თეატრი

რობერტ სტურუას კალეიდოსკოპი

რუსთაველის თეატრის გასული (132-ე) და ახალი (133-ე) თეატრალური სეზონი რობერტ სტურუას ,,ნადირობის სეზონით“ დაიხურა და გაიხსნა. პრემიერის შემდეგ, რეჟისორმა წარმოდგენა, ჩვეულებისამებრ, ოდნავ შეამოკლა, მაგრამ აქცენტები უცვლელი დატოვა.

„ნადირობის სეზონისადმი“ (პიესის ავტორი თამაზ ჭილაძე) ინტერესს მაყურებელი არ დაკარგავს. სპექტაკლი, ერთი შეხედვით, რებუსია, ერთგვარი თავსატეხი, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით! სინამდვილეში, ყველაფერი ნათელია, ოღონდ „რთულად“ მოწოდებული. წარმოდგენაში ზღაპარს მხოლოდ ეკრანიდან გვიყვებიან - დისნეის ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ დახმარებით, ნახატი ფილმებისთვის ჩვეული „ჰეფი ენდით“. თავშესაქცევი ისტორია სატყუარაა, დამაინტრიგებელი პრელუდია იმის, რაზედაც სინთეზური ხელოვნების ოსტატი გვიამბობს. რეჟისორი მოუთხრობს არა მხოლოდ მათ, ვისაც სტურუას წინა პერიოდის ნამუშევრები უნახავს, მის შემოქმედებას მეტ–ნაკლებად იცნობს, პარალელელების გავლებაც შეუძლია და კონკრეტულ დადგმაში ძველი სპექტაკლებიდან “ამოვარდნილი” და ახლებურად გაბნეული დეტალების, ნიშნების ამოკითხვა არ გაუჭირდება, არამედ იმათაც, ვინც მის წარმოდგენაზე პირველად მოხვდება და ვისთვისაც სიუჟეტი სატელევიზიო შოუებივით მარტივად აღსაქმელი არ აღმოჩნდება. ადამიანი თუ ემპათიურია, როგორც მაყურებელი, სიტყვით, მიმიკით, პლასტიკით, სცენოგრაფიული აქცენტებით (მხატვარი თემურ ნინუა) აუცილებლად იგრძნობს, რა ხდება სცენაზე. ერთი სიტყვით, სტურუას ,,ნადირობის სეზონი” ჩვენზეა, თვალებახელილებზეც და თვალებახვეულებზეც.

ახალი დადგმა ერთგვარი კალეიდოსკოპია. წარმოდგენაში გამოკვეთილია ყველა ტკივილი და სათქმელი, რასაც ოდესმე შეუწუხებია ქართველი რეჟისორი, როგორც მოქალაქე და როგორც შემოქმედი. თეატრალური ხელოვნების მოყვარულებს სტურუას წინა სპექტაკლებთან და მსახიობებთან ასოციაციები აუცილებლად გაუჩნდებათ, მაგრამ მათ, ვისაც რეჟისორის დადგმები ჯერ არ უნახავთ, წარმოდგენის კალეიდოსკოპად აღქმაში დადგმის ვიზუალური მხარე, „ვიზუალური ეფექტი“ დაეხმარებათ. ერთდროულად რამდენიმე პლანზე განვითარებულ მოქმედებას რომ თავი დავანებოთ, სურათი კალეიდოსკოპურია: მანეკენები, უსულო საგნები, ცოცხალი არსებები, ვირტუალური სამყარო, რომელიც პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით არის ჩართული, ერთმანეთშია არეული. ასეთ მრავალფაქტურულ კომპლექსში გამოკვეთილია გასული საუკუნის კავშირი XXI–სთან. სპექტაკლში ჩანს ეპოქის გაანალიზების სირთულე და სპეციფიურობა: დღეს ისე, როგორც არასდროს, წარსულს ვერ განერიდები და რამდენად გულმავიწყიც არ უნდა იყო, თავს ვერ დააღწევ მას, რაც უკვე მოხდა!

,,ნადირობის სეზონი“ მარტივი მოსაყოლი არ გახლავთ. საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და შეაფასოთ დადგმა, რომელიც, რობერტ სტურუას ბოლო პერიოდის ნამუშევრებიდან გამორჩეულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის რეჟისორის შემოქმედების ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასასრული, ან უფრო ოპტიმისტურად – ახლის დასაწყისი, ხედვითა და სიმძაფრით გამორჩეული. რაში მდგომარეობს სტურუას გენიალობა და ოსტატობა? უპირველესად იმაში, რომ ერთი შეხედვით მოძველებულ, დრომოჭმულ ტრადიციულ თეატრალურ ფორმაში სათქმელი მაინც ყველაზე თანამედროვედ გვითხრა და მოგვაწოდა.

