საქართველო NATO-ში

თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა

სასტუმრო "რადისონში" ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა  ჩატარდა. მას   ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ხელმძღვანელობდნენ .  ანდერს ფოგ რასმუსენმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ  ნატო-საქართველოს კომისია განიხილავდა  საქართველოში გატარებულ საშინაო რეფორმებს. კერძოდ კი, რეფორმებს, რომელიც ეხება კორუფციასთან ბრძოლას, სიტყვის თავისუფლებას, სასამართლო სისტემასა და ეკონომიკურ ზრდას. "ასევე, განვიხილავთ თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და სამხედრო დაფინანსების საკითხებს. ვისაუბრებთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს და მომავალში იარსებებს საქართველოს წინაშე", - აღნიშნა  რასმუსენმა და გაიხსენა ნატოს 3 წლის წინანდელი  სამიტი, რომლის კომუნიკეშიც ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წვერები. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ   ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველომ რეფორმების გატარება დაიწყო და მომავალშიც გააგრძლებს   ამ რეფორმების გატარებას. ” შემდგომი რეფორმები იქნება  საქართელოს ბილეთი ნატოში გაწევრიანებისთვის  და ალიანსი აქ არის, რათა დაეხმაროს მას”-  განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში   ნატო–საქართველოს კომისიის გახსნაზე.

თავის გამოსვლაში ნატოს გენერალური მდივანმა   აღნიშნა, რომ საქართველოს და ნატოს შორის პარტნიორობა „მყარია“ და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი „შთამბეჭდავი წვლილის“ გამო.  "ყველა იმ ქართველ ჯარისკაცს მივაგებთ პატივს, რომელიც ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში იღებს მონაწილეობას. მათი თავგანწირვა ამაო არ იქნება", - განაცხადა მან.  თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე  თქვა, რომ ამაყობს ქართველი ჯარისკაცებით, რომლებიც ავღანეთში ნატოს მოკავშირეებთან მხარდამხარ იბრძვიან. გილაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ მთელი საზოგადოების კონსენსუსია. საქართველოს  პრემიერ-მინისტრის განცხადებით , ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოში ბევრი რეფორმა განხორციელდა, საქართველო ”რეფორმების ექსპორტიორად” იქცა . პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ეს რეფორმები და წარმატებები აღიარებული იქნება ნატოს უახლოეს სამიტზე. „რა თქმა უნდა, ყველაფერი სრულყოფილი არ არის,  რა თქმა უნდა, ჯერ ყველა რეფორმა არ დასრულებულა,  ჯერ კიდევ  უმუშევრობის მაღალი დონეა,  არსებობს პრობლემები ეკონომიკაში, მაგრამ სწორედ ახლა ეკონომიკის თვალსაზრისით საქართველო ერთ–ერთი ყველაზე ჯანსაღი ქვეყანაა რეგიონში - თქვა თავის გამოსვლაში ნიკა გილაურმა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამ  შეიმუშავა   ერთობლივი დოკუმენტი . ვიცე-პრემიერ  გიორგი ბარამიძის  განმარტებით   დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,  ასევე, მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და კიდევ  ერთხელ იხსენებს  ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება.  გიორგი ბარამიძის განცხადებით, დოკუმენტში გამოხატულია  ნატოს მადლიერება იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს შეაქვს   საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში  ავღანეთში.

ნატო-საქართველოს კომისიის შექნის შესახებ გადაწყვეტილება ნატოს  წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა 2008 წლის 19 აგვისტოს , ბრიუსელის შეკრებაზე მიიღეს. კომისიის შექმნის შესახებ დოკუმენტს კი  2008 წლის სექტემბერში, თბილისში მოეწერა ხელი, მაშინაც თბილისს  ჩრდილო ატლანტიკური საბჭო სტუმრობდა. ნატო-საქართველოს კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ზედამხედველობის მთავარ მექანიზმს, რაც ასევე მოიცავს რეფორმების მიმდინარეობაზე დაკვირვებას. 

კომენტარები