გვატემალა

ახალი პრეზიდენტი რკინის მუშტით წესრიგის დამყარებას გეგმავს

გვატემალას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა სამხედრომ, ოტო პერეს მოლინამ, ხმების 53% მოაგროვა, მისმა კონკურენტმა ბიზნესმენმა მანუელ ბალდისონმა კი – 46%. სექტემბერში ჩატარებულმა არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა ხმების ნახევარზე მეტის მოგროვება.

საარჩევნო კამპანიის მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე კეთდებოდა. მანუელ ბალდისონი გვატემალის მოსახლეობას დანაშაულთან და სიღარიბესთან ბრძოლას, სიკვდილით დასჯის აქტიურად გამოყენებასა და ტელევიზიით გადაცემას პირდებოდა. ოტო პერეს მოლინა კი, “რკინის მუშტით” ძალადობის აღკვეთითა და ქვეყანაში მშვიდობის დამყარებით აიმედებდა გვატემალელებს.

გვატემალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საპრეზიდენტო არჩევნები გაურკვეველი წყაროებიდან ფინანსდებოდა. Mirador Electoral-ის მონაცემებით, პერეს მოლინას კამპანია 64 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ბალდისონის – 12.9 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. გვატემალის უზენაესმა სასამართლომ ორივე კანდიდატისგან კამპანიის შეწყვეტა მოითხოვა, რადგან მათ კანონით დადგენილ საარჩევნო ხარჯებს გადააჭარბეს. მოლინამ და ბალდისონმა წყაროების დასახელებასა და კამპანიის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ბალდისონის საარჩევნო კამპანიაში ნობელის პრემიის ლაურეატი, მემარცხენე რიგობერტა მენჩუ მონაწილეობდა,  რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს პირველ ტურში გამოეთიშა. მენჩუ საკუთარ ამომრჩეველს ბალდისონის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

სამხედრო მმართველობის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ გვატემალამ პირველად აირჩია სამხედრო პირი პრეზიდენტად. სამოქალაქო ომის პერიოდში ოტო პერეს მოლინა გენერლის წოდებას ატარებდა, მას ხშირად სდებენ ბრალს ომის დანაშაულებში, რასაც ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეწირა. ადამიანის უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ „რკინის მუშტის” მმართველობამ შესაძლოა ქვეყანაში რეპრესიები განაახლოს. ყოფილი გენერალი, რომელმაც სამხედრო კარიერა თერთმეტი წლის წინ დაასრულა, ყველა ბრალდებას უარყოფს.

მემარჯვენე პატრიოტული პარტიის ლიდერი მოლინა წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ალვარო კოლომმა დაამარცხა.

ლათინური ამერიკის ყველაზე კრიმინალური და საშიში რეპუტაციის ქვეყნის მოსახლეობის ორი მესამედი მთავარ პრობლემად ძალადობას ასახელებს, ამას მოსდევს  უმუშევრობა და სიღარიბე. გვატემალის მკვლელობების სიხშირის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

35-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად დასუსტებული სახელმწიფო აპარატი, კორუმპირებული პოლიცია და დაუსჯელობის სინდრომი ნარკომოვაჭრეებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ისინი ამჟამად მთელ რეგიონს აკონტროლებენ. საზოგადოება დაუცველია, არ არსებობს ნდობა მართლმსაჯულების ორგანოების მიმართ. მკვლელობების საქმეები გაუხსნელია. მთავრობის წევრების კრიმინალური საქმიანობა კი ხელს უწყობს ძალადობის გავრცელებას.

პერესი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას მექსიკური მოდელის გამოყენებით აპირებს, რაც პოლიციელებისა და სამხედროების რიცხვის გაზრდას ითვალისწინებს.

6 ნოემბერს გამარჯვებულმა მოლინამ ყველა გვატემალელს, თავის ამომრჩევლებსა და მოწინააღმდეგეებს, ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები