დიპლომატიური ურთიერთობები

ევროკავშირთან დაახლოება - წლის მთავარი საგარეოპოლიტიკური მიღწევა

ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს საგარეო პოლიტიკის 2011 წლის მიღწევებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრია მოადგილე სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 "ის, რომ ჩვენ დავიწყეთ ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, ის რომ მომდევნო წელს იქნება სერიოზული დიალოგი სავიზო საკითხებზე ევროკავშირთან, მნიშვნელოვანი წარმატებაა ამ წლის განმავლობაში“, - განაცხადა კაპანაძემ.

 გარდა ამისა, მისი თქმით, მიმდინარე წელი წარმატებული გამოდგა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. ამ წლის განმავლობაში რამდენიმე საელჩო გაიხსნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები 22 ქვეყანასთან.

კაპანაძე წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას უკავშირდება.

"ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც საქართველომ და რუსეთმა გააფორმეს, ქართული დიპლომატიისთვის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იყო", - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატო-ს გენერალური მდივნისა და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ალიანსთან დაახლოების თვალსაზრისით. კაპანაძემ ისაუბრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზეც, რომელიც დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის მომხრეების რაოდენობა გაიზარდა, მოწინააღმდეგეების კი შემცირდა.

"თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. მომდევნო წელს ბევრი გამოწვევები გვექნება. ეს გამოწვევები და საფრთხეები კარგად არის აღწერილი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული", - განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები