1440 თვის წინ, სპრინგფილდში (მასაჩუსეტსი) ჯეიმს ნეისმითმა კალათბურთი მოიგონა. გასართობი საშუალება, რომელიც დღეს სპორტის ერთ-ერთი მეფეა. თავისთვისაა, ყველაფერს აგვარებს, აქვს კავშირები და ბევრი მილიონი დოლარი.
ნეისმითი ჭკვიანი კაცი იყო. ყველაფერი არ გაშალა და ნელ-ნელა აკრიფა. ჯეიმსის რეტრო-საძინებლიდან გამოდიოდნენ გოგონები და ყველას თითო პატარა ნეისმითი ჰყავდა. შავგვრემანმა გოგონამ ცენტრი წამოიყვანა, ქერამ – გამთამაშებელი, წაბლისფერთმიანმა გეიშამ – მსროლელი და მელირებულმა ტრანსსექსუალმა – მსუბუქი ფორვარდი. ნეისმითმა ერთი კუბური სიგარაც მოქაჩა, ეზოში თავის ქალებს და ბავშვებს გადახედა და წაუძინა. ჯეიმსის კალათბურთი ჯეიმსის გარეშე ვითარდებოდა. კალათბურთის ელჩები გახდნენ ბობ კუზი, ბილ რასელი, ჯონ ჰავლიჩეკი, ლარი ბერდი, ბობი პერიში, კევინ მაქჰეილი, დენის ჯონსონი, რეჯი ლიუისი, პოლ პირსი. ეს ბიჭებიც მასაჩუსეტსის გუნდში იყვნენ. პირსი ისევ იქ არის. ბობი, ბილი და ლარი ბოსტონ სელტიქსის ისტორიას ქმნიდნენ.
სელტიქსში სულ იყვნენ ბიჭები, რომლებიც იმაზე მეტს აკეთებდნენ, ვიდრე უნდა გაეკეთებინათ. სელტიქსის ისტორიიდან სამი სოლოისტი წამოვიყვანეთ. სამივეს თავისი დატვირთვა აქვს. სელტიქსი ჯეიმს ნეისმითის საყვარელი შვილია. სელტიქსში ეს ბიჭები იმაზე მეტს აკეთებდნენ, ვიდრე თავად ეგონათ.
1. ტომი ჰეინსონი
ტომი ჰეინსონის დროს ორმეტრიანი ტიპები 10, 15, 20 მოხსნას ვერ იღებდნენ. დენის როდმანი და ჩარლზ ბარკლი მერე წამოვლენ. იმ დროს მოსახსნელს მომხსნელები, ბილ რასელი და უილტ ჩემბერლენი ხსნიდნენ. ჰეინსონი მწვანე დინასტიის როდმანი იყო. უკეთესი სროლით, დენისზე ბევრად სრულყოფილი, მშვიდი კრიმინალი. ტომი მაშინ უფრო მეტჯერ დაიგუგლებოდა, ვიდრე მეორე ტომი, ჰილფიგერი. ჰილფიგერმა თავისი კორპორაცია 1984-ში შექმნა. ჰეინსონმა 1984-ში დიკ სტოქტონთან ერთად NBA-ს სუპერფინალი წაიყვანა. ჰეინსონი თავისუფალი, უკომპლექსო, ჰიპი კომენტატორი იყო. ჰეინსონის და სტოქტონის რეპორტაჟი კალათბურთის ვუდსტოკი იყო. ჯო კოკერით და ჯენის ჯოპლინით.
ტომის გაუმართლა, რომ მოხვდა სელტიქსში, რომელიც ყველაფერს იგებდა.
სელტიქსს გაუმართლა, რომ ტომი ჰეინსონი გაიფორმა. ბოსტონმა და მისტერ ჰეინსონმა ზედიზედ რვაჯერ (1959-1966) მოიგეს დიდი ფინალი.
რედ აუერბახი ჰეინსონს ყველა სიტუაციაში იყენებდა. ვერ აგდებს ჩასაგდებს კუზი? ბურთი მიდის ჰეინსონთან და ტომი კუზის ქულებსაც იღებს. ჰეინსონი რასელის მოსახსნელს ხსნიდა და თუ აუერბახი ნერვიულობდა, ჰეინსონი აუერბახიც იყო. სიგარის გარეშე.
ჰეინსონის სტატისტიკა (18.6 ქულა, 8.8 მოხსნა) არ ყვირის და მაინც სერიოზულია. ჰეინსონის კალათბურთი უფრო იულ ბრინერის რკინის ქარიზმაა, ვიდრე – ჩარლზ ბრონსონის მოქნილი ძველბიჭობა. ჰეინსონმა სელტიქსს ჰეინსონი აჩუქა.
ტომი-მოთამაშე რვაჯერ გახდა ჩემპიონი.
ტომი-მწვრთნელიც მაგარი იყო. ჰეინსონმა აუერბახის კონსპექტები აითვისა და რედის შემდეგ, სელტიქსის ისტორიაში ყველაზე მთქმელი მთავარი მწვრთნელი გახდა. ჰეინსონმა ბოსტონი ორჯერ (1974, 1976) მიიყვანა თეთრ სახლში, ამერიკის პრეზიდენტთან პაემანზე. თეთრ სახლში ჩემპიონები მიდიან. 1973-ში ტომი რეგულარულის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
ტომი სულ ეწეოდა. ბევრს. გასახდელში რედ აუერბახთან ერთად ეწეოდა. რედმა ჰეინსონი ორჯერ გუნდიდან გააგდო. ტომის გარეშე სელტიქსმა ვერ ივარგა. აუერბახმა ჰეინსონს უბანში მიაკითხა. ჰეინსონი ძმაკაცებთან ერთად ვარჯიშობდა. თან ეწეოდა. და სელტიქსის კეპი ეხურა.
