ძიუდო

ლიპარტელიანმა ოქროს გემო არაბეთში გაიხსენა

აბუ დაბიში ძიუდოს დიდი პრიზის გათამაშება დასრულდა. ამ პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ამირან პაპინაშვილის ბრინჯაოს, მოგვიანებით ვარლამ ლიპარტელიანის ოქროსა და ზვიად ხანჯალიაშვილის ბრინჯაოს მედლები დაემატა. შეჯიბრება სამ დღეზე იყო გადანაწილებული.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა ლიპარტელიანმა ტურნირი მოიგო. უნიჭიერეს და ქართული ძიუდოს ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული სპორტსმენი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ იგებდა მნიშვნელოვან შეხვედრებს და შესაბამისად ვეღარც შეჯიბრებებს. ამჯერად  მობილიზება შეძლო და ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა. ეს საბოლოოდ დიდი პრიზის მოგებით დასრულდა. ამასთან ერთად, მას 200 სარეიტინგო ქულაც დაერიცხა, რამაც მსოფლიო კლასიფიკაციაში მისი წინსვლა უნდა განაპირობოს.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში მაროკოელი ელ ასსრი წმინდად დაამარცხა. ამას იაპონელი რიოჰეი ანაის დაიპონებაც დაუმატა და მეოთხედფინალში გადავიდა. იქ მისი მეტოქე უკრაინელი რომან გონტიუკი იყო, ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ნამ-დაე სონგს შეერკინა და სუფთაზეც დააგდო. ოქროს მედლისათვის შეხვედრაში ლიპარტელიანის მოწინააღმდეგე მისთვის კარგად ნაცნობი შვედი, ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი იყო, რომელსაც ვაზარი აკმარა.

ბრინჯაოს მედლით დაასრულა დიდი პრიზი ზვიად ხანჯალიაშვილმა. მძიმეწონოსანმა ქართველმა სამი დაპირისპირება მოიგო. ნახევარფინალში კი ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, სამხრეთკორეელ მინ-სუნ კიმთან დამარცხდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაისაკუთრა.

კომენტარები