თბილისის კინოფესტივალი

თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი დღე

დღეს თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი დღეა. კინოთეატრ ამირანში მაყურებელს საშუალება აქვს მთელი დღის განმავლობაში არაერთი ფილმი ნახოს.

17 საათზე გერმანული ფილმის ”ბაიკონური”  ჩვენება შედგება. ისტორია სოფლის მცხოვრებლებზე მოგვითხრობს,  რომლებიც კოსმოსური სადგურის, ბაიკონურის მახლობლად ცხოვრობენ და კოსმოსური ხომალდების ნარჩენების შეგროვებითა და გაყიდვით ირჩენენ თავს. სოფელში სულ ორი ახალგაზრდაა დარჩენილი, რადიოოპერატორი ისკანდერი, მეტსახელად „გაგარინი“ და ენერგიული ნაზირა. ნაზირა მალულად ეტრფის ისკანდერს, ისკანდერი კი კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობს და აღტაცებით ადევნებს თვალს სატელევიზიო ცნობებს მშვენიერი ფრანგი ქალის, ჟულის კოსმოსში მოგზაურობის შესახებ. როდესაც ჟული კოსმოსური კაფსულით მიწას ენარცხება, მას სწორედ ისკანდერი პოულობს და გადაარჩენს. რადგან კატასტროფის შემდეგ ჟიულის აღარაფერი ახსოვს, ისკანდერი სტეპების კანონს იყენებს და მას თავის საცოლედ აცხადებს. ცხადია, ტყუილი მალე მჟღავნდება და ისკანდერმა ილუზიასა და რეალობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. 

19 საათზე ორი ფილმის ჩვენება გაიმართება. მცირე დარბაზში შვედური ”ხმაურის ხმა” გავა, დიდ დარბაზში კი ლეო კარაქსის არაერთი ჯილდოს მფლობელი ფილმის ”ცუდი სისხლი”  ჩვენება შედგება. ფილმის დასრულების შემდეგ 21 საათზე  ლეო კარაქსი კითხვა-პასუხის ფორმატში შეხვედრას გამართავს მაყურებელთან.

კომენტარები