რატომ არის დადგმა მნიშვნელოვანი? რობერტ სტურუას შემოქმედებას თუ გადავავლებთ თვალს, გვერდს ვერ ავუვლით სპექტაკლებს, რითაც სახელი გაითქვა: „ყვარყვარე“ (1974), ,,კავკასიური ცარცის წრე“ (1975), „რიჩარდი III“ (1979), ,,ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980), „მეფე ლირი“ (1987), ასევე, შედარებით ბოლო პერიოდის ნამუშევრები: ,,ჰამლეტი“ (2001), „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“ (2005) და ა.შ. თითოეულში რეჟისორი წარმოაჩენს მთავარ გმირს, რომელმაც ხელში მართვის სადავეები ჩაიგდო. ზემოთ ჩამოთვლილ დადგმებში სტურუა გვიხატავს ლიდერის პორტრეტს და გვაჩვენებს, რამდენად საშიში და დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს მმართველის ძალაუფლება, დაწინაურებულის დაუფიქრებელი და გაუაზრებელი ნაბიჯები. მაგრამ წარმოდგენაში, რომელიც რეჟისორმა თამაზ ჭილაძის ამავე სახელწოდების პიესაზე ააგო, რაკურსი რადიკალურად შეცვალა და ხედვის წერტილი ლიდერიდან საზოგადოებაზე გადაიტანა. სტურუას ობიექტივში მოექცა საზოგადოება, რომელშიც რეჟისორი ყველანაირი პრობლემის სათავეს ხედავს. საზოგადოების სახის წარმოჩენის მცდელობები სტურუას ადრინდელ სპექტაკლებშიც შეინიშნება, ესენია: ,,სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (1993), ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ (1997), ,,კაცია–ადამიანი?!“ (2000), ,,სტიქსი“ (2004), ,,ვანილის მოტკბო სევდიანი სურნელი“, ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, ,,ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებლები“, მაგრამ ასე მძაფრად, რადიკალურად და მთელი სიცხადით, ვფიქრობ, არსად! რეჟისორი, როგორც ჩანს, თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მეტ პრობლემას ხედავს, ვიდრე რომელიმე ლიდერში. საფრთხე თქვენშიაო, გვეუბნება და გადავყავართ საოცრად ეკლექტურ, როგორც ფორმით ასევე შინაარსით, სამყაროში. სტურუას პერსონაჟები გაურკვეველი ისტორიისა და წარმომავლობისანი არიან, თითქოსდა არ ახსოვთ წარსული, ვერ ცნობენ წინაპრებს და სისხლით ნათესავებსაც კი უცხო ადამიანებში დაეძებენ. მშობლები, შესაძლოა, არც დაუკარგავთ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, სად არიან ისინი, რომელ მოხუცთა თავშესაფარში, როდესაც მათ გარდაცვლილებად თვლიან ?! ძილ–ბურანში ყოფნა ერთგვარი თავის გადარჩენაა, ვინც ასეთ გზას ირჩევს, ადვილად სამართავია. ამის მაგალითები დადგმაში ამერიკის, როგორც ყველაზე ცნობილი ხატის, ნიშანთა (დისნეის ნახატი ფილმი, ამერიკული ბოტასი, მერლინ მონრო, ძმები კენედები) ფონზე იკვეთება. მაგრამ სატკივარი იმდენად მასშტაბური და საერთოა ყველასთვის, რომ ერთი სახელმწიფოს საზღვრებს ცდება. კონკრეტულიდან განზოგადებული სათქმელი თანამედროვე საზოგადოების ღირებულებათა გაუფასურებაში, მისი სახედაკარგული წევრების წარმოსახვით ცხოვრებასა და განცდებში, ალუზიებსა და გაუთავებელ მოლოდინში იკითხება. მახსენდება „გოდოს მოლოდინის“ პერსონაჟები, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვა „მოლოდინის“, არამედ დროსა და სივრცეში დაკარგული გმირების გამო. ასეთი პარალელები აუცილებლად გაგიჩნდებათ, აკი გითხარით კიდეც, რომ ,,ნადირობის სეზონი“ სტურუას მთელი შემოქმედების კალეიდოსკოპია, რაც ძველის განმეორებას სულაც არ გულისხმობს.

