კიბერუსაფრთხოება

ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგის კონსტიტუციურობა

წელს, საქართველომ ევროსაბჭოს კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციას მოაწერა ხელი. გასულ წელს კი კიბერდანაშაულის შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა. ელექტრონული საშუალებების განვითარებამ, დანაშაულის ჩადენის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. საჭირო გახდა მოქნილი კანონმდებლობა, რომელიც სამართალდამცავებს დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებას მისცემდა.

მნიშვნელოვან ცვლილებას საჭიროებდა სისხლის სამართლის კოდექსიც. ის იმდენად ძველი იყო, რომ კომპიუტერს ელექტრო-გამომთვლელ მანქანად მოიხსენიებდა. ამავე ცვლილებით, კერძო კომუნიკაციაზე თვალთვალის შესაძლებლობა, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ინტერნეტზეც განივრცო. სასამართლოს ნებართვა ფარული თვალთვალის დროს (სატელეფონო ზარების, პირადი მიმოწერის, წერილების შემოწმების) კონსტიტუციის მოთხოვნაა. ხოლო გამომძიებლის ან ოპერატიული თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება, ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგს ითვალისწინებს.

სხვადასხვა ტიპის ინტერნეტფორუმების, სოციალური ქსელებისა თუ ტორენტ საიტების დათვალიერება (მონიტორინგი) სამართალდამცავებს ამ ცვლილებამდეც შეეძლოთ, მაგრამ ამ გზით მოპოვებული ინფორმაცია მტკიცებულებად არ გამოდგებოდა. ინტერნეტ- მონიტორინგი სხვადასხვა დახურულ ჩეთ-ოთახებში, ტორენტ საიტებსა და დახურულ ჯგუფებში დარეგისტრირებას გულისხმობს. დანაშაულის აღკვეთის მიზნით  სამართალდამცავი კონსპირაციული გზით ცდილობს, მოიპოვოს პიროვნების ნდობა და მისგან სასურველი ინფორმაცია ნებაყოფლობით მიიღოს. განსხვავებით ფარული თვალთვალისა, კონსპირაციული მოქმედება არ ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასეთ დროს პირი ნებაყოფლობით გაანდობს მეორე პირს ინფორმაციას, შესაბამისად, სასამართლოს ბრძანება აქ აუცილებელი არ არის.

ასეთი სახის მონიტორინგი წარმატებით გამოიყენება აშშ-სა და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მაგალითად, ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეთა გამოვლენისთვის, ამერიკის გამოძიების ეროვნულმა ბიურომ (FBI) თავად შექმნა ბავშვთა პორნოგრაფიის გამავრცელებელი საიტი. მსგავსი ვიდეომასალის შენახვა დანაშაულად ითვლება, ამიტომ, მომხმარებელი, რომელმაც ყველა გამაფრთხილებელი ნიშნის შემდეგ, უკანონო ჩანაწერების გადმოწერის ღილაკს დააჭირა ხელი, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა. ცვლილებების პაკეტში აღნიშნული მუხლი  საქართველოშიც სწორედ ბავშვთა პორნოგრაფიის კონტროლისთვის ჩაიდო.

მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ცვლილებას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში, მოწინააღმდეგეები არასამთავრობო სექტორში გამოუჩნდნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა. საია მიიჩნევს, რომ კონკრეტული ჩანაწერი ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგის შესახებ (მეშვიდე მუხლის „მ” ქვეპუნქტი) ორგვარი წაკითხვის საშუალებას იძლევა. მათი აზრით, ჩანაწერი –- „ინტერნეტში მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა” – ბუნდოვანია. აღნიშნული ქვეპუნქტი არ იძლევა საშუალებას, გავიგოთ, რა ფორმით ხდება დახურული ხასიათის კომუნიკაციის კონტროლი – ფარულად, როცა პირზე თვალთვალი ხორციელდება, თუ კონსპირაციულად, როცა პირი თავად გასცემს ინფორმაციას. რადგან ამ ქვეპუნქტს თან არ ახლავს სასამართლოს ნებართვის აუცილებლობა, საიასთვის ეს მუხლის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველია.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ოთარ კახიძის განცხადებით, კანონმდებლობის დახვეწა ევროსაბჭოს სპეციალური პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა. საკანონმდებლო პაკეტმა, პროფესორი კასპერსენის მხრიდან, რომელიც ევროსაბჭოს კიბერდანაშაულის კონვენციის ერთ-ერთი ავტორია, კვალიფიციური ექსპერტიზა გაიარა. მისივე განცხადებით, ევროსაბჭოს დასკვნაში შენიშვნა ამ ქვეპუნქტთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. კახიძე გამორიცხავს რომელიმე ოპერატიული თანამშრომლის მხრიდან ამ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას. მისი თქმით, ამავე კანონის სხვა პუნქტები ნათლად მოითხოვს პირად ცხოვრებაში შეჭრისას სასამართლო ნებართვის აუცილებლობას. თუმცა, საჭიროებს თუ არა კონკრეტული ჩანაწერი დამატებითი განმარტების აუცილებლობას, ან არის თუ არა ის ნათლად ფორმულირებული, საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე თვეში დაადგენს. 

კომენტარები