ფლორიან ალბერტი გარდაიცვალა

გამთენიისას ბუდაპეშტში უნგრული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფლორიან ალბერტი გარდაიცვალა - ევროპის 1967 წლის საუკეთესო მოთამაშემ გულის ოპერაცია ვერ გადაიტანა.

70 წლის ალბერტს, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ბუდაპეშტის ფერენცვაროშში გაატარა, გულის ოპერაცია პარასკევს გაუკეთდა, თუმცა გუშინ პაციენტი მდგომარეობა გაუარესდა, დღეს დილით კი ალბერტი გარდაიცვალა.

ფერენცვაროშში მან 16 წლის განმავლობაში ითამაშა, უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 351 მატჩში კი 256 გოლის გატანა მოახერხა. ამპლუით თავდამსხმელი ალბერტი ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ერთხელ უნგრეთის თასი მოიგო, 1965 წელს კი მისმა ფერენცვაროშმა უეფას ბაზრობათა თასის ფინალში ტურინის იუვენტუსს აჯობა.

უნგრეთის ნაკრებში ფლორიან ალბერტმა 75 მატჩში 31 გოლი შეაგდო: 1962 წელს ის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა (4 გოლი), 1964 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ის დღემდე ერთადერთი უნგრელი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და ოქროს ბურთი მოიგო.

 

კომენტარები