პერსონაჟებზე დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ალე (გოგა ბარბაქაძე) დრამატურგია, ხოლო ია (ია სუხიტაშვილი) – მსახიობი, რომელიც ერთსა და იგივე მონოლოგს პერიოდულად კითხულობს. ამ დროს გამორბის პარტერში შეჭრილ ფიცარნაგზე, ძალიან ახლოს მაყურებელთან, საზოგადოებასთან, რომლის სილამაც შეიძლება გამოაფხიზლოს, უბიძგოს გააცნობიეროს რეალობა ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ცხადის აღქმა, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს, მაგრამ იმაზე მტკივნეული რა უნდა იყოს, როდესაც ორი სამყაროს ზღვარზე მთვარეულივით ცხოვრობ?! ,,დროთა კავშირის დარღვევისას“ თუ უფრო დაბერებულ–დაბრძენებული ჰამლეტი (ზაზა პაპუაშვილი) ყოფნა–არ ყოფნის მონოლოგს აღარ კითხულობდა, მხოლოდ წარმოთქვამდა: „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები…“ და ლოზუნგებად დარჩენილ „გამოსავალზე“ მიგვანიშნებდა, ია სუხიტაშვილის გმირს ეს “სიტყვებიც“ აღარ ყოფნის, ისევე როგორც აღარ ყავს წინაპარი, არა აქვს მისი საფლავი და ერთადერთი, რაც გამოიგონა, ან გააჩნია, მამის მიერ მინის ჭიქაძე დატოვებული ანაბეჭდია, თუმცა, ესეც სათუოა და კაცმა არ იცის, ვის ეკუთვნის, რეალურს თუ გამოგონილს... მეორეს მხრივ, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაშიც შეიძლება „არსებობდნენ“ ამოუცნობი პიროვნებები, რომელთა კვალი დაკარგულია...

მანერულობითა და პლასტიკით გამორჩეული რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობების – ზაზა პაპუაშვილისა და ნინო კასრაძის თამაშთან ასოციაციები მაყურებელს წარმოდგენის დასაწყისში უჩნდება, განსაკუთრებით გოგა ბარბაქაძის სცენაზე გამოჩენისას. შეფარვითი მიმბაძელობა, შესაძლოა, გააზრებულიც იყოს. სტურუა, თითქოს, შეეცადა, წარმოდგენაში ჩაედო ყველაფერი, რაც უკვე შექმნა და გამოძერწა. ასეთი განცდა გამიჩინა იმან, რომ პირველი სცენების შემდეგ ახალგაზრდა მსახიობები უკვე „ინდივიდუალურად“ ვითარდებიან, აღარავის აღარ ბაძავენ, ინარჩუნებენ ზომიერებას, თავს აღწევს ტელეეკრანზე განსახიერებულ პერსონაჟებს (გოგა ბარბაქაძე), ან უკვე ნათამაშებ როლებს (ზუკა პაპუაშვილი). ია სუხიტაშვილი კი ქმნის გმირს, რომელიც არა მხოლოდ მისი სამსახიობო კარიერისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ თანამედროვე ქართული თეატრისთვისაც. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. იამ ითამაშა ურთულესი როლი, განასახიერა პერსონაჟი, რომელიც მხოლოდ წარმოსახვით საზრდოობს, მოწყვეტილია კონკრეტულ დროს, სივრცეს, ფესვებს, თითქოსდა უთვისტომოა, უწინაპრო, ვიღაცის ან რაღაცის, გაუთვითცნობიერებლის მომლოდინე და ეული, რომელიც სულ შფოთავს, თვალებით სევდა და ტკივილი „დააქვს“, ცხოვრობს თავის სამყაროში. ასეთი პერსონაჟის განსახიერება იოლი არ არის, მით უფრო მაშინ, როდესაც ტექსტი ერთს ნიშნავს, პლასტიკური ნახაზი – მეორეს, ხოლო სცენოგრაფია, სივრცე, სადაც პერსონაჟი ტრიალებს და სიუჟეტი ვითარდება – მესამეს. ურთულეს მხატვრულ ამოცანას მსახიობმა საუკეთესოდ გაართვა თავი, გვაჩენა რომ ღრმა და მოაზროვნეა, რომ, თითქოსდა, ძალიან მარტივად აქვს თავიდან ბოლომდე გააზრებული როლი, რომელსაც საოცარი პლასტიკით ქმნის. ია როგორც პარტნიორიც გამორჩეულია და რეჟისორის მიერ დასმულ აქცენტებს ზუსტად პასუხობს.

