ენ-ბი-ეი: სან ანტონიო

სკოლა მორჩა, გაკვეთილი იწყება

სან ანტონიო მშვიდი გუნდია. მოსაგებს ადრე უფრო იგებდა. ადრე გრეგ პოპოვიჩი უკეთესი, უფრო მოძრავი ტიმ დანკანით იგებდა. ტიმი უკვე იშიფრება, იღლება, მეოთხედ-ნახევარს ძლებს და დგება. ემანუელ ჯინობილი კალათბურთია. სხვაგან, არა ტექსასში, უფრო იპიჟონებდა, ნაკლებ ტრავმას მიიღებდა. ჩემპიონიც ვერ გახდებოდა. სან ანტონიოში მანუ პეტ მეთენია. ტონი პარკერი ისევ ცელქობს. თავისი ჯიხურიდან მეორე ჯიხურამდე ყველაზე სწრაფად მიაქვს ბურთი და იქ, მეორე ჯიხურთან გამყიდველს ეგრევე ღლის და უსრულებს. ტონი მომავალია. წარსულში დარჩენილი მომავალი. 

პოპოვიჩს სიმაღლესთან ერთად ნიჭი უნდა. ეს ორი ინგრედიენტი დიდი დოზით იყო დევიდ რობინსონში. ტიმიმ სან ანტონიოს ტრადიცია და მოგების მუღამი აჩუქა. წამსვლელი სოლოისტი, მისტერ დანკანი ტიაგო სპლიტერმა უნდა შეცვალოს. რთული გასაქაჩია. ტიაგო არ არის ტიმი. ტიაგო სპლიტერია. 

შარშან, თურქეთში სპლიტერზე წავედი. არგენტინასთან ბრაზილიამ ინერვიულა და უკეთესი ხალხით, ლუის სკოლა ვერ დაშალა. ბრაზილია წინა ტესტებში სამწამიანში სპლიტერს ენდობოდა და არგენტინასთან ნდობა მორჩა. ტიაგო მოქანდაკის ცაცია გახდა. მარჯვენა ხელი ანდერსონ ვარეჟაოა. სკოლამ ვარეჟაოს მარკ ნოპფლერის Why Worry ჩაურთო, ვარეჟაომ თავი კარიბის ზღვის სანაპიროზე, კარე ოტისთან წარმოიდგინა, მოდუნდა და არგენტინამ მოიგო. სპლიტერის ნდობა 25 წუთში ჩაჯდა. ტიაგომ 10 ქულა და 7 მოხსნა აკრიფა. ვარეჟაომ 34 წუთში 7 ქულა და 5 მოხსნა წამოიღო. სუსტი დაცვით, ოთხიდან სამი არაზუსტი საჯარიმოთი, სკოლას კომპლექსით. არგენტინამ სკოლათი გადაჯოკრა. ბოლო ზარისთვის სკოლა 37 ქულით დაიხურა. ბრაზილიამ 89:93 წააგო. 

მანამდე სპლიტერმა ამერიკელებთან წაივარჯიშა. კევინ დიურანის, დერიკ როუზის, სხვა კარგი ბიჭების უბანში სპლიტერმა ბოდიში მოიხადა, ჩამოჯდა, სიტუაციას დააკვირდა. რაც ცუდად იდო, ყველაფერი წამოიღო და ბრაზილიამ ამერიკელებს კინაღამ მოუგო. ბოლო მეოთხედი 9:9 მორჩა და სპლიტერის ბანდას ლეანდრო ბარბოსაზე უკეთესი ჩამგდები რომ გამოეწერა, ბრაზილია ფავორიტს მოუგებდა. სპლიტერით მოუგებდა. ტიაგომ 30 წუთში 13 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაირტყა. 12 სროლიდან ნახევარი ჩასვა, არ დაღლილა. დიურანის გარჩევებში არ იყო ვარეჟაო. ბოლომდე მზად არ იყო. ვარეჟაოს გარეშე, ერთი სპლიტერით ბრაზილია სკოლას დაკეტავდა. 

სან ანტონიოში სპლიტერი სულ ჩანახატებს აკეთებს. იმახსოვრებს, პეტ მეთენისგან აკორდებს იღებს, პარკერისგან – ჯიხურიდან მოტეხილ გამ-გამებს. სპლიტერი მშვიდია და ახალ სან ანტონიოში ეს სიმშვიდე ვეღარ გაჭრის. პოპოვიჩის გუნდი ძველი, ლარი ბრაუნის დეტროიტის მოდელზე გადადის. დაუნდობელი დაცვა და სიმაღლე. დეტროიტში შიდი უოლასი, ბენ უოლასი და ანტონიო მაკდაიესი ტოვებდნენ ჭრილობებს. სან ანტონიოში ტიმი, მაკდაიესი, იმპოტენტი გრიზლი დეხუან ბლერი და სპლიტერი დარჩნენ. რეგულარულში ტიაგომ 4.6 ქულა და 3.4 მოხსნა შეკრა. გასავარდნ ეტაპზე – 6.7 ქულა და 4.7 მოხსნა. ცოტა და ცუდია. სპლიტერში ყველაფერი ეს მეტია. სპლიტერის ტვინში ცოტა მკვდარი უჯრედია. ცოცხალი უჯრედები ცოცხლებმა უკეთ უნდა გამოიყენონ. რეგულარულამდე ტიაგოს უნდა დიდი დოზით ჯონ უეინი და ელის კუპერი. School’s Out! 
სკოლა მორჩა, ახალი გაკვეთილი იწყება. 
 

კომენტარები