პარტიების დაფინანსება

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი კანონის წინააღმდეგ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში „კლასიკური მაგალითია შეშინებული და სამარცხვინო ხელისუფალის , რომელიც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განეიტრალებას წელს ქვევით დარტყმებით ცდილობს“.

როგორც ხიდაშელმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, მას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლება, ასეთ „სისულელეს“ არ გააკეთებდა. "როგორც ჩანს, ამ ადამიანების შიშებს საზღვრები არ აქვს", - აღნიშნა ხიდაშელმა და განაცხადა, რომ საკითხი ასე არ დარჩება და ხელისუფლების გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ეკრძალებათ. ხოლო იმ პირებმა, ვისაც ამგვარი დაფინანსება მიღებული აქვთ და ჯერ არ დაუხარჯავთ, თანხები შემომწირველს უნდა დაუბრუნონ. ბოლო ორი თვის განმავლობაში რესპუბლიკელებმა, ხალხის პარტიამ, კონსერვატორებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული იურიდიული პირებისგან  ჯამში 4,1 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, მათ ამ თანხების დაბრუნება მოუწევთ.

"ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი მიღებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს . ინტერპრესნიუსთან საუბრისას მან ამ გადაწყვეტილებას "ოპოზიციის აშკარა პოლიტიკური დევნა“ უწოდა. მისი თქმით, ცვლილებები მიმართულია კოალიცია ქართული ოცნების და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. დავითაშვილს თქმით, მისი პარტია ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური მეთოდით გააგრძელებს ბრძოლას სამართლიანი არჩევნებისთვის.

 კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგურიც საკანონმდებლო ცვლილებებს ივანიშვილის გარშემო შეკრებილი „პოლიტიკური ალტერნატივის“ დევნად აფასებს.

"ხელისუფლების აშკარა და დაუფარავი სურვილია, მომავალმა კოალიციამ საპარლამენტო არჩევნები ფინანსების გარეშე ჩაატაროს", - განუცხადა ინტერპრესნიუსს ძიძიგურმა.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც დემოკრატიის ნორმებთან საერთო არაფერი აქვს.

 რაც შეეხება თანხებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პარტიების ანგარიშებზე ჩაირიცხა, ძიძიგურის განცხადებით, მისი დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე კოალიცია იმსჯელებს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

 არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი  "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს არაკონსტიტუციურს უწოდებს და საქართველოს პრეზიდენტს  კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო-ს უფლების გამოყენების თხოვნით მიმართავს.

მიმართვას ხელს აწერს "ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "კოალიცია არჩევანის თავისუფლება" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო", რომელთა წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე დღეს "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენცია გამართეს და განცხადება გაავრცელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მიღებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რომლის თანახმადაც "არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს".

"დარღვეულია ასევე ნორმატიული აქტების შესახებ კანონის 24-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს", - აღნიშნულია განცხადებაში.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტო-ს უფლებას არ გამოიყენებს, არასამთავრობოები პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ. თუმცა, მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის 9-თვიანი ვადა აქვს, რაც პროცესების გაჭიანურებას გამოიწვევს.

კომენტარები