დიდი დასვენება

ევროლიგა დაიწყო. NBA ისვენებს. ჟალგირისმა მწვანე კუთხეში, რუსული არმიის მილიონებით შეკრული გუნდი გაართო. კაუნასში ევროპის ნაკრები ჩავიდა და ჟალგირისი 87:74 დაამტვრია. დალასში ჯეისონ კიდმა მასტიფის ორი ლეკვი იყიდა. კიდი ისვენებს. ევროლიგა ევროპაში უკვე თემაა. საინტერესო, საჰედლაინო თემა. ევროლიგამ დევიდ სტერნის ბანაკიდან რამდენიმე კარგი ბიჭი მიიღო. სპონსორებისთვის ევროლიგა უფრო ტიპობს, არ ბრექობს და მაინც საინტერესოა. NBA გაჩერებულია.

კაუნასში ევროპის ლეიკერსი, ესპანეთის ნაკრები, სერიოზული ბანდა ჩავიდა. ცსკა სულ უმატებს და წელს უფრო მთქმელია, ვიდრე ადრე. შარშან ცსკა ისვენებდა, ევროლიგის პირველ ეტაპზე წაუძინა, დაისვენა. წელს სხვებს დაასვენებს. ამ შემადგენლობით ცსკა გაერთობა და სხვები ბევრს ისწავლიან. კაუნასში ცსკა ლიტველმა იონას კაზლაუსკასმა დასქემა. ლიტვაში ყველაზე ლიტვურ გუნდს ლიტველმა მთავარმა მწვრთნელმა მოუგო. ეს ცსკა კაზლაუსკასის, გრეგ პოპოვიჩის, რედ აუერბახის გარეშეც დაშლის ჟალგირისს და ჟალგირისზე კარგ გუნდებს.

კობი ბრაიანტიც ისვენებს. ბოლონიაში ჩასვლა თან უნდა, თან ეზარება და ვერ გაიგო, უფრო რა უნდა. კობი ამერიკელი იტალიელია, მილანში მილანზე დადიოდა და თუ ლეიკერსში არ ცელქობს, ძირითადად, მილანშია. ბრაიანტი ბოლონიაში, ვირტუსში უნდა ჩავიდეს და 10 ტესტში 3 მილიონი დოლარი აიღოს. კობიმ იტალიის კალათბურთის ფედერაციას რეგულარულის უმნიშვნელოდ შეცვლა შესთავაზა. რამდენიმე დღე არ მეცლება და თუ გამიგებთ, ბიჭებს (ვირტუსს) თამაში ერთი ან ორი დღით გადაუწიეთო. კობი ჯერ ისვენებს. ნოემბრისკენ უკვე იტალიაში, ვირტუსის ამუნიციით უნდა იყოს. ვირტუსის ხუთეული – კობი ბრაიანტი, ვიქტორ სანიკიძე, პეტერი კოპონენი, ჯარედ ჰოუმენი და კრის დაგლას-რობერტსი. სერიოზულია. წუთშესვენების დროს ჰოუმენი კრისტოფერ უოკენის ჟესტებით უხსნის კობის, რომ ევროპაში ევროპაა და კობიმ ჰოუმენზე უნდა ითამაშოს. კობი ჰოუმენს უსმენს და ისვენებს.

უკვე იტალიაშია დანილო გალინარი. არმანისთან გაფიცვამდე უნდა იძმაკაცოს და დაისვენოს. დენვერში იტალიელი გალინარია. იტალიაში გალინარი დუეინ უეიდია. უეიდი მაიამიშია და იტალიაში ჩასვლა უნდა. კობისთან ერთად. სადმე რომ ითამაშოს. გალინარიმ NBA-ს გაფიცვის ბოლომდე არმანიში უნდა ირბინოს.

ტრევიზოში ყველაზე წარმატებული ბალასტი, ბრაიან სკალაბრინი ჩავიდა. სკალაბრინი NBA-ს ჩემპიონია. სელტიქსში, ბევრი თვის წინ ფინალი მოიგო. სხვები იგებდნენ და სკალაბრინი მწვრთნელის გვერდით იდგა. ყველაზე დროულად ისროდა პირსახოცს, ყველაზე სწრაფად პასუხობდა კევინ გარნეტის ცოლს კევინ გარნეტის მობილურზე. „ჯერ თამაშობს, ცოტა ხანში დაურეკე, კარგი? აუ, მეც არ მცალია, წუთშესვენებაა და კევინს პირსახოცი უნდა მივაწოდო”. სკალაბრინი ბენეტონშია. თავისთვის, მშვიდად იღებს ათამდე ქულას და ისვენებს.

ევროლიგა შეიცვალა. ცსკას ხუთეულში მილოშ ტეოდოშიჩი, ვიქტორ ხრიაპა, რამუნას შიშკაუსკასი, ნენად კრსტიჩი და ანდრეი კირილენკო დგანან. ამრიგად, კაუნასში NBA ჩავიდა. კირილენკომ 17 ქულა, 15 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება დაირტყა. კაუნასში დენვერის პატარა კაცი, ტაი ლოუსონი დარბის.

ფაჩულია თურქეთშია, გალათასარაის უნდა დაეხმაროს. ევა ლონგორიას ყოფილი სიყვარული ტონი პარკერი ვილერბანს ასწავლის კალათბურთს. არცაა გასაკვირი – რამდენიმე წლის წინ ტონიმ სწორედ ეს ფრანგული კლუბი იყიდა. პო და მარკ გასოლები კი ბარსელონაში ვარჯიშობენ და თუ იქ დარჩნენ, საკალათბურთო ბარსა საფეხბურთოს გაუტოლდება.

NBA-სგან ყველა ევროპაში ისვენებს. დამღლელად. ეს ლოკაუტია.

კომენტარები