თურქეთი

თურქეთმა ბოდიში მოიხადა

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სახელმწიფოს სახელით ბოდიში მოიხადა 1930-იან წლებში ისტორიული დერსიმის (დღევანდელი თუნჯელი) ოლქში – რომელიც უმეტესწილად ალავიტებითაა დასახლებული – სახელისუფლებო ძალების მიერ მასობრივი რეპრესიების გამო. 1936-39 წლებს თურქეთის ისტორიის ბნელ წლებსაც უწოდებენ. იმ დროს 13 806 ადამიანი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული დოკუმენტები, რომლებიც დერსიმის მოვლენებს დეტალურად ასახავს. 

ოფიციალურმა აღიარებამ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა. საზოგადოებრივი აზრი გამოიკითხეს თუნჯელსა (435 ადამიანი) და 30 ქალაქში (1367 ადამიანი). ერდოღანის ბოდიში დადებითად თუნჯელის მოსახლეობის 71%-მა, ხოლო თურქეთის მთლიანი მოსახლეობის 52%-მა შეაფასა. ალავიტების გარდა, სხვა ჯგუფებს, რომლებმაც 1915 და 1955 წლებში საკუთარ თავზე გამოსცადეს უმოწყალო ანგარიშსწორება (სომხები, ბერძნები და სხვა არამუსლიმი ეროვნული უმცირესობები), მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია მათი შემთხვევების დაუფარავად განხილვა. 

ერდოღანის ნოვატორული ნაბიჯის უკან პოლიტიკური მანევრი იმალება. დანაშაულის საჯაროდ აღიარებისას, პრემიერ-მინისტრმა მსგავსი საქციელისკენ მთავარ ოპოზიციურ, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას მოუწოდა, რომელიც 1950 წლამდე ქვეყნის ერთპარტიულ მმართველ ძალას წარმოადგენდა. ერდოღანმა დღევანდელი რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს, ქემალ ქილიჩდაროღლუს, რომელიც წარმოშობით თუნჯელიდანაა, მიმართა – მასობრივი ჟლეტისათვის საკუთარი პარტიის სახელით საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ერდოღანის ამ განცხადებას თუნჯელის 69,3%-მა, ხოლო თურქეთის მთლიანი მოსახლეობის 55%-მა დაუჭირა მხარი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ თავად თუნჯელის მოსახლეობასა და დანარჩენი თურქეთის მოსახლეობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიის რიგებში. დერსიმის მოვლენები არაერთხელ გამხდარა რესპუბლიკური სახალხო პარტიის შიგნით უთანხმოებების წყარო. პარტიის ერთ-ერთი დეპუტატი, ჰუსეინ აიგუნი, ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ ისტორიას. ის ამტკიცებდა, რომ დერსიმში არავითარი აჯანყება არ ყოფილა – ხელისუფლება უნიტარული ინტერესებიდან გამომდინარე სასტიკად გაუსწორდა მოსახლეობას. პარტიის შიგნით დებატების გამო, ზოგიერთმა დეპუტატმა აიგუნს პარტიის დატოვებაც კი შესთავაზა. 

მიუხედავად ყველაფრისა, ქილიჩდაროღლუს პარტია ალავიტების მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, ალავიტების ასოციაცია ითხოვს, პარტიამ გულწრფელად განიხილოს მათი იდენტობის საკითხი. 

ანკარაში რესპუბლიკური სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, გიურსელ თექინის  თქმით, „პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით დინამიტი ჩადო ჩვენი ნაციის ერთობის საფუძველში”. დერსიმის ასოციაციის თავმჯდომარის, იუჯელის აზრით კი, „ეს პროგრესი გამოწვეული იყო მრავალი წლის მანძილზე ჩვენი მოთხოვნებით”.

შიდა დაპირისპირების გამო, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას თანასწორობის პარტიასთან შერკინება გაუჭირდება. 

კომენტარები