაცემებით). მიზერულია ორგანიზაციათა ცნობადობაც. ამ დროს კი მმკ ადგილობრივ კულტურასა და გარკვეული ჯგუფების ფასეულობებს ეფუძნება.

სოციალურ კაპიტალზე როგორი გავლენა აქვს ფასეულობებსა და კულტურას, რობერტ პუტნამის კვლევამაც აჩვენა. მან აშშ-ში 30 ათასი ადამიანი იკვლია 5 წლის განმავლობაში მრავალფეროვან კომუნებში. კვლევამ, მისდა მოულოდნელად, აჩვენა იმიგრაციის უარყოფითი როლი – რაც უფრო მეტი განსხვავებულობა იყო კომუნებებში (რასობრივი, თუ ეთნიკური), მით უფრო იკლებდა სოციალური კაპიტალი არა მხოლოდ მთლიანობაში, არამედ კონკრეტული ჯგუფების შიგნითაც.

საქართველოში მოქალაქეთა ფასეულობებსა და საჭიროებებს არიან მოწყვეტილი უმეტესად პოლიტიკური პარტიებიც – მათი უმრავლესობა საზოგადოების დიდი ჯგუფების ინტერესებს ან ფრაგმენტულად, ან სრულებით ვერ წარმოადგენენ. აქაც აღსანიშნავია მოქალაქეთა დაბალი მონაწილეობა – პარტიებში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია გაწევრიანებული. CSI-ის მონაცემები პოლიტიკური პარტიის წევრებისა და მოხალისეების რაოდენობის კლებას გვიჩვენებს. 2006 წელს ის 5%-ს აღემატებოდა. ამის ერთერთი მიზეზი ისიცაა, რომ თავად პარტიები, რომლებსაც გამოკვეთილი პოლიტიკური პლატფორმა იშვიათად აქვთ, წევრებსა და მოხალისეებს არჩევნების წინ, ან აქციებისას უკეთებენ მობილიზებას. ძიება კი უპირველესად ნათესავებსა და მეგობრებში ხდება, რომლებსაც სანაცვლოდ შესაბამის სარგებელს სთავაზობენ. მსგავსი მიდგომები ნდობის დაბალი რადიუსის მქონე ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი და ხელს უშლის საზოგადოების შედარებით უცნობი წევრების კონსოლიდაციას იდეების, ღირებულებებისა და საერთო ინტერესების გარშემო, რაც გააძლიერებდა სამოქალაქო საზოგადოებას.

მოქალაქეთა დაბალ ჩართულობას მიმდინარე ცვლილებებში ხანდახან უკიდურესობებამდე მივყავართ. ეს ქუჩის აქციებსა და მსგავს რადიკალურ მოქმედებებში კარგად შეიმჩნევა. პასიური და არაინფორმირებული მოქალაქეების ნაწილი, შორეული დამკვირვებლები არიან. ამის გამო ხშირად ადეკვატურადაც ვერ აფასებენ მიმდინარე პროცესებს და, იმედგაცრუების შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს გზებს ირჩევენ. უკანასკნელ წლებში ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ. მათ გამოსავლად საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და მონაწილეობა კი არ მიაჩნიათ – არამედ იმათი სხვებით ჩანაცვლება, ვინც მათი საჭიროებები „ზემოდან” უნდა დააკმაყოფილოს.

რა უშლის ხელს საქართველოში ჯგუფებს შორის ხიდების გადებასა და სოციალური კაპიტალის გაძლიერებას? ამის პასუხი დიდწილად წარსულშია საძებნი. ურთიერთნდობა სწრაფად და გარეგანი სტიმულირებით ნაკლებად წარმოიშობა. იგი დიდი ხნის მანძილზე სპონტანური ურთიერთობებისა და სხვადასხვა ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური გამოცდილების ზეგავლენით ყალიბდება. სოციალური კაპიტალის დაბალი მარაგით გამოირჩევიან პოსტსაბჭოთა ქვეყნები. საბჭოთა დროს ადამიანებს არჩევანი წართმეული ჰქონდათ და ორგანიზაციებში იძულებით აწევრიანებდნენ. მათ ნაცვლად ყველაფერზე სახელმწიფო იღებდა პასუხისმგებლობას. ამ ქვეყნებში ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ნდობა, ჩვევები და რწმენა გაუქრათ, რომ ნებაყოფლობითი თანამშრომლობით, ცენტრის ჩარევის გარეშე, ინდივიდუალურ სარგებელს მიიღებენ. პოსტსაბჭოთა პერიოდში უნდობლობის სივრცე დიდწილად კვლავ ცენტრალიზებულმა მმართველობამ, ან სხვადასხვა კლანებმა დაიკავეს. ამას ბევრგან არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური გარემო დაერთო, რამაც კიდევ უფრო გაზარდა აპათია და ნიჰილიზმი. საქართველო საბჭოთა კავშირამდეც რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო. ქვეყანას სოციალური კაპიტალის მარაგის დასაგროვებლად საკმარისი დრო არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს დასაწყისში სამოქალაქო აქტივობების გარკვეული მცდელობები შეინიშნებოდა. CRRC-ის კვლევაში იხსენებენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნასაც. თუმცა, ასეთი თვითორგანიზებული აქტივობები ელიტას არ გასცდენია.