2. ჯიმ ლოსკუტოვი
ჩეკერები ჰოკეიში უფრო ჩანან, იქ უფრო მეტ ბონუსს იღებენ, უფრო მაგარ გოგოებს ხსნიან. ჩეკერი ნიჭიერი და დაუნდობელი პერსონაჟია, რომელიც ხუთეულში სხვისი ხუთეულის დაშლის გამო დგას. ჩეკერი იცავს თავისი გუნდის ყველაზე საჭირო, ნიჭიერ მოთამაშეს და ჩეკერმა უნდა დაუღრინოს მეორე გუნდს. მარტი მაქსორლი უეინ გრეცკის იცავდა. სელტიქსში ჯიმ ლოსკუტოვი ჩეკერი იყო. პოპულარული, მხიარული, მშვიდი ჩეკერი.
ლოსკუტოვის სტატისტიკა – 3 156 (6.2) ქულა, 2 848 (5.6) მოხსნა, 353 (0.7) პასი.
უილტ ჩემბერლენმა ერთ სეზონში (1960/61) 2 149 მოხსნა დაირტყა. ლოსკუტოვზე 699 მოხსნით ნაკლები. ლოსკიმ თავისი მოხსნები 9 სეზონში დააგროვა. ჩემბერლენის ერთი სეზონი ლოსკუტოვის კარიერაზე კარიერულია.
უილტ ჩემბერლენმა ერთ სეზონში (1961/62) უფრო მეტი ქულა (4 029) დაირტყა, ვიდრე ლოსკუტოვმა მთლიანად.
უილტ ჩემბერლენმა ერთ სეზონში (1963/64) უფრო მეტი პასი (403) დაარიგა, ვიდრე ლოსკუტოვმა 9 სეზონში.
უილტ ჩემბერლენი ორჯერ (1967, 1972) გახდა ჩემპიონი.
ლოსკუტოვი შვიდჯერ (1957, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964) იგებს ფინალს.
ჩემბერლენი კალათბურთის ფლეიბოი იყო.
ლოსკუტოვი ჩემბერლენს აბნევდა. დაბნეულ უილტზე დასვენებული ბილ რასელი გადადიოდა და უფარებდა. ან ჩემბერლენი შეცდომას უშვებდა.
ლოსკუტოვმა თავისი ითამაშა. ჯიმი ვერ გახდა მილიონერი და სელტიქსის სქემაში სულ საჭირო, შეუცვლელი პერსონა იყო. რედ აუერბახმა ერთ-ერთი მოგებული ფინალის მერე მოჭრა, ბილ რასელი სელტიქსის გული და ჯიმი რასელზე საჭირო მოთამაშეაო. აუერბახმა გაარტყა. აუერბახი შეცდომებს თითქმის არ უშვებდა.
ჯიმი ლოსკუტოვი (196 სანტიმეტრი) დაიბადა 81 წლის წინ. NBA-ში იყო ცხრა სეზონი. შვიდჯერ ჩემპიონი გახდა.
3. რაჟონ რონდო
სელტიქსი ასაკშია. იმ მძლეოსანივით არის, სეზონში ერთ დიდ ტურნირზე რომ უნდა დაგლიჯოს და სხვაგან არ გამოდის. სხვაგან გამოსასვლელი ენერგია აღარ არის. სელტიქსიც გასავარდნი ეტაპისთვის ემზადება. თუ შეასრულებს, ვინმეს გააგდებს. ჩამოჯდება, ლიმონათს მოწრუპავს და იქვე ერთ ცელქ ახალგაზრდას გადახედავს. ის ახალგაზრდა არ იღლება. დარბის, დარბის, უბანში წერილებს არიგებს და არ აგვიანებს. კარლ მელოუნის შემდეგ, ყველაზე მოწესრიგებული ფოსტალიონია. ახალგაზრდამ ადრე, კენტაკიში მამა ვერ იცნო. მამიკომ ვიღაც მეძავის გამო მიატოვა ოჯახი და იმ მეძავმაც რომ გამოაგდო, სახლში დაბრუნდა. დედა ავად იყო და კარი შვიდი წლის ბიჭმა გააღო. მამიკომ ყვითელი კბილებით გაუცინა. შვილს შეეშინდა, კარი მიუჯახუნა. შვილმა მამა ვერ იცნო. მერე უბნელებმა მამა სახლში არ შეუშვეს. შვიდი წლის ბიჭი რაჟონ რონდო იყო.
დღეს რონდო შიშზე აცრილია. შერბის სამწამიანში და იქ დუაიტ ჰოვარდს მოხსნას ახევს. ადის პერიმეტრზე და კობი ბრაიანტს აწუხებს, ბურთს პარავს, კობის ნერვებზე თამაშობს. გასახდელში კევინ გარნეტს კოპერფილდის ფოკუსებს უტარებს. ქეი ჯის მოსწონს პატარა ლაწირაკი. რონდო ყველას მოსწონს. სამი წლის წინ გახდა ჩემპიონი გარნეტთან, პირსთან და რეი ალენთან ერთად. და რონდო ბოსტონისთვის იმაზე ბევრს აკეთებს, ვიდრე უნდა გააკეთოს.




