ახალი შუმახერი თუ უბრალოდ ფეტელი?

ფორმულა 1-ის 2011 წლის ჩემპიონატი შარშანდელივით რედ ბულის და მისი გერმანელი პილოტის სებასტიან ფეტელის ტრიუმფით დასრულდა: გუნდმა კონსტრუქტორთა თასი შეინარჩუნა, ფეტელმა კი პილოტების პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. თუმცა, ცოტა არ იყოს ვიჩქარეთ, როცა ვთქვით, რომ „ჩემპიონატი დასრულდა”: სეზონის ბოლომდე კიდევ სამი ეტაპია დარჩენილი, მაგრამ გასარკვევი მხოლოდ პრიზიორები არიან.

სამეფო რბოლების თითქმის სამოცდაათწლიან ისტორიაში 24 წლის ფეტელი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად სახელდება და აღიარება ნაჩქარევი რომ არაა, გერმანელის მიღწევებით ნათლად ჩანს: ის ფორმულა 1-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი (2010) და ორგზის ტრიუმფატორია (2011); ყველაზე უმცროსი მეორეადგილოსანია (2009); ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც კი ფორმულა 1-ში ქულა მოუპოვებია (2007); ყველაზე პატარაა, პოულის (სტარტზე პირველი ადგილი) მოგება რომ შეძლო (2008); ყველაზე უმცროსია, რომელიც პოდიუმზე დადგა, გრან პრი მოიგო და დუბლი შეასრულა – დიდი პრიზი პოულთან ერთად (2008); ყველაზე ახალგაზრდამ შეასრულა ტრიპლი – 2009 წელს ბრიტანეთის დიდ პრიზზე პოულიც მოიგო, მთავარი ჯილდოც და წრეც ყველაზე სწრაფად გაიარა...და ასეთი ამბების შემდეგ რა გასაკვირია, რომ მას, აწ უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ლეგენდარულ თანამემამულეს და ფორმულა 1-ის ყველა დროის საუკეთესო პილოტს მიხაელ შუმახერს ადარებენ?

კი ბატონო, 2008 წელს, როცა სებამ იტალიის დიდი პრიზი ჩინებულ სტილში მოიგო და მას რბოლების მიმომხილველებმა „ბეიბი შუმი” უწოდეს, ბევრმა, ეგებ, ნაჩქარევად მიიჩნია ჟურნალისტების ეს ნაბიჯი, მაგრამ საინტერესოა ახლა, ფეტელის ფორმულა 1-ში დებიუტის ხუთი წლის თავზე, რა აზრისანი არიან ისინი?

90-იანი წლების გარიჟრაჟზე მიხაელმაც ასე „თავხედურად” დაიწყო: გრანდებს შორის უცერემონიოდ შეიჭრა და... მერე რაც მოხდა, სამეფო რბოლების მოყვარულებს შეხსენება არ სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ მაინც ვიტყვით: მიხაელმა ბენეტონთან ერთად ორჯერ, ფერარიში კი ხუთჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული!

ვერ ვიტყვით, რომ ფეტელს შუმახერთან შედარება აღიზიანებს, მაგრამ ბოლო ინტერვიუებში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ სება ფეტელია და არავითარ შემთხვევაში „ახალი მიხაელ შუმახერი”: „ძალიან მსიამოვნებს ასეთ დიდ მრბოლელს რომ მადარებენ, მაგრამ შუმახერი ძალიან მაღლა დგას, იქამდე კი, თუნდაც ჩემი ბოლო შედეგების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ ძალიან შორია”.ფეტელს და შუმახერს ბევრი რამ აერთიანებთ: სამშობლოს რომ თავი დავანებოთ, ცნობილია, რომ რბოლებში ვარჯიში ორივემ კიოლნთან ახლოს, კერპენის კარტინგ-ცენტრში დაიწყო; მათი დებიუტი სამეფო რბოლებში სეზონის შუაში შედგა და ორივემ მეშვიდე ადგილი დაიკავა; დებიუტიდან თითქმის წელიწადში შუმახერმაც და ფეტელმაც დიდი პრიზის მოგება მოახერხეს; თავიანთ სრულ მესამე სეზონში ორივე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და თან, ორივეს ბოლიდი მეხუთე ნომერი იყო; ორივემ ფორმულა 1-ის ჩემპიონის ტიტულები არასაავტომობილო გუნდებთან ერთად მოიგო: შუმახერმა ბენეტონში, ფეტელმა – რედ ბულთან ერთად...და მაინც, ერთი რამის გამო ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან: სებასტიან ფეტელი თავის ბოლიდებს სახელებს არქმევს (2008 – ჯული, 2009 – კეიტი, 2010 – ლიზი და რენდი-მენდი, 2011 – ქინქი კილი), შუმახერს კი ასეთი რამ არასდროს ახასიათებდა.

ჩემპიონს ჰყავს უმცროსი ძმა ფაბიანი და უფროსი დები მელანი და სტეფანი; ბავშვობაში სამი Michael-ის ფანი იყო – ჯეკსონის, ჯორდანის და შუმახერის, ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და გულშემატკივრობს ფრანკფურტის აინტრახტს.და როდემდე დარჩება რედ ბულში?

ახლახან, იაპონიის დიდი პრიზის შემდეგ გახანგრძლივებული კონტრაქტი 2014 წელს ეწურება, თუმცა მისი გუნდი იმედოვნებს, რომ სება ფეტელი მათთან კიდევ დიდხანს დარჩება.და მსოფლიო ჩემპიონატსაც კიდევ მოიგებს.

ისევე, როგორც მიხაელ შუმახერმა შეძლო.

 

ფორმულა 1 2011: პილოტების პირველობა

 

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია; რედ ბული) 3492. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი; მაკლარენი) 2223. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი; ფერარი) 2124. მარკ უებერი (ავსტრალია; რედ ბული) 2095. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი; მაკლარენი) 1966. ფელიპე მასა (ბრაზილია; ფერარი) 987. ნიკო როსბერგი (გერმანია; მერსედესი) 678. მიხაელ შუმახერი (გერმანია; მერსედესი) 609. ვიტალი პეტროვი (რუსეთი; რენო) 3610. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია; რენო) 3411. ადრიან სუტილი (გერმანია; ფორს ინდია) - 2812. კამუი კობაიაში (იაპონია; ზაუბერი) 2713. ხაიმე ალგუერსუარი (ესპანეთი; ტორო როსო) 2214. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი; ფორს ინდია) 2115. სებასტიენ ბუემი (შვეიცარია; ტორო როსო) 1516. სერხიო პერესი (მექსიკა; ზაუბერი) 1317. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია; უილიამსი) 418. ბრუნო სენა (ბრაზილია; რენო) 219. პასტორ მალდონადო (ვენესუელა; უილიამსი) 1

 

ფორმულა 1 2011: კონსტრუქტორთა თასი

 

1. რედ ბული - 5582. მაკლარენი - 4183. ფერარი - 3104. მერსედესი - 1275. რენო - 726. ფორს ინდია - 497. ზაუბერი - 408. ტორო როსო - 379. უილიამსი - 5

 

სეზონის დასრულებამდე დარჩა სამი ეტაპი:ინდოეთის დიდი პრიზი – 28-30 ოქტომბერი, დელისაამიროების დიდი პრიზი – 11-13 ნოემბერი, აბუ დაბიბრაზილიის დიდი პრიზი – 25-27 ნოემბერი, სან პაულუ.

 

კომენტარები