CRRC აღნიშნავს, რომ დღეს გარკვეული ჯგუფების ერთმანეთთან თანამშრომლობის მკაფიო ნიშნები გამოიკვეთა. ეს, ბუნებრივია, ურთიერთნდობას გაზრდის და თანამშრომლობისთვის საჭირო ჩვევებსაც ჩამოაყალიბებს. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა საზოგადოებაში ურთიერთობის „სამართლიან წესებს” ემხრობა. მაგალითად, 96% თვლის, რომ ავტობუსში ფულის გადაუხდელობა გაუმართლებელია. გადასახადების დამალვასა და ქრთამს თითქმის ყველა ეწინააღმდეგება.

გარდა თავად მოქალაქეთა ძალისხმევისა, რა გარეგანმა ფაქტორებმა შეიძლება გააძლიეროს სოციალური კაპიტალი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს – მით უმეტეს, რომ ის ხანგრძლივი გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება. თუმცა, ფუკუიამა მაინც გამოყოფს ზეგავლენის ფაქტორებს. მაგალითად, გლობალიზაცია ახალ ჩვევებსა და პრაქტიკებს ქმნის, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აკავშირებს ერთმანეთთან. სოციალური კაპიტალის ფორმირებაზე გავლენას ახდენს კომუნიკაციის საშუალებების განვითარებაც. ამერიკაში სოციალური კაპიტალის კლებაში ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად პუტნამი ტელევიზიას ასახელებდა, რადგან მან უამრავი ამერიკელი მოწყვიტა სხვადასხვა სოციალურ აქტივობას. მოსაზრებამ თავის დროზე დიდი დავა გამოიწვია. ვითარება ერთგვაროვანი არც ინტერნეტის შემთხვევაშია. ბუნებრივია, ტექნოლოგიების განვითარებამ, სოციალურმა მედიამ და ქსელებმა ურთიერთობების ფორმები მნიშვნელოვნად შეცვალა. ამიტომ, ბევრი ალაპარაკდა მათ უარყოფით გავლენაზე სოციალური კაპიტალის შემცირების თვალსაზრისით. თუმცა, კვლევებმა დაადასტურა, რომ ინტერნეტზე წვდომის ზრდა სოციალურ კაპიტალზე უარყოფითად არ მოქმედებს. მისი საშუალებით ადამიანები ალტერნატიული გზით იძენენ მეგობრებს, პარტნიორებს, თანამოაზრეებს, გეგმავენ ღონისძიებებს, ქველმოქმედებისთვის თანხებს აგროვებენ და ა.შ. ახალგაზრდების შემთხვევაში კი პოზიტიური შედეგიც გამოვლინდა – კერძოდ, სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ინტერნეტზე აქვთ წვდომა, უფრო ხშირად ერთიანდებიან სხვადასხვა კლუბებში. სოციალურმა ქსელებმა და მედიამ სოციალური აქტივიზმის ახალი პლატფორმაც შექმნა თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის. უახლოეს წარსულში Twitter-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილ პროცესებში. თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი აქტივობები განსხვავდება წარსული დროის სამოქალაქო აქტივობებისაგან, მაგალითად – გამოკვეთილი ლიდერებისა და სტრატეგიების არარსებობა ორგანიზებასა და მიზნების მიღწევას ართულებს. გარდა ამისა, მკვლევრები მიუთითებენ, რომ, მაგალითად, Facebook-ით იმგვარი აქტივობების მოტივირება ხდება, რომელიც ნამდვილი რისკების გაწევის ნაცვლად, ჯგუფის წევრებს ალტერნატიული ქმედებებისკენ უბიძგებს. ისინი საკუთარ თავსა და პოზიციას გამოხატავენ, თუმცა ვირტუალურ სამყაროს იშვიათად სცდებიან და მიმდინარე პროცესებზე გავლენას ძნელად ახდენენ.

სოციალური კაპიტალის ფორმირებასა და გაძლიერებაში, რელიგიას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. უფრო კონკრეტულად – რელიგიური ორგანიზაციების წევრობასა და რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობას. საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი რელიგიურია, მათგან 80%-ზე მეტი კი – მართლმადიდებელი. თუმცა, როგორც 5 წლის წინ ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ ჩატარებულმა ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევამ გვიჩვენა, რელიგიურ მსახურებებს კვირაში 1-ზე მეტჯერ მოსახლეობის მხოლოდ 5,9% ესწრება, ხოლო ერთხელ – 11,5%. მონაწილეობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, მაგალითად, აშშ-სა და ესპანეთში. სხვადასხვა კომპონენტის გაანალიზებით, კვლევამ საბოლოოდ აჩვენა, რომ რელიგიურად მოსახლეობის 5-12% ცხოვრობს, ეკლესიასა და რელიგიას კი უფრო ტრადიციული დატვირთვა აქვს, ვიდრე რეალურად მოქმედი და გავლენიანი საზოგადოებრივი ინსტიტუტის.

სოციალური კაპიტალის გასაძლიერებლად ქვეყნის მმართველებსაც საკუთარი ბერკეტები აქვთ. მნიშვნელოვანია საკუთრების უფლებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა ადამიანებმა ხელსაყრელ გარემოში მოახერხონ თანამშრომლობა. ამას გარდა, გასათვალისწინებელია მისი გავლენა განათლების სფეროში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ამ თვალსაზრისით, კერძო ინიციატივებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაა. განსაკუთრებით ისეთ სფეროებში – როგორიცაა ეკონომიკა, განათლება და ჯანდაცვა. რაც უფრო ნაკლები იქნება სახელმწიფოს როლი ამ სფეროებში, ინდივიდები საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ცენტრის ჩარევის გარეშე, მით უფრო შეეჩვევიან.

კომენტარები