მაესტრო

კიწმარიშვილი მაესტროს დამფუძნებლების და ივანიშვილის შესახებ

“მაესტროს” მმართველი კომპანიის დაფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან ბიძინა ივანიშვილის სახელით მოლაპარაკებებს გია ხუხაშვილი აწარმოებდა . დღევანდელ პრესკონფერენციაზე კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ იყო შეხვედრა ბიძინა ივანიშვილისა და მამუკა ღლონტს შორისაც. 

“ივანიშვილთან ლღონტის და მისი პარტნიორების საუბრის დროს იყო შეთავაზება, რომ რამდენიმე ჟურნალისტი გადავიდოდა სამუშაოდ ბიძინა ივანიშვილთან. მხოლოდ ამას ვამბობ, მეტს არაფერს. მეორე ნაწილი არის ის, რომ ამავე პერიოდში დამფუძნებლებმა ჩემთან ეპისტოლარულ ჟანრში დაწყეს საუბარი, მათი გააქატიურება დროში ზუსტად ემთხვევა ივანიშვილის გამოჩენას. ამ ურთიერთობის შედეგი არის ის რომ ივანიშვილის “გლობალ TV”-ის მეშვეობით “მაესტრო” უკანონოდ მაუწყებლობს ”, - აღნიშნა კიწმარიშვილმა. მისივე თქმით, “გლობალ TV” ბიძინა ივანიშვილის და მისი ძმის მფლობელობაშია. “ყველა აქტივი, ყველა უძრავ-მოძრავი ქონების ვალდებულება ჩემია”, - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.

გუშინდელი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ტელე-კომპანია “მაესტროს” შენობა დატოვეს კომპანიის დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა, ეროსი კიწმარიშვილმა კი ღამე “მაესტროს” შენობაში გაათენა. ღლონტმა განაცხადა, რომ დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა კომპანიის შენობა დატოვეს სიტუაციის შემდგომი პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით. ტელე-კომპანია “მაესტრო” ამჯერად ეთერში “რადიო მაესტროს” სტუდიიდან გადის.  გავრცელებული ცნობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ეროსი კიწმარიშვილსა და მამუკა ღლონტს შორის. “ტაბულასთან ” საუბრისას გია ხუხაშვილმა უარყო კიწმარიშვილის ნათქვამი, თითქოს ის ტელე-კომპანიის დამფუძნებლებთან ბიძინა ივანიშვილის სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებას. ” ღლონტმა თქვა, რომ “მაესტროს” წილი არ იყიდება, ივანიშვილმაც აღნიშნა, რომ “მაესტროს” არ ყიდულობს, როგორ შეიძლება მე მეწარმოებინა მოლაპარაკება არ არსებულს თემაზე” - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

კომენტარები