ია სუხიტაშვილის, როგორც მსახიობის, ნიჭიერების მანიშნებელია ფაქტი, რომელიც თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებული მრგვალი მაგიდისას მოხდა. ერთმა უცხოელმა კრიტიკოსმა დასვა შეკითხვა, ეს პიესა ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის ხომ არ დაიწერაო, და როდესაც ვუპასუხე, რომ პიესა თამაზ ჭილაძემ 1994 წელს შექმნა და ია სუხიტაშვილი აღნიშნულ როლზე შემთხვევით დაინიშნა, პრემიერამდე, დაახლოებით, სამი კვირით ადრე, უცხოელმა კრიტიკოსებმა ოვაციები ვერ დამალეს და ტაში შემოჰკრეს... ამაზე დიდი წარმატება მსახიობისთვის რა უნდა იყოს?! თუ სტურუა არ გიყვართ და არ ,,გესმით“, სპექტაკლზე იას სამსახიობო ოსტატობის სანახავად მაინც უნდა მიხვიდეთ, დანარჩენს თავად სპექტაკლი იტყვის… დავსძენთ იმასაც, რომ ასეთი მაყურებლის არსებობის შესახებ სტურუამ კარგად იცის და სპექტაკლში გარკვეულ განმარტებებს აკეთებს მათთვის, ვინც შეიძლება არ იცოდეს თუ რას ნიშნავს, მაგალითად, ანანასი კომოსუსი, გედი და ა.შ.

რადგან წარმოდგენის მთავარი სიმბოლო გედი ვახსენე, აქვე იმასაც გეტყვით, რომ რობერტ სტურუა კონკრეტული სპექტაკლის საშუალებით დადგმის სემიოტიკური კვლევის საშუალებას გვაძლევს. ,,ნადირობის სეზონი“ ნიშანთა სისტემით ისეა „დახუნძლული“ და მისი ვიზუალური გადაწყვეტაც ასეთი ტიპის კვლევას იმდენად საჭიროებს, რომ სტურუამ, გეგონება, თანამედროვე თეორეტიკოსებზეც „იზრუნა“ და ყველას თეატრალური დადგმის ახალი მეთოდით გაანალიზებისკენ უბიძგა. დრამისა და თეატრის სემიოტიკური შესწავლა XX საუკუნის 30–იანი წლებიდან დაიწყო და ევროპაში თანდათან განვითარდა, საქართველოში კი ყველაფერი ახლა იწყება. მისი გამოყენების აუცილებლობაში სტურუას სპექტაკლმა დაგვარწმუნა. რა კონტექსტში გვთავაზობს რეჟისორი, მაგალითად, გედს, როგორც სიმბოლოს, რა შემთხვევაში იძენს ის დამატებით მნიშვნელობას და აზრს, როდის გამოდის წინა პლანზე, უკან, მაღლა, ან რისი მანიშნებელია ეს ყველაფერი? . . ყოველივე ზემოთ აღნიშნული თეატრმცოდნეებისთვის ცალკე კვლევის საგანი შეიძლება გახდეს.

საერთოდ, “ნადირობის სეზონი” რთულად მოსახელთებელი და ფურცელზე ძნელად გადასატანი სპექტალია, ერთ გორგალს, თითქოს, რამდენიმე წვერი აქვს და გააჩნია ძაფს საიდან ამოუხვევ, რას ჩათვლი მაგისტრალურ ხაზად. დადგმა ერთგვარი რებუსია, მხოლოდ მისი სირთულე კომბინაციის მრავალმხრივობაშია.

