ინდოეთ - ნეპალის ურთიერთობა

ბჰატარაი ირჩევს ინდოეთს

ნეპალის პრემიერ-მინისტრი ბაბურამ ბჰატარაი, რომელმაც თანამდებობა აგვისტოში დაიკავა, ახალ პოსტზე პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში ჩავიდა. ოთხი დღის მანძილზე მან ინდოელებთან სამ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მეზობლების საკუთარ კეთილგანწყობაში დარწმუნებას შეეცადა.

1996 წელს ნეპალელმა მაოისტებმა ქვეყანაში მონარქიის წინააღმდეგ სამოქალაქო ომი დაიწყეს. კონფლიქტი მათი გამარჯვებითა და 2008 წელს რესპუბლიკის გამოცხადებით დასრულდა. თუმცა მას შემდეგ, ნეპალში პოლიტიკურმა არასტაბილურობამ დაისადგურა. ყოფილ მეომარ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი შეწყდა, ქვეყანას არ გააჩნია მუდმივი კონსტიტუცია, ვერ გადაწყდა სამოქალაქო ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი. ძალაუფლება ვერც გამარჯვებული პარტიის შიგნით გაიყვეს. 

შიდა პოლიტიკურ პრობლემებს, საგარეო პოლიტიკაში ჩინეთსა და ინდოეთს შორის ლავირების საჭიროება ართულებს. მაოისტების გამარჯვების შემდეგ ინდოეთთან ურთიერთობები გაცივდა. 2008 წელს ნეპალის მაოისტმა პრემიერ-მინისტრმა პრაჩანდამ, ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციას უღალატა და პირველი ოფიციალური ვიზიტი ინდოეთის მაგივრად ჩინეთში განახორციელა. შესაძლოა, პრაჩანდას გადაწყვეტილებაზე ნეპალში მაშინ არსებულმა ანტიინდურმა განწყობამაც იმოქმედა. მან თანამდებობაზე ერთ წელიწადზე ნაკლებ ხანს დაჰყო, თუმცა ამ დროის განმავლობაში  ჩინეთის 12 ოფიციალური დელეგაციის მასპინძლობა მოასწრო.

ზომიერი ბჰატარაი, ნეპალის მმართველი მაოისტური პარტიის ზოგიერთი რადიკალი ლიდერისგან განსხვავებით, ინდოეთისთვის უფრო მისაღები ფიგურაა. მისი ვიზიტი ადრინდელი კავშირების განახლებას ისახავდა მიზნად. ამავე დროს, ბჰატარაის სურს ინდოეთთან შერიგებით საკუთარ ქვეყანაშიც გაიმყაროს პოზიციები. ინდოელებს ახლო ურთიერთობები აქვთ შენარჩუნებული ნეპალის ორ მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან, ნეპალის კონგრესსა და გაერთიანებულ მარქსისტ ლენინისტებთან. ბჰატარაი იმედოვნებს, რომ მეზობლის ჩარევა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დადებითად იმოქმედებს და ნეპალის შიდა პოლიტიკას სტაბილურობას შესძენს.

ბჰატარაიმ დელიში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ მართალია მისი ქვეყანა ჩინეთსაც ესაზღვრება, მაგრამ ის ინდოეთთან უფრო ახლოა. ჩინეთისგან ნეპალს ჰიმალაის მთები ჰყოფს, ინდოეთთან კი სამი მხრიდან ღია საზღვარი აკავშირებს. ვაჭრობის ორი მესამედი ინდოეთზე, ჩინეთზე კი – მხოლოდ 10% მოდის.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰის გამოსვლა თავშეკავებული იყო. მან აღნიშნა, რომ ნეპალის დემოკრატიისკენ სწრაფვაში უცხო ქვეყნების ჩარევა დაუშვებელია. მალე გამოჩნდება, საკმარისი იქნება თუ არა ბჰატარაის მონდომება ინდოელთა ნდობის დასაბრუნებლად. 

კომენტარები