სოლიდარობა

დღეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. მიზანი მსოფლიოში  აივ/შიდსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის  ამაღლება და შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებაა. 2011-2015 წლებში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეების თემა იქნება ,,ნულოვანი ნიშნულის მიღწევა:   ნული აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს, ნული დისკრიმინაციას, ნული შიდსით გამოწვულ სიკვდილობას“.

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონმა“ შიდსის ცენტრთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება ჩაატარა. 19:00 სთ-ზე კი ვარდების მოედანზე "ლგბტ საქართველო" საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ "თანადგომის" მხადაჭერით გამართავს აქციას. აქციის მონაწილენი შიდსით გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას მიაგებენ პატივს და სიმბოლურად ჰაერში წითელ საჰაერო ნათურებს გაუშვებენ. დაგეგმილია საზოგადოების ინფორმირება აივ/შიდსისგან თავდაცვის საშუალებებზე. აქციის ორგანიზატორები გამვლელებს საინფორმაციო და თავდაცვის საშუალებებს დაურიგებენ.

მსოფლიო სტატისტიკით, საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია. თუმცა, საქართველოს შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ეს მონაცემები რეგისტრირებულ შემთხვევებზე დაყრდნობითაა გაკეთებული, ამას გარდა კი დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევაა.

საქართველოში შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა. დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2010 წელს შიდსით დაავადებულთა რიცხვი 2244-მდე გაიზარდა. დაავადებულთა 70 პროცენტი მამაკაცი იყო. ასაკი კი 29-40 წელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 2904 შემთხვევაა, აქედან 2138 მამაკაცია, 766 - ქალი. პაციენტთა ასაკობრივი ზღვარი, წინა წლების მსგავსად, კვლავ 29-დან 40 წლამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამეგრელოშია, ყველაზე დაბალი - სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. 

კომენტარები