შპს ”სტუდია მაესტროს” ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ”მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის მაკა ასათიანის განცხადება გაავრცელა. მაკა ასათიანი აღნიშნავს, რომ 2010 წლიდან ”მაესტროს” მართვის კომპანიაში მისი ხელშეწყობით დაიწყო თანხების ინვესტირება და 2011 წელს მამუკა ღლონტისგან და ილია კაკაბაძისგან მიიღო ინფორმაცია ფინანსების თაობაზე, ამასთან მმართველი კომპანიისგან გამოითხოვა მისთვის გადარიცხული თანხების ანგარიშ-შედარება , ” აღმოჩნდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს სისტემატურად, დროის გარკვეულ მონაკვეთში ინვესტირებული თანხების გაბერვის გზით, მოპარული ჰქონდა დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა,”- ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში. ავტორი მიუთითებს, რომ კიწმარიშვილმა ფაქტი აღიარა და თანხის დაბრუნების პირობაც დადო მაგრამ ამაოდ. განცხადების თანახმად, მას განემარტა, რომ სანამ ფულს არ დააბრუნებდა მართვის კომპანია ვერ მიიღებდა ვერც ერთ თეთრს. მაკა ასათიანი აღნიშნავს, შექმნილ სიტუაციაში გადაწყვიტა ”მაესტროს” პირდაპირი გზით დაფინანსებით უზრუნველეყო მაუწყებლობა. ” კიწმარიშვილმა კი გადაწყვიტა მისთვის ჩვეული თაღლითური ხერხებისთვის მიემართა. სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით შეეკრა ხელისუფლებას, დაგეგმა დანაშაულებრივი ქმედება , კერძოდ, ტელეკომპანია "მაესტროში" შეიჭრა და "იმედი 2"-ის სცენარი გაითამაშა. ბუნებრივია, ეროსი კიწმარიშვილი "მაესტროს" ღობეზე გადაძრომას და ტელეკომპანიაში შეჭრას ვერ გაბედავდა, თუ არა მისი წინასწარი ალიანსი-გარიგება ხელისუფლებასთან, ”- ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში. ის ირწმუნება , რომ კიწმარიშვილს 2010 წლის აგვისტოდან არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ”მაესტროში”, და ახლა ” საკუთარი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდებას ღობეზე გადაძვრომით და შენობის დაკავებით შეეცადა.”
მაკა ასათიანის მიერ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით ტაბულას ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწემ განუმარტა, რომ კიწმარიშვილი ასათიანის განცხადების საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწემ აღნიშნა, რომ კიწმარიშვილი რჩება ტელე-კომპანია ”მაესტროს” შენობაში, რომელიც ამ ორიოდ დღის წინ დატოვეს დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა და ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას მის მოთხოვნაზე "მაესტროს" 100%-იანი წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით.




