Man Booker Prize 2011

ჯულიან ბარნსის Happy Ending-ი

REUTERS
18 ოქტომბრის გვიან საღამოს ლონდონში, გილდჰოლის ისტორიული შენობა ლიტერატურულ ვნებათაღელვას მოეცვა: იქ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, გავლენიანი და მდიდარი ლიტერატურული კონკურსის, Man Booker Prize-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 

Man Booker Prize ბრიტანული მოვლენაა და ჯილდოს – ანუ პრესტიჟს, გავლენასა და ფულს – 1969 წლიდან დღემდე, ყოველ წელს, ინგლისურ ენაზე დაწერილი საუკეთესო რომანისთვის, ერთა თანამეგობრობის
წევრი ქვეყნების, ირლანდიის რესპუბლიკისა ან ზიმბაბვეს მოქალაქე-ავტორებს გადასცემს.  

ბუკერი მწერლისთვის, მისი აგენტისა და გამომცემლისთვის სულ ცოტა იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის მანძილზე წიგნს დახლებზე არავინ მოასვენებს; ხოლო ისეთი ქვეყნის მკითხველისთვის, როგორიც
საქართველოა, შანსს, რომ წიგნი ან ავტორი მანაც გაიცნოს ან სულაც – ადგილობრივი გამომცემელი მისი თარგმნით დაინტერესდეს. ამის მაგალითებია უილიამ გოლდინგი (1980 წელს დაჯილდოებული რომანისთვის „საზღვაო რიტუალები”), სალმან რუშდი (1981 წელი, რომანისთვის „შუაღამის ბავშვები”) და 2003-ში გამარჯვებული დი ბი სი პიერი, ნაწარმოებისთვის „ვერნონ გენიუს ლითლი”, რომლის ქართული თარგმანის ავტორს ქეთი ქანთარიას, სწორედ ამ წიგნისთვის პრემია საბა აქვს მიღებული ნომინაციაში – წლის საუკეთესო დებიუტი.  

18 ოქტომბრის ღამეს, ბუკერის პრემიის მფლობელი ჟიურისა და ამ წერილის ავტორის ფავორიტი, 65 წლის ინგლისელი მწერალი ჯულიან ბარნსი გახდა. ის ამ სტატუსისთვის მანამდე სამი სხვადასხვა რომანით სამჯერ იყო ნომინირებული – 1984 („ფლობერის თუთიყუში”), 1998 („ინგლისი, ინგლისი”) და 2005 („არტური და ჯორჯი”) წლებში.  2011 წელს კი ამავე წელს გამოცემული რომანისთვის (ბუკერს 1971 წლიდან წესი აქვს ასეთი, რომ რომანი დაჯილდოების წელსვე უნდა იყოს გამოსული), სახელად „დასასრულის შეგრძნება” (The Sense of an Ending) 50 ათასი ფუნტი მიიღო. გარდა ამისა, ბარნსს, ისევე როგორც შორტლისტში მოხვედრილ დანარჩენ ხუთ ავტორს, კიდევ 2 500 ფუნტი და საკუთარი წიგნის საგანგებოდ შექმნილი ერთი ეგზემპლარი გადასცეს.

 „დასასრულის შეგრძნება” ლესტერში დაბადებული და ლონდონში მცხოვრები ბარნსის მეთერთმეტე რომანია. სულ რაღაც 150-იოდე გვერდიანი ტექსტი, რომელიც განქორწინებული შუახნის კაცის, ერთობ მოსაწყენი ცხოვრების მქონე არტ-ადმინისტრატორის, ტონი ვებსტერის მონათხრობია ბავშვობის მეგობრობასა და მეხსიერების ნაკლოვანებებზე – იმაზე, თუ როგორ ვცვლით ხოლმე წარსულს, ჩვენს აწმყო კეთილდღეობას რომ მოვურგოთ...  

