პარტიების დაფინანსება

რა ცვლილებებია დაგეგმილი კანონში პოლიტ გაერთიანებების შესახებ

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში  ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს:  პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება და სხვა კანონით დაშვებული  შემოსავლის რაოდენობა არ აღემატებოდეს წინა წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტს.

აგრეთვე, ცვლილებები გულისხმობს  პარტიას  აეკრძალოს  - კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.

მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ  ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად,  დაფინანსებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები უნდა გავრცელდეს     იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ან სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ.  ამასთან, პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს თითოეული მოქალაქისგან. საწევროს წლიური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს პარტიის თითოეული წევრისაგან.

ინიცირებული  საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით,   შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15-% მეტს წარმოადგენს მის, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები. მოქალაქემ შემოწირულობა შეიძლება გააკეთოს წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ შემოწირულობათა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს   კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 60 000 ლარს.

ცვლილებები ასევე გულისხმობს: პარტიის მიერ საწევროების, აგრეთვე მოქალაქეებისგან შემოწირულობების სახით ფულადი სახსრების მიღება მოხდეს  მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.  შემოწირულობის განხორციელებამ სხვა პირთა მეშვეობით, კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლით, განაპირობოს  შემოწირულობის მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სამართალდამრღვევ პირებს დაეკისროთ  კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა,   პოლიტიკური პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგი განახორციელოს  საქართველოს კონტროლის პალატამ.

კანონპროექტს   საქართველოს პარლამენტი   უახლოეს მომავალში განიხილავს.

 

 

კომენტარები