დრამატურგს და დრამატურგიას რაც შეეხება, არ დამავიწყდება ჟესტი, რომელიც თამაზ ჭილაძემ სპექტაკლის პირველი ჩვენების დამთავრების შემდეგ, სცენაზე ასვლისას გამოიყენა: მან ხელები გაშალა, ხელის მტევნები გადაატრიალ–გადმოატრიალა და მაგარი ხარო, უთხრა სტურუას... ვინც პიესას წაიკითხავს, მიხვდება თუ რატომ დაემართა ეს დრამატურგს, რომლის ნაწარმოებიც სტურუას პირველად არ განუხორციელებია, მანამდე იყო: ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ (1980) ,,ნახვის დღე“ (1999), ,,ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“. შეიძლება ითქვას, რომ პიესა არ არის შეცვლილი და ჭილაძის ტექსტი, თითქმის, უცვლელად არის დატოვებული. კოსტიუმის აღწერაც კი ზედმიწევნით არის გამოყენებული, ისე, როგორც რემარკაშია მითითებული: – ,,ია, წამოდგება. გრძელი, ჩაფართხუნებული მეზღვაურის მაისური აცვია, მუხლებამდე წვდება. ხელის მტევნები არ უჩანს. ეტყობა, ალეს მაისურია“. ასევე, მინიშნებები: ,,შემოდის მულტფილმის უფლისწული“, ,,უფლისწული იღებს ჯიბიდან ერთ ცალ წითელ ,,ადიდასს“ და ა.შ. ანუ ყველაფერია, თვით მერლინ მონროსა და ძმები კენედების ჩათვლით. თუმცა, ტექსტის გარდა, დადგმაში მიმდინარეობს პარალელური თხრობა, სტურუას თხრობა. შემოტანილია ნიშანთა წყება, ხატებები, სიმბოლიკა და ერთგვარი მესიჯები, რამაც მთლიანობაში თამაზ ჭილაძის ტექსტი გააცოცხლა და გაამძაფრა, მეტად სახიერი და მკაფიო გახადა. ამიტომაც იყო, რომ დრამატურგი ერთდორულად გაოცებულიც ჩანდა და ამასთან, საოცრად ბედნიერიც. ეს წარმატებული ტანდემი აღმოჩნდა არა მხოლოდ რეჟისორ–დრამატურგისთვის, არამედ, როგორც სტურუას სჩვევია ხოლმე, მთელი ანსამბლისთვის, იქნება ეს სცენოგრაფი (თემურ ნინუა), გამნათებელი (გოჩა გიორგაძე) თუ სამსახიობო ჯგუფი... და კიდევ, ხელებაბყრობილი, სრულიად ,,უტყვი” მანეკენები, რომლებსაც მაყურებლის თვალწინ აუპატიურებენ და თავებს აცლიან.

წერილის დასასრულს, კიდევ ერთხელ შევეცდები გიპასუხოთ მათ, ვინც ამბობს რომ სტურუას დადგმა ვერ გაიგო. სიუჟეტთან დაკავშირებით პასუხს თავად დრამატურგი გაგცემთ: „ამ ფანტასმაგორიას, რომელიც ერთი შეხედვით ყოველგვარი კონკრეტიზაციისგან შორსა დგას და მარტოხელა მსახიობი ქალის განცდების გადმოცემის ცდას წარმოადგენს, შეიძლებოდა „სიმარტოვის პოემაც“ რქმეოდა, რომელიც სავსეა თუ გამრავალფეროვნებულია ხილვებით თუ წარმოსახვებით, სიზმრისა და ცხადის უცნაური მონაცვლეობითა თუ დამთხვევებით. და რამდენადაც თვით ფანტასმაგორიასაც კი თავისი ე.წ. იდეური პათოსი გააჩნია, ამ შემთხვევაში, ის აზრი პრიორირებს, რომ დღევანდელ უკიდურესად, დრამატულად პოლიტიზირებულ მსოფლიოში (დეგის ფრენა პლანეტის გარშემო), შეიძლება, სწორედ უსაზღვრო მასშტაბურობის შთაბეჭდილებას ქმნიდეს! ყველაზე აქტუალური, ალბათ – მთავარი პოლიტიკა ადამიანის პიროვნების შენარჩუნებისთვის, თუ გადასარჩენად ბრძოლაა!“ (ხელნაწერი ინახება რუსთაველის თეატრის მუზეუმში – თ.კ.) მაგრამ სტურუა რისი სტურუაა, თუ საკუთარ აქცენტებს არ გამოკვეთდა და ლიტერატურულ მასალას რეჟისორის სათქმელს არ დაამატებდა, არ გააძლიერებდა და უფრო გამომსახველს არ გახდიდა... მაინც რაზე აკეთებს სტურუა აქცენტს? მკვლელების გარემოცვაში მყოფი შლაპიანის მონოლოგზე: – ,,აი, მე პირადად, მშვიდობისთვის ბრძოლას შევეწირე. გამიყვანეს და კედელთან დამაყენეს, რომელზედაც დიდი ასოებით მეოცე საუკუნის ყველაზე აბსურდული ფრაზა ეწერა: „დაივიწყე ყველაფერი, დალიე „კოკა კოლა“! ექვსმა მესროლა, ექვსმა ჯარისკაცმა. არადა, ოქმი რომ შეადგინეს, დიახ, სიკვდილსაც ოქმი ჭირდება, ხუთი ნატყვიარი აღმოაჩნდა. ერთმა ამაცდინა. შეგნებულად, რადგან აცდება შეუძლებელი იყო. როცა ჩემი დამზოგველის ვინაობა ვერ დაადგინეს, ექვსივე დახვრიტეს. მე კი სულ იმ ერთზე ვფიქრობ, იმ ერთს დავეძებ. არადა, როგორ გინდა იპოვო ამდენ ხალხში ერთი ნამდვილი ადამიანი!“

 

კომენტარები