ლიტერატურული კრიტიკოსები რომანს უკვე ისეთი ეპითეტებით ამკობენ, როგორებიცაა „დახვეწილად დაწერილი, სათუთად მოფიქრებული სიუჟეტით, ყოველი წაკითხვისას ახალ-ახალ სიღრმეებს აღმოგაჩენინებთ”; ან: წიგნი „ახერხებს ჭეშმარიტი სასპენსი შექმნას, როგორც, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიურ დეტექტივებშია”; ან კიდევ: „ეს წიგნი 21-ე საუკუნის კაცობრიობასთან დიალოგში შედის”.
სანამ ეს შეფასებები კიდევ უფრო დაიხვეწება და Daily Telegraph-ის, New York Times-ის თუ The Times-ის წიგნების განყოფილების გვერდებიდან ბარნსის რომანის მომდევნო გამოცემების გარე თუ შიდა ყდებზე გადაინაცვლებს, მანამდე თამაშგარე დარჩენილი ავტორები, აგენტები და გამომცემლები არ დაიღლებიან Man Booker Prize-ის კრიტიკით. არაა გასაკვირი, ამ რანგის კონკურსს ბევრი არაკეთილმოსურნე რომ ჰყავს და მის ირგვლივ სულ სკანდალია. სხვათა შორის, ოდესღაც თვით ჯულიან ბარნსსაც უთქვამს: „[ბუკერი] გამომცემლებს იმედით აგიჟებს, წიგნის გამყიდველებს – სიხარბით, ჟიურის – ძალაუფლებით, გამარჯვებულებს – სიამაყით, წაგებულებს კი შურითა და იმედგაცრუებით”. და, სხვათა შორის, ზუსტად ამ წერილში, 1987 წელს ბარნსმა ბუკერს „გაპრანჭული ბინგო” („posh bingo”) უწოდა. ახლა, როცა ამ „ბინგოს” მფლობელი თავად მახვილგონიერი მწერალი გახდა, ყველა არაკეთილმოსურნე (და კეთილმოსურნე) ამ ფრაზებს იხსენებს. 

არაკეთილმოსურნეების რიცხვი და ხარისხი კი წელს იმდენად გაიზარდა, რომ ბუკერის ჟიურის თავმჯდომარე, დეიმ სტელა რიმინგტონი მათ КГБ-ს ადარებს, საგამომცემლო სამყარო რუსულ საიდუმლო სამსახურს ჰგავს „შავი პროპაგანდის, დესტაბილიზაციის ოპერაციების, შეთქმულებებისა და ორმაგი აგენტების” გამოო. კრიტიკოსთა ძირითადი ბრალდება ისაა, რომ ჟიური კომერციულ და „კითხვად” წიგნებზე აკეთებს არჩევანს და არა „ჭეშმარიტ” ლიტერატურაზე, რაზეც ჟიურის წევრები სამართლიანად პასუხობენ – კარგი წიგნი ყოველთვის კითხვადიაო. მსგავსი კინკლაობები დიდი კონკურსების ტრადიციული თანამდევი მოვლენებია. ბოლო-ბოლო, ბუკერი ხომ იმას წყვეტს, რას წაიკითხავს მომხმარებელი, სულ მცირე, მომდევნო ერთი წლის მანძილზე?! ცხადია, ჯულიან ბარნსს. 

18 ოქტომბრის ღამეს არა მარტო გილდჰოლში, არამედ Twitter-შიც დიდი ვნებათაღელვა იყო. ჯულიან ბარნსი ეგრევე ტრენდი გახდა, სხვაგვარად – ათიდან ერთი ყველაზე ხშირად ხმარებული სიტყვათაშეთანხმება Twitter-ზე. თანაც არა მარტო დიდი ბრიტანეთის ან ლონდონის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ბუკერის მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს და ლიტერატურული მოვლენისთვისაც დიდი ამბავია,  მაშინ როცა Twitter-ის ტრენდები ხდებიან: ჯასტინ ბიბერი, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში (ოთხ წელიწადში ერთხელ), iPad-ი, ოსკარები (როცა არის), ლიბია (როცა ყველაზე ცხელი პუნქტია), იაპონიის მიწისძვრა (მარტში), სტივ ჯობსი (სევდიანი მიზეზის გამო), ოსამა (როცა მოკვდა), ობამა (როცა ოსამა გაანადგურა)... ერთი სიტყვით, ის ყველაფერი, რაც ქართველ მომხმარებელთა იმ ნაწილამდეც  უპრობლემოდ აღწევს, რომელიც ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტს არც კი მიმართავს.

ნაწილობრივ, ამიტომაც გადავწყვიტეთ, ოქტომბრის ღამეს, ლონდონში გამართულ ლიტერატურულ ფენომენზე ცოტა რამ დაგვეწერა. 

კომენტარები