მანჩესტერ იუნაიტედი

ხავიერ ერნანდესის ახალი კონტრაქტი

პრემიერლიგის ბოლო ტურში შინ, თანაქალაქელ სიტისთან 1:6 განადგურების შემდეგ ინგლისის 19-გზის ჩემპიონმა მანჩესტერ იუნაიტედმა მექსიკელ თავდამსხმელ ხავიერ ჩიჩარიტო ერნანდესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა: 23 წლის ფეხბურთელი 2015-16 წლების სეზონის ჩათვლით დარჩება კლუბში. ”ბედნიერი ვარ, ასეთ დიდ გუნდში რომ ვთამაშობ! პირველივე სეზონში ჩემპიონი გავხდი და ვიმედოვნებ, მომავალ წლებში კიდევ არაერთ ტიტულს მოვიგებ,” - განაცხადა ხავიერ ერნანდესმა.

”ჩიჩარიტო ნიჭიერი ფორვარდია და კარგია, მანჩესტერ იუნაიტედში დარჩენა რომ გადაწყვიტა. ჩვენთან სადებიუტო სეზონში მასავით კარგად მხოლოდ ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ითამაშა და ძალიან გამიხარდება, თუ მექსიკელიც ისეთივე წარმატებული იქნება ოლდ ტრაფორდზე, როგორც ნირვეგიელი იყო,” - პრესკონფერენციაზე სერ ალექს ფერგიუსონმა ერნანდესი სკანდინავიელ თავდამსხმელ სოლსკიაერს შეადარა, რომელიც 1996-2007 წლებში თამაშობდა იუნაიტედში და 366 მატჩში 126 გოლი გაიტანა.

ხავიერ ერნანდესი 2010 წლის ზაფხულში გადაბარგდა ოლდ ტრაფორდზე მექსიკის გვადალახარადან, მას შემდეგ კი ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 55 მატჩში 23 გოლი შეაგდო. გასულ სეზონში ჩიჩარიტო პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზა.

 

 

კომენტარები