რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

კონდოლიზა რაისი: ომი ქართული სოფლების დაბომბვით დაიწყო

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი გამოეხმაურა eurasianet.org-ის მიერ გამოქვეყნებულ ჯოშუა კუცერას სტატიას, რომელიც რაისის მემუარების იმ ნაწილს ეყრდნობა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება და მკითხველს განუმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მისცა საშუალება საქართველო დიდი პროვოკაციაში ჩაეთრია.

” აღმაშფოთებელია , რომ თითქოს მე ვადანაშაულებ ქართველებს. ეს შეუძლებელია სიმართლეს შეესაბამებოდეს” - აღნიშნა The Weekly Standard- ისთვის მიცემულ ინტერვიუში კონდოლიზა რაისმა და დასძინა : ” მართალია , ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით, რომ რუსებს შესაძლოა, პროვოკაციაში ჩაეთრიათ სააკაშვილი, რომ შესაძლოა სააკაშვილს მიეცა რუსებისთვის პროვოკაციის განხორციელების საშუალება, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს ქართველების დანაშაული არ არის. ვფიქრობ, სრული ტექსტიდან ეს ნათელი უნდა იყოს”.

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ 2008 -ში რუსები ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოს პროვოცირებისთვის და ”ომი სწორედ რუსების მოკავშირე სეპარატისტების მიერ ქართული სოფლების დაბომბვით დაიწყო.”

” დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს, უპირველს ყოვლისა კი პუტინს სურდა საქართველოსთან კონფრონტაცია. მართალია, ის მაშინ არ იყო რუსეთის პრეზიდენტი, თუმცა ის - პუტინი - გამოირჩეოდა ყოველთვის საქართველოსთან მკაცრი მიდგომით, სწორედ ამას განვმარტავ ჩემს წიგნში და ვამბობ რომ ქართველები აბსოლუტურად ირაციონალურად იჩაგრებოდნენ რუსების მიერ” - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

Eurasianet.org -მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორიც რაისის მემუარებზე დაყრდნობით წერს, რონ ვაშინგტონი სააკაშვილს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელის მოწერას ურჩევდა, რაზეც ის არ თანხმდებოდა და იმოწმებს ყოფილი სახელმწიფი მდივნის მემუარებიდან ციტატას : ” მე მივმართე სააკაშვილს, ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვდეთ პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ეცდება, რამე სულელური გაგაკეთებინოთ, არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ წააგებთ. ”

სტატიის ავტორი რაისის მოგონებებზე დაყრდნობით ომის დაწყებას ასე აღწერს: ”მიუხედავად საქართველოს მიერ ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისა, სამხრეთ ოსეთის მეამბოხეები აგრძელებდნენ ცეცხლს ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალის გარშემო. პასუხად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მეამბოხეების წინააღმდეგ მძიმე სამხედრო შეტევა დაიწყეს. ”

 

კომენტარები