ვენეციის კომისიის წევრები საარჩევნო კოდექსის პროექტის დახვეწას იმედოვნებენ

ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა , თბილისში 2 დღის მანძილზე გამართული შეხვედრების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ახალმა საარჩევნო კოდექსმა  გაუმჯობესება უნდა განიცადოს. თომას მარკერტის  განცხადებით,  ამჟამად წარმოდგენილი პროექტი   შეიძლება დაექვემდებაროს შემდგომ ცვლილებებს, რადგან ODIHR–სა და ვენეციის კომისიის მიერ ადრე გამოთქმული ზოგიერთი  შენიშვნა   მასში ასახული არ არის . მათ შორის  შენიშვნები   პატიმრისთვის საარჩევნო უფლების მიცემის, მაჟორიტარულ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობისა და  პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის შესახებ. 

ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის  ექსპერტები პროექტზე საბოლოო, ერთობლივ დასკვნას ვენეციის კომისიას 16–17 დეკემბერს  წარუდგენენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ახალ საარჩევნო კოდექსს არ მიიღებენ.

აღნიშნულის გარდა , ვენეციის კომისიის მდივანმა განმარტა, რომ  თბილისში გამართულ შეხვედრებზე განიხილებოდა საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხებიც(, რომლის დაკომპლექტების მოქმედი წესიც საარჩევნო კოდექსის პროექტში არ იცვლება) სარჩევნო კამპანიის დაფინანსებასთან,  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების  შემცირებასთან ,  საჩივრებსა და დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.

“აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს მზადყოფნა  შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას საარჩევნო კოდექსის შესაძლო შესწორებისკენ, რათა მეტად შესაბამისობაში მოვიდეს პროექტი იმ მოთხოვნებთან, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია საარჩევნო კანონმდებლობის მიმართ“ – განაცხადა თომას მარკერტმა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად,  საარჩევნო კოდექსის პროექტში აღარ  არის  საარჩევნო უბნებში ვიდეო–სათვალთვალო კამერების დამონტაჟების დებულება,  ამოღებულია ამომრჩეველთა მარკირების წესიც,  ოპოზიცია კი  ამ დებულებების  დატოვებას ითხოვს.

თომას მარკერტმა  აღნიშნა, რომ  აღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული „ხარვეზები“ არსებობდა და სხვა გზები უნდა გამოიძებნოს  მათ ჩასანცვლებლად.“ვფიქრობ, გრძელვადიანი გადაწყვეტა ბიომეტრიული მონაცემებით იდენტიფიცირება იქნება, მაგრამ ამას ალბათ უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე შემდეგ არჩევნებამდეა დარჩენილი,“– განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

კომენტარები