დიპლომატიური ურთიერთობები

მოსკოვში ქართველ დიპლომატებს ისევ ავიწროებენ

საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვს კიდევ ერთ საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის საქმიანობაში პრობლემების გამო.

საქართველოს საკონსულო სამსახური მოსკოვში უკვე მესამედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ბოლოს დენის მიწოდება სამსახურს 21 ოქტომბერს შეუწყდა. მას შემდეგ საკონსულოს მუშაობა შეფერხებულია.

საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო უწყებამ მიმართა შვეიცარიის ელჩს საქართველოში და რუსეთისათვის განკუთვნილი კიდევ ერთი ნოტა  გადასცა. წინა საპროტესტო ნოტა თბილისმა მოსკოვს აგვისტოში გაუგზავნა. კალანდაძის თქმით, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის  მხარემ სექციას ნორმალური მუშაობის საშუალება არ მისცა. მისი თქმით:”  საქართველო  კიდევ ერთხელ ეცდება რუსეთს მოელაპარაკოს . 

პრობლემების შესახებ, რომელიც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ექმნებოდა, განცხადება თბილისმა ჯერ კიდევ სექტემბერში გააკეთა. ბიზნეს-ცენტრ „ოსტოჟენკას“ მეორე სართულს, სადაც ამჟამად ქართველი დიპლომატები მუშაობენ, შენობის მესაკუთრემ ელექტროენერგია რამდენჯერმე  გაუთიშა.  საბაბად იჯარის გადაუხდელობა დაასახელა. მესაკუთრემ სასამართლოს გზით საკონსულოს გასახლება მოითხოვა. 17 ოქტომბერს სასამართლომ ბიზნეს-ცენტრის სარჩელი არ დააკმაყოფილა.  როგორც მაშინ „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, ქართველი დიპლომატების შენობიდან გასახლების შემთხვევაში   საქართველომ მოსკოვიდან შესაძლოა, საკუთარი დიპლომატები გაიწვიოს და შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით საქართველოში მომუშავე რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევოს.

გარდა ამისა, სექტემბერში  მოსკოვში ყოფილი სასტუმრო სახლის  „თბილისის“ შენობა აუქციონზე, 6,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ ობიექტს თბილისში საქართველოს საკუთრებად მიიჩნევენ. 1974 წლიდან შენობა საქართველოს მინისტრთა საბჭოს ეკუთვნოდა და ოფიციალური დელეგაციებისა და სტუმრების მისაღებად გამოიყენებოდა. რუსი სამართალდამცავების განმარტებით, 1991 წლიდან შენობას „უცნობი პიროვნებები“  განკარგავდნენ. 2006 წელს,  რუსეთში გაჩაღებული ანტიქართული კამპანის ფონზე, შენობა საქართველოს წარმომადგენლობას ძალის გამოყენებით ჩამოერთვა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოფილი „თბილისის“ შენობაში სასტუმრო „მელოდია“ ფუნქციონირებდა. ოფიციალური თბილისი ამ  ფაქტს  უკანონოდ მიიჩნევს და მოსკოვს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. 

კომენტარები