რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

მედვედევი: 2008 წელს რუსეთმა ნატო-ს გაფართოება შეაჩერა

2008 წლის აგვისტოში რუსეთს „გაბედული ზომები“ რომ არ მიეღო,  ამას ნატო-ს გაფართოება მოჰყვებოდა,  - ამის შესახებ, რია-ნოვოსტის ცნობით, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა  დმიტრი მედვედევმა განაცხადა ვლადიკავკაზში, ოფიცრებთან შეხვედრაზე.

„2008 წელს რომ გავჩერებულიყავით, ახლა სხვა გეოპოლიტიკური მდგომარეობა იქნებოდა. მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ალიანსში ხელოვნურად შეთრევას ცდილობდნენ, ალბათ, უკვე იქ იქნებოდნენ“,  - განაცხადა მედვედევმა.

მის თქმით, რუსეთი კვლავაც შეშფოთებულია მის საზღვრებთან   სამხედრო ბლოკის გამოჩენით, რომელიც  „გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის“.

„ჩვენ (რუსეთი და ნატო) პირდაპირი კონკურენტები აღარ ვართ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა გაგება იმ ამოცანებთან დაკავშირებით, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში არსებობს“,  - აღნიშნა მედვედევმა.  

რუსეთის პრეზიდენტის აზრი შეხვედრაზე მყოფმა ნატო-ში  რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი როგოზინმა გაიზიარა. მისი თქმით, ნატო-მ 2008 წელს შეცდომა დაუშვა, ვინაიდან არ ელოდა რუსეთისგან აქტიურ ქმედებებს. ამ „ქმედებების“ გარეშე, მისი თქმით, საქართველოც და უკრაინაც შესაძლოა ნატო-ს წევრები გამხდარიყვნენ.

